ავტორი:

რა ვითარებაა თსუ-თან, სადაც ცოტა ხნის წინ მომიტინგეებმა კარვები გაშალეს - ცნობილია ოპოზიციის გეგმაც (ფოტო, ვიდეო)

რა ვითარებაა თსუ-თან, სადაც ცოტა ხნის წინ მომიტინგეებმა კარვები გაშალეს - ცნობილია ოპოზიციის გეგმაც (ფოტო, ვიდეო)

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები მიიტანეს.

ამ დროისთვის, ადგილზე ორი კარავია გაშლილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდება და ბოლომდე ტერიტორიაზე დარჩებიან.

  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათთვის პრინციპული იყო იმ ტერიტორიაზე დაბრუნება, რომელიც აქციის მონაწილეებს დღეს დილით სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე დღეს ღამეც დარჩებიან. ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკან დახევას არც ერთი ნაბიჯით აპირებს.

"თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგი, ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვართ აქ, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე.

ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, ჩვენ დავიცავთ ყველა მოქალაქეს, მოვუფრთხილდებით მათ. არ დავიხევთ არც ერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა წინ, გაიწევა პოლიცია, გაიწევა "ოცნებაც" და გაიწევა რუსეთიც ამ ქვეყნიდან. იმიტომ, რომ თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით, მაშინ ჩვენ სხვა გზა არ გაქვს" - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მიმართა პოლიციას, დააბრუნოს ტექნიკა, რომელიც აქციის მონაწილეების კუთვნილებაა და მათ უკანონოდ წაართვეს. აღნიშნული განცხადება გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"პარკინგზე იდგა ჩვენი „პიკაპები“, სადაც დატვირთული იყო ტექნიკა. როდესაც დავინახეთ, პოლიცია მოდიოდა, ჩვენ ავაგროვეთ ეს ყველაფერი, რათა დაგვებინავებინა და შემდგომში გამოგვეყენებინა. ახლა, ეს ტექნიკა და „პიკაპები“ უკანონოდ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, როგორც გვითხრეს, „პეპელას“ ტერიტორიაზე. მოვითხოვთ, დაგვიბრუნოთ ჩვენი ტექნიკა იმიტომ, რომ ეს არის მორიგი უკანონო ქმედება თქვენი მხრიდან და ეს უკანონო ქმედება უნდა იყოს აღკვეთილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდობიან მომიტინგეებს, დემონსტრანტებს ძალას ნუ უპირისპირებთ, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხი.

დღეს, ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს და მერწმუნეთ,სწორედ ჩვენ გამძლეობაზეა დამოკიდებული...ბევრი მოდიხართ და მეკითხებით, რას იზამს დასავლეთი, ჯერ კითხვა უნდა დავსვათ, რას ვიზამთ ჩვენ და მერე უნდა დავსვათ კითხვა, რას იზამს დასავლეთი. როცა ჩვენ ვიზამთ, მერე დასავლეთიც იზამს. როცა ჩვენს ბრძოლას დაინახავენ, ყველა ჩვენ გვერდით დადგება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იქმნება ყალბი საინფორმაციო გვერდები, ამიტომ საზოგადოებას მოუწოდა, ენდონ მხოლოდ პარტიების ოფიციალურ გვერდების გავრცელებულ ან მედიასაშუალებით პირდაპირ ეთერში გადაცემულ ინფორმაციას.

აქციის მონაწილეები დღეს მთელი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, რომლის ნაწილიც სამართალდამცავების ჰქონდათ დაკავებული. პოლიციის მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს.