"ეს პროტესტი საერთოა, მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი, ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი. ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, ჩვენ არც მხოლოდ თბილისის პროტესტი ვართ, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი და არა მარტო დღევანდელი თაობების, ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობების პროტესტი. ამიტომ მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას“, რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტი აღიარებული, არა მხოლოდ ჩვენი უცხოელი თანამეგობრობის მიერ, არამედ ქართველი ხალხის, თუნდაც თბილისის მიერ აღიარებული პარლამენტი.
გელოდებით ყველას, ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ განძრევის საშუალებას "ქართულ ოცნებას“, მის გაყალბებულ პარლამენტს, მის მოგონილ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს. ჩვენ მივდივართ ევროპაში. მივდივართ ვარაზისხევის, გმირთა მოედნის, სანაპიროების, ქუთაისის, ბათუმის, ყველა იმ გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველა გზას დავიჭერთ ჩვენ, არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ არცერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.