"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შეთავაზებით ბიძინა ივანიშვილისგან სიგნალები მიიღეს. გვარამიამ საუბარი ამ თემაზე მაშინ დაიწყო, როდესაც წამყვანმა კითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის - 25 ნოემბრის - დასახელების თაობაზე.
"მსგავსი რამ "ქართულ ოცნებას" ვერ გადაარჩენს, თუ არადა, ბატონ კობახიძეს მოვუყვებით, როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება. ახლა კობახიძეს ვიდრე არ მოჰბეზრდება, იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები. რა თქმა უნდა, არავითარი მოლაპარაკება "ქართულ ოცნებასთან“ არ იქნება. მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე - ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, კობახიძე არავის არ აღელვებს, საიდანაც გინდა, იქიდან ააორთქლოს ბიძინა ივანიშვილმა“, - თქვა ნიკა გვარამიამ და დაამატა, რომ "არავითარი ვაჭრობა არ იქნება".
რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილისთვის უცნობია, თუმცა იმაში დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ძალაუფლებას თუ დასჭირდა, ის ნებისმიერს "ჩარეცხავს“.
"არ ვიცი, გვარამიას ეს ინფორმაცია რამდენად რეალურია, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ თავისთავად, ბიძინა რომ ყველაფერს ეცდება, ყველას გაწირავს, საერთოდ რომ არ თვლის ადამიანებად, კობახიძე იქნება თუ სხვა ნებისმიერი, მის ძალაუფლებას თუ დასჭირდა, ნებისმიერი შეიძლება "ჩარეცხოს". არაერთხელ გვინახავს, როდესაც მას ძალაუფლების გამო ასეთი შეწირვები გაუკეთებია, დასჭირვებია და მერე ისევ უკან დაუბრუნებია. აქ მარტო კობახიძეში ხომ არაა პრობლემა? ამიტომ გასაგებია, რომ ასეთ სისულელეზე არც არავინ დათანხმდება. ძალაუფლების ანატომია გასაგებია, პრობლემა არის სისტემაში და სისტემის თავში არის ერთადერთი ადამიანი - თვითონ ივანიშვილი.
მანკიერების სათავე სხვაგან არის. მე ამ თემაში ღრმად არ შევიდოდი, არ ვიცი ეს ინფორმაცია რეალურია თუ არა და დაუდასტურებელი ინფორმაციის ანალიზის კეთება არ მგონია მთლად სწორი იყოს. დაშვებებით სადამდე უნდა ვილაპარაკოთ, რეალური პრობლემები ცოტა გვაქვს თეორიულ დისკუსიებში რომ არ შევიდეთ?
ახლა ოპოზიციამ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა, რომელიც არის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. იმ დროს, როდესაც გაქვს იმის განცდა, რომ არჩევანი წაგართვეს და ძალაუფლების უზურპაცია მოხდა, რა თქმა უნდა, დაუმორჩილებლობა ლეგიტიმური ფორმაა, თუმცა მის ორგანიზებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება, რთულია ამის გაკეთება. თავს შევიკავებ წინასწარ პროგნოზირებაზე, რა გამოვა და როგორ იქნება, უნდა მივყვეთ მოვლენებს და ყველაფერი გამოჩნდება.
დღეს ჩიხია და იქიდან გამოსავლის პოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჩიხში როდესაც შედიხარ, მხოლოდ გარკვეული კომპრომისების საფუძველზე შეიძლება იქიდან გამოსვლა. როდესაც გზაჯვარედინზე ორი მანქანა ერთმანეთის პირისპირ დგება და გვერდის ასაქცევი არ არის, ერთადერთი ვარიანტია ორივემ უკან დაიხიოს, რაღაც მანევრი მოიფიქრონ ერთად, ცალ-ცალკე ვეღარაფერს იზამენ.
ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციაში მისგან დათმობებს არ ველოდები. ბიძინა აღიარებს მხოლოდ დიდ ძალას, იმაზე დიდს, რომელსაც თვითონ ფლობს. ამ ძალის ფორმირება თუ მოხდა, ამაზე სჯობს, მერე ვილაპარაკოთ".
იხილეთ ასევე: