აფხაზური ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელი, ადგურ არძინბა ეხმიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარს, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზებს ბოლო დღეებში მიმდინარე პროტესტის დროს
"სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ეროვნული მითოლოგიით ხელმძღვანელობს და არა რეალობითა და საღი აზრით, მინდა შევახსენო, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, ეროვნულ ინტერესებს და განვითარების მიმართულებებს. აფხაზეთის ხალხი არის აბსოლუტურად ერთიანი ჩვენი კონსტიტუციის ძირითად დებულებებში, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით.
ამ მხრივ, გაურკვეველია, ვის მიმართ არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ქვეყანაში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზე. ასევე, გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის. ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის, არის 100% ტყუილი და პროვოკაცია.
რუსეთთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმართული კურსი ურყევი რჩება, ისევე როგორც ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები და ურთიერთდახმარება“, - წერს არძინბა.
მისი მტკიცებით, აფხაზეთის ოპოზიცია "შიდა პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს მხოლოდ აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.
"მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი და, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს დიდად არ გვაინტერესებს. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს მიწაზე წესრიგის აღსადგენად და ამისთვის ნამდვილად არ გვჭირდება არცერთი პოლიტიკური მოღვაწის სოლიდარობა ენგურის მეორე მხარეს“, - წერს არძინბა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონში საზოგადოება წინ აღუდგა რუსული კანონის გატარებას: "ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა