ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა. სხდომის განახლებისას ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ინციდენტის გამო, რომელმაც სხდომის დროებით შეწყვეტა გამოიწვია.
"ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები პროცესს ვერ შეაჩერებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.
პარალელურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები არიან შეკრებილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის ფონზე წარიმართოს, ვინაიდან ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ.
ადგილზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოსა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მხარდამჭერები არიან, ასევე აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა მოძრაობის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.
„აქ მდგომი მოქალაქეები ქვეყნის მომავალს იცავენ, იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც არჩევნები მიიტაცა და ყველა უწყებასთან 3-4 მეტრიანი რკინის ღობეები აღმართა. ხელისუფლება, რომელიც არაფრის გაფუჭებას არ აპირებს არ სჭირდება ამხელა ღობეები, მოქალაქეებისგან თავდაცვისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელია მობილიზებული.
წაიკითხეთ ასევე: