ავტორი:

"რას იჭიმები, ქუჩაში ხომ არ გგონია შენი თავი? " - დაპირისპირება ცესკოში: დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა

"რას იჭიმები, ქუჩაში ხომ არ გგონია შენი თავი? " - დაპირისპირება ცესკოში: დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა

ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

  • მას შემდეგ, რაც კირთაძეს სხდომაზე სიტყვა არ გააგრძელებინა, მან გიორგი კალანდარიშვილს, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა.

"რეგლამენტით გათვალისწინებული ორი წუთი ამოგეწურათ, სად არის ეგრე, რომ დაგასრულებინოთ? თქვენი ეს გამოსვლა და პოლიტიკური არ უკავშირდება შემაჯამებელ ოქმს. რას იჭიმები აქ, ქუჩაში ხომ არ გგონია შენი თავი? არ გასრულებინებ! მიბრძანდით, კარგად ბრძანდებოდეთ!“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.

"რეგლამენტის დაცვა თუ გინდოდა, სხვა რამეში დაგეცვა. შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა. შენი რეალური სახე რა არის გითხრა, ეს შავი ლაქა" - მიმართა კირთაძემ კალანდარიშვილს და სავარაუდოდ, საღებავი შეასხა.

  • პარალელურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის ფონზე წარიმართოს, ვინაიდან ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ.

ადგილზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოსა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მხარდამჭერები არიან, ასევე აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა მოძრაობის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

„აქ მდგომი მოქალაქეები ქვეყნის მომავალს იცავენ, იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც არჩევნები მიიტაცა და ყველა უწყებასთან 3-4 მეტრიანი რკინის ღობეები აღმართა.

ხელისუფლება, რომელიც არაფრის გაფუჭებას არ აპირებს არ სჭირდება ამხელა ღობეები, მოქალაქეებისგან თავდაცვისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელია მობილიზებული.