თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია.
"თსუ-ს სტუდენტებს გვქონდა საორიენტაციო შეხვედრა იმისთვის, რომ გაგვერჩია, როგორ გამოგვეხატა სოლიდარობა ბათუმელი სტუდენტების მიმართ. არაფერს არ ვაპირებდით, უბრალოდ უნივერსიტეტში გვინდოდა შესვლა, რომ საერთო ფოტო გადაგვეღო და რაღაც დაგვეწერა. არც გამაგრებას და არც პიკეტირებას არ ვაპირებდით და აღმოჩნდა, რომ კარი ჩაკეტილია 10 სტუდენტისთვის, რომელსაც დროშა უკეთია და აქციიდან მოდიან. არც ლექტორები არ შეუშვეს, რატომღაც აღმოჩნდა, რომ ამ დროს უნივერსიტეტი იკეტება.
ჯერ გვითხრეს, რომ რაღაც კლიპს იღებენ და ვერ შეგვიშვებენ, მერე გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი იკეტება”, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტმა, ანანო სანიკიძემ.
არსებული ინფორმაციით, თსუ-თან გამართულ პროტესტს შემოუერთდებიან ჯგუფ “დაიტოვეს” აქციის მონაწილეებიც.
უნივერსიტეტის ეზოში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.