ავტორი:

90-იანი წლების ესტრადიდან საჯარო უწყებაში: რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი ჯგუფის "ფლეშის" წევრი - "მეუღლე არქიტექტორია, ჩემი შვილები სტუდენტები არიან"

90-იანი წლების ესტრადიდან საჯარო უწყებაში: რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი ჯგუფის "ფლეშის" წევრი - "მეუღლე არქიტექტორია, ჩემი შვილები სტუდენტები არიან"

90-იან წლებში ჩვენში ჯგუფი "ფლეში" გამოჩნდა, რომელიც იმ რთულ დროს მაყურებელმა მალევე შეიყვარა. ჯგუფის წევრები თავიდან ხუთნი იყვნენ - ბადრი გაბიცინაშვილი, არჩილ ბურჭულაძე, არჩილ ჭოტაშვილი, დათო ხუჯაძე და ანდრო მელაშვილი...

პირველი სიმღერა იყო "ისევ გათენდება"... 1996 წელს ბათუმში ფესტივალი "ბათუმის ტრუბადურები" ტარდებოდა, სადაც შემსრულებელს ბათუმზე ახალი სიმღერა და ძველის ახლებური ვერსია უნდა შეესრულებინა. ფესტივალის მზადებისას ჯგუფში "ფლეშს“ იდეა დაებადა და დაიწერა სიმღერა „რატომ წახვედი შენ დღეს ბათუმში“.

ვიდეო რგოლი თავისი სახსრებით აჩიკო ახვლედიანმა გადაიღო. სიმღერამ საოცარი პოპულარობა მოიპოვა და დღემდე ყველა თაობის წარმომადგენელს ახსოვს... მოგვიანებით ჯგუფში სამნი დარჩნენ - ბადრი გაბიცინაშვილი, აჩიკო ბურჭულაძე და აჩიკო ჭოტაშვილი.

რას საქმიანობს თითოეული მათგანი დღეს, როგორ აფასებენ მათ მიერ განვლილ შემოქმედებით გზას, ამაზე არჩილ (აჩიკო) ჭოტაშვილი AMBEBI.GE-ს უყვება.

- ჩვენთან წინა პლანზე იყო ადამიანური თვისებები, რის გარშემოც გავერთიანდით და თვითონ ჯგუფის დასახელებაშიც ნაწილობრივ ეს იდო. „ფლეში“ - ბანქოდან არის ნასესხები, რაც ერთნაირი "მასტის" კარტს ნიშნავს. მიუხედავად სხვადასხვა შესაძლებლობისა, თანაბარი უფლებებით, სიყვარულით ვსარგებლობდით და თანაბარი მხარდაჭერა გვქონდა... რაც დრო გადის, ისე აქტიურად ერთად ყოფნას ვეღარ ვახერხებთ, მაგრამ ჩვენს შორის ის ურთიერთობა, რაც გვქონდა, არ განელებულა... ქართულ შოუბიზნესში ყველასთან ბალანსის დაჭერას ვცდილობდით. ამ სფეროში არ მეგულება ვინმე, რომ ურთიერთობა არ გვქონდა.

ჯგუფი "ფლეში"

- ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად 1996 წელს წარსდექით...

- კი, აჭარაში იყო ასეთი ფესტივალი - "ბათუმის ტრუბადურები". ბათუმზე სიმღერები უნდა შეგვექმნა, ან ძველი სიმღერის ახალი ვერსიაზე გვემუშავა. მოვამზადეთ 2 სიმღერა - „რატომ წახვედი შენ ბათუმში,“ და ნინიაშვილის „ბათუმს ქათქათას“ ახალი ვერსია, რომელიც 5 ხმაში იყო გაშლილი და აკაპელაში სრულდებოდა. ეს ძველი სიმღერა ჟიურის წევრებმა რომ მოისმინეს, არ სჯეროდათ, რომ ჩვენი გაკეთებული იყო. ამ სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო და მისი საუკეთესო არანჟირებისთვის ლაურეატები გავხდით... შემდეგ ჩვენმა მეგობარმა აჩიკო ახვლედიანმა საკუთარი ხარჯებით ვიდეორგოლი გადაგვიღო სიმღერაზე - „რატომ წახვედი შენ ბათუმში,“ რომელიც მერე გაჰიტდა.

- ჯგუფ "ფლეშის" ჩამოყალიბების იდეა ვის იყო?

- ამ სახელწოდებით პირველად 1995 წელს მარჯანიშვილის თეატრში გამოვედით. მანამდე ის არსებობდა როგორც ინსტრუმენტული ჯგუფი. მისი წევრები იყვნენ არჩილ ბურჭულაძე და ბადრი გაბიცინაშვილი (ჯგუფის ჩამოყალიბების იდეის ავტორები). ისინი თავიდან ხალხური სიმღერის გუნდში ერთად მღეროდნენ. დროთა განმავლობაში ინსტრუმენტულმა ჯგუფმა სოულის მიმართულებით გადაწყვიტა წასვლა. მათთან რომ მივედი, სიმღერები აკაპელაში სრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი დაემთხვა, მაყურებელმა ჩვენი ნამუშევრები მიიღო. მაშინ ორი ტელეარხი იყო და ჩვენს ვიდეორგოლებს ხშირად ატრიალებდნენ.

ჯგუფის წევრები თავიდან ხუთნი იყვნენ - ბადრი გაბიცინაშვილი, არჩილ ბურჭულაძე, არჩილ ჭოტაშვილი, დათო ხუჯაძე და ანდრო მელაშვილი...

- მაყურებელმა მიგიღოთ, წარმატებაც მოვიდა, რა იყო ჯგუფისთვის მთავარი?

- ის ყველაფერი ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რითაც გახარებულები ვიყავით. არ არსებობდა ღონისძიება, სადაც არ გამოვსულვართ. ჩვენი წარმატება ალბათ კიდევ იმან განაპირობა, რომ ცოცხლად და ქართულ ენაზე ვასრულებდით. თანამედროვე მუსიკის ქართულად გაჟღერება, ახლა დაუჯერებელია, მაგრამ 90-იან წლებში ლამის სირცხვილად ითვლებოდა... ჩვენთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი უცხოური სიმღერა შეგვესრულებინა, თუმცა ევროპის ქვეყნებში კონცერტებით ნამყოფები ვართ და ინგლისურად კომპოზიციებიც გვქონდა გაკეთებული. მაგალითად, ბოლო დროს პოპულარულია სიმღერა "რა ყოფილა გურია", მისი ერთ-ერთი პირველი შემსრულებლები ინსტრუმენტულ ანსამბლ "დიელოს“ შემდეგ ჩვენ ვიყავით.

5 ხმაში გვქონდა აკაპელა. ეს როგორც პროფესიონალებზე, ისე მუსიკის მოყვარულებზე გავლენას ახდენდა. არანჟირებები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ხოლმე. გვქონდა ასევე როკბალადა "ისევ გათენდება" არანჟირება ოთარ ყუფუნიამ გაგვიკეთა... იყო სატელევიზიო ფესტივალი „მანა,“ საქველმოქმედო ფესტივალი „ხელები,“ რომლებშიც ვმონაწილეობდით. ყველგან, სადაც გამოვდიოდით, სიახლეს ვცდილობდით. სპონსორის მოძებნა რთული იყო, ხმის ჩამწერი სტუდიებიც ცოტა, თუმცა სიყვარულით ვმუშაობდით. ახლის კეთებაც მნიშვნელოვანი, საინტერესო და სახალისოც იყო. ვეძებდით ახალ ფრაზას, სიტყვას და ამაში დრო უფრო სწრაფად გადიოდა... ვცხოვრობდით ვარკეთილში და იქიდან ვაჟა-ფშაველაზე შეგვეძლო "მელოდიაში" ფეხითაც წავსულიყავით. ასეთი ფაქტი რამდენჯერმე ყოფილა.

- ჯგუფის 2 წევრს მეტსახელი ჰქონდათ...

- აჩიკო ბურჭულაძე ჩიბო იყო. „ჩიბურგენა“ შევარქვით, რადგან კეთილი, გამორჩეული, ნიჭიერი ბიჭია და „ჩიბო“ ასე შერჩა. მე „რაჯას“ მეძახდნენ. ამის ისტორია ასეთია - ზღვიდან ახალი ჩამოსულები და ისეთი გარუჯულები ვიყავით, იერით ინდოელს ვგავდი. რუსთაველზე მეგობარი შეგვხვდა. იმ ბიჭს ჩემი თავი ინდოელად გააცნეს, რაჯა ჰქვიაო. მანაც ხელი ჩამომართვა, მომესალმა. - აჩიკო, ძმაო-მეთქი და გადაირია, ქართველი ყოფილხარო... ჩვენ შორის ბადრის არ ჰქონია მეტსახელი... ფანები, გულშემატკივრები ესეც თემა იყო. სახლში ტელეფონი არ ჩერდებოდა (მაშინ ქალაქის ტელეფონის მეტი სხვა საკომუნიკაციო საშუალება არ იყო). ალბომებზე წარწერა, ფოტოს გადაღება, ავტოგრაფები, ბილეთებზე ხელმოწერა. ფანების აქტივობა განსაკუთრებით მაშინაც შეიმჩნეოდა, როცა რუსთაველზე გავდიოდით - ყველა გვცნობდა. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო, მაგრამ ხანდახან - არა.

- ჯგუფმა როდის შეწყვიტა ინტენსიური მუშაობა?

- რომ გითხრათ, რომ სულ შევწყვიტეთ მუშაობა და ყველაფერი მორჩა, ასე არასდროს ყოფილა. თუმცა კი იყო ფიქრები, - ახლა ოჯახები გვაქვს, აქტიურ მუშაობას ვეღარ ვახერხებთ... ისე, ეგ რომ ვთქვათ, - ჯგუფი მორჩა, იმას ნიშნავს, რომ მეგობრობა მორჩა. ჯგუფი და მეგობრობა ერთმანეთზე იყო მიბმული. ეს ყველაფერი სამომავლოდ კიდევ რა ფორმით გამოაშკარავდება, ჯერ არ ვიცი. ბოლოს სამი წელია, აღარ გვიმღერია და ისე ახალი წლის კონცერტებზე რეგიონებში გამოვდიოდით. რაღაც სხვა ტიპის კონცერტებიც იშვიათად, მაგრამ მაინც არის ხოლმე. სამწუხაროდ მუსიკოსები დღეს მხოლოდ მუსიკით ვერ ცხოვრობენ, სხვა შეკვეთები აქვთ.

- რა დატოვა წარსულმა შემოქმედებითმა წლებმა?

- როდესაც შენს ნამუშევარს ბევრი უსმენს, ეს დამაჯერებლობას გმატებს. ე.ი. ისეთ პროდუქტს ქმნი, რომელსაც ადამიანი ისმენს და იღებს. ამას ემატებოდა ადამიანების კეთილგანწყობა - ყველაფერი სტიმულს გმატებდა და გვაძლიერებდა.

- ამ ეტაპზე ვინ რას საქმიანობთ?

- აჩიკო ბურჭულაძე ფოლკლორის ცენტრში უკვე წლებია, ხმის რეჟისორია. ბადრი გაბიცინაშვილი ერთ-ერთ კლუბში გახმოვანებასა და განათებაზე მუშაობს. მე კულტურის სამინისტროში 2005 წლიდან ვარ დასაქმებული. ამ ხნის მანძილზე მე და აჩიკოს პატარა აქტივობები გვქონდა. ბაიარ შაჰინმა და მე დუეტი - „რა სამშობლო მქონია“ (მერაბ მამულაშვილის კომპოზიცია და ნანა ცინცაძის ტექსტი) ჩავწერეთ და ვიდეორგოლი 2008 წელს გადავიღეთ. საკმაოდ კარგი გამოვიდა. კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დარგობრივი დეპარტამენტია, სადაც ფოლკლორის მიმართულებით ვმუშაობ. რადგან აჩიკო ფოლკლორის ცენტრში ხმის რეჟისორია, ფოლკლორის ღონისძიებებზე, საქმიანად ხშირად ვხდებით ხოლმე.

- პროფესიით ვინ ხართ?

- ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერი ვარ. ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ჩემი სტუდენტობა ეროვნულ მოძრაობას დაემთხვა, მერე ყველაფერი აირია და პროფესიული საქმიანობის საშუალება არ მომეცა.

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

- მეუღლე ია მუშკუდიანი არქიტექტორია. დაჩი ჭოტაშვილი 18 წლისაა, მედეა ჭოტაშვილი - 17-ის. წელს სტუდენტები გახდნენ. დაჩი „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობს. კომაროვის სკოლა წარმატებით დაამთავრა. საქართველოს ნაკრების წევრიც იყო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა წარმატებით მოიარეს. დაჩი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტი უგამოცდოდ გახდა, სტიპენდიაც დაენიშნა. მედეას ვიზუალური ხელოვნება აინტერესებს - სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა.

„ჯიპაში“ ვიზუალური ხელოვნების განხრით ჩააბარა. ორივე მუსიკალურადაც ნიჭიერები არიან. დაჩი წლების განმავლობაში ანსამბლ „მძლევარში“ ტარიელ და კახა ონაშვილებთან მღეროდა. დიდი გამოცდილება დააგროვა. სოლო პარტიები აქვს ბერლინის ფილარმონიაში ნამღერი, საგუნდო ნაწარმოებებსაც ასრულებენ. საფორტეპიანო კლასი 21-ე სამუსიკო სკოლაში მედეამაც დაამთავრა. ბავშვობაში მეც იქ ვსწავლობდი. მედეას ხატვა უფრო იტაცებს. საერთოდ, ჩემი ოჯახი, დედის მხრიდან ყველა მუსიკალურია და ჩვენი შეკრება დიდი სიამოვნებაა ხოლმე. ვმღერით გიტარის თანხლებით. დიდი გავლენა ჰქონდა ამას ჩემზე. ბებია სასწაულად ასრულებდა გიტარაზე ქალაქურ სიმღერებს. ასევე მყავს ერთი წლით უმცროსი და ნათია.

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს და თქვენს გულშემატკივარს?

- ყველას მოვეფერები, ვისაც ვახსოვართ, ვისაც ვიცნობდით, თუ არა, ვისგანაც სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდით. მათი დამსახურებაა ის, რასაც ვაკეთებდით და ნაბიჯებს ვდგამდით.