ჩინელმა სამხედროებმა "რობოტი ძაღლების" გამოყენება დაიწყეს - ჩინეთ-კამბოჯის "ოქროს დრაკონი 2024"-ის დროს გადაღებულ ორწუთიან ვიდეოში ჩანს რობოტი, რომელსაც ზურგზე იარაღი აქვს დამაგრებული და დისტანციურად იმართება ოპერატორის მიერ.
მაქსიმალური სიჩქარით მას შეუძლია ოთხი მეტრი წამში დაფაროს. ჯამში შეუძლია დაფაროს 10 კილომეტრი. ამერიკულ საიტზე, Maverick Drone Systems, ის 65,000 დოლარადაა შეფასებული. მიწის ზედაპირთან ახლოს ყოფნის გამო, ისინი, მტრისთვის ძნელად აღმოსაჩენნი არიან. სანგრების ან საბრძოლო ზონებში შენობების ინტერიერის შესამოწმებლად, რობოტ ძაღლებს თერმული გამოსახულების გამოყენება შეუძლიათ.
"რობოტი ძაღლი ჯარისკაცებისთვის რისკებს ამცირებს და ზრდის ოპერატიულ შესაძლებლობებს. სწორედ ეს არის ამ ძაღლის მთავარი ფუნქცია", - განმარტავს კაილ ტორბერნი, Brit Alliance-ის ხელმძღვანელი.
იგი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაღმების ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოსაჩენად, ასევე ფრონტის ხაზის ცხელ წერტილებში შვიდი კილოგრამამდე საბრძოლო მასალის ან მედიკამენტების მისაწოდებლად.
რობოტი ძაღლების სამხედრო გამოყენება ახალი არ არის. 2020 წელს, აშშ-ს საჰაერო ძალებმა აჩვენა, თუ როგორ იყენებდა რობოტ ძაღლებს, როგორც ერთ-ერთ რგოლს მის Advanced Battle Management System-ში (ABMS). 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მათ გამოყენება ბრძოლის ველზეც დაიწყეს.