ავტორი:

"საკონცენტრაციო ბანაკების აშენებას არ ვაპირებ" - ვინ არის აშშ-ის “საზღვრების მეფე“, რომელიც, ტრამპის თქმით, არალეგალთა დეპორტაციაზე იქნება პასუხისმგებელი?

"საკონცენტრაციო ბანაკების აშენებას არ ვაპირებ" - ვინ არის აშშ-ის “საზღვრების მეფე“, რომელიც, ტრამპის თქმით, არალეგალთა დეპორტაციაზე იქნება პასუხისმგებელი?

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრებზე პასუხისმგებელი ტომ ჰომანი იქნება.

“საზღვრის მეფედ“ წოდებული ჰომანი მის ადმინისტრაციაში იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს დაიკავებს.

usa_migrantebi_donald_trump


“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ICE ყოფილი დირექტორი და სასაზღვრო კონტროლის “მტკიცე მცველი“, ტომ ჰომანი ტრამპის ადმინისტრაციას შეუერთდება. ის პასუხისმგებელი იქნება ჩვენი ერის საზღვრებზე. “საზღვრების მეფე“ არ შემოიფარგლება სამხრეთ, ჩრდილოეთი საზღვრებით. მას ჩაბარდება მთელი საზღვაო და საავიაციო საზღვრის უსაფრთხოება“, - განაცხადა ტრამპმა გამოქვეყნებულ პოსტში.

ტრამპის გუნდის წევრები ემიგრანტების მასობრივი დაკავებისა და დეპორტაციისთვის ემზადებიან.

“მასზე უკეთესი საზღვრებზე პოლიციის მართვასა და კონტროლში არავინაა. ჰომანი იქნება პასუხისმგებელი არალეგალთა დეპორტაციაზე", - აღნიშნა ტრამპმა.


აღსანიშნავია, რომ იმიგრაციის საკითხი, ტრამპის 2024 წლის კამპანიის ქვაკუთხედი იყო. მან არაერთხელ დადო პირობა, რომ გააძევებდა ემიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.


  • ვინ არის ტომ ჰომანი?

tom_homan, donald_trump, usa


62 წლის ჰომანმა კარიერა ნიუ-იორკის შტატში პოლიციის ოფიცრად დაიწყო. შემდეგ კი სასაზღვრო პატრულის აგენტად მსახურობდა.


2013 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ის აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) დეპორტაციის ფილიალის ხელმძღვანელად დანიშნა. სწორედ იმ პერიოდში განახორციელა სააგენტომ დეპორტაციის რეკორდული რაოდენობა.


ჰომანმა ეფექტიანი მუშაობისთვის საპრეზიდენტო წოდების ჯილდო და უმაღლესი საჯარო სამსახურის აღიარება მოუტანა.

ტრამპმა ჰომანი ICE-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კიდევ ერთხელ 2017 წელს დანიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე ის 2018 წლამდე მუშაობდა.

შემდეგ ჰომანი კონსერვატიულ Heritage Foundation-ს შეუერთდა როგორც მიწვეული თანამშრომელი და არის “პროექტ 2025-ის“ კონტრიბუტორი. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების გაზრდის, სასაზღვრო პოლიციის გაძლიერებასა და ემიგრანტებზე გადასახადების გაზრდის პროექტების შემუშავებაში.


  • რას აცხადებს ჰომანი?

tom_homan, donald_trump, usa


“საზღვრების მცველმა“ მის ხედვაზე Fox News- თან ისაუბრა. მან დეტალურად განმარტა არალეგალური იმიგრაციის მართვის რამდენიმე დეტალი. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ქალაქების ადგილობრივი პოლიცია ითანამშრომლებს მომავალ ადმინისტრაციასთან.


ხოლო CBS- თვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში ჰომანი ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია “მთლიანად ოჯახების დეპორტაცია“. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული მასობრივ დეპორტაციებთან დაკავშირებით.


“ეს არ იქნება უბნების მასობრივი გაწმენდა. საკონცენტრაციო ბანაკების აშენებას არ ვაპირებ. სასაცილოა ყველაფერი, რასაც მედიაში წერენ,“ - აცხადებს ჰომანი.


  • რას ისახავს მიზნად მისი სამოქმედო გეგმა?

ბაიდენის პოლიტიკის შეცვლა

ტრამპის არჩევამდე, ჯერ კიდევ ოქტომბერში CBS News-ის გადაცემა 60 Minutes-თან ინტერვიუში, ჰომანმა თქვა, რომ ის მიზნად ისახავდა ქვეყანაში არალეგალურად მყოფი კრიმინალური მიგრანტების დეპორტაციას. რადგან პირველი პრიორიტეტულია “საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოება“.


პირველ რიგში გადამოწმდებიან ემიგრანტები, რომლებთან თავშესაფარი მოთხოვნილი არ აქვთ და აშშ-ში საბუთების გარეშე იმყოფებიან.


შეგახსენებთ, ბაიდენის ამჟამინდელი პოლიტიკა ხელს უწყობს უსაბუთო ემიგრანტების დაცვას, რომლებიც ცხოვრობდნენ აშშ-ში და არ ჩაუდენიათ დანაშაული.


  • მიზნობრივი დაპატიმრებები დეპორტაციის ხელშეწყობის მიზნით

ჰომანმა თქვა, რომ დეპორტაციის მიზნით, გამოიყენებდა მიზანმიმართულ დაკავებებს.


“იქნება მიზანმიმართული დაპატიმრებები. ჩვენ გვეცოდინება, ვის დავაპატიმრებთ, რომლებსაც დიდი ალბათობით საგამოძიებო პროცესებზე დაყრდნობით ვიპოვით”, - განაცხადა მან.


  • ოჯახების დეპორტაცია

ჰომანის თქმით, შესაძლებელი იქნება განხორციელდეს “ოჯახების დეპორტაცია“, მათი დაყოფის გარეშე.


  • მიგრანტების სამუშაო ადგილზე მასობრივი დაპატიმრებები

მასობრივი საიმიგრაციო დაპატიმრებები შესაძლებელია მოიცავდეს “აღსრულების ოპერაციებს სამუშაო ადგილებზე.“


აღნიშნული მიდგომა 2021 წელს ბაიდენმა შეწყვიტა.


“თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თავშესაფარი. თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს. ჩვენ ამის უფლებას ვიძლევით. თუმცა, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ სახლში უნდა წახვიდე - მაშინ ისინი სახლში უნდა წავიყვანოთ,“ - განაცხადა “საზღვრების მეფემ“.


ტრამპის მხარდამჭერები მოელიან, რომ არჩეული რესპუბლიკელი პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, სამხედროებიდან დაწყებული დიპლომატებით დამთავრებული, რეალობად აქციონ მისი წინასაარჩევნო დაპირება მასობრივი დეპორტაციების შესახებ. წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, ქვეყნიდან 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია იგეგმება.


წყარო


იხილეთ ასევე: