“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანმა აგოს პასუხი, რომელსაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, ვინც წარმოადგენდა “ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რომელიც უამრავი არსებობს.
“[“ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის აკრძალვაზე] ამაზე ჩვენ კამპანიის დროს გავაკეთეთ განცხადება. მნიშვნელოვანი იყო კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება. იყო მთელი რიგი გეგმები და გადასადგმელი ნაბიჯები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანმა აგოს პასუხი, რომელსაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, ვინც წარმოადგენდა “ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან მძიმედ დაამახსოვრდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათი ხელისუფლებაში ყოფნა. როგორ შეიძლება იყო ხელისუფალი და ექცეოდე შენი ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ექცეოდნენ. შესაბამისად, ყველას და ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. ცხადია, ამას სჭირდება მტკიცებულებები, რომელიც უამრავი არსებობს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მისაღები იქნება გადაწყვეტილება, იმ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, თუმცა ჯერ დაველოდოთ ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღოს.