ალბათ, ყველას გახსოვთ ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ ასმევს წყალს პატარა ნიგერიელ ბიჭუნას დანიელი სოცმუშაკი. წლების წინ ეს ფოტო ვირუსულად გავრცელდა და მთელი მსოფლიო ნიგერიაში მცხოვრები ბავშვების და ზოგადად ბავშვების პრობლემებზე და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შექმნაზე აალაპარაკა.
ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭი გადარჩა, გავიდა წლები და ის კვლავ აქტუალური გახდა. გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ფოტოსურათი, სადაც თითქოსდა, სწორედ ჩვენი ამბის მთავარი გმირია აღბეჭდილი. თუმცა სურათი ყალბი აღმოჩნდა და რეალურად, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე სულ სხვა ბიჭს ხედავთ.
გიამბობთ, რეალურად როგორ ცხოვრობს ნიგერიელი ბიჭუნა, სახელად ჰოუფი ახლა, რომელიც დედამ წლების წინ "კუდიანობის" გამო სახლიდან გამოაგდო (ნიგერიის ზოგიერთ პროვინციაში სჯერათ, რომ თუ ოჯახში ვინმე გარდაიცვლება, სახლში კუდიანი ჰყავთ და როგორც წესი, "კუდიანობას" ოჯახის უმცროს წევრს მიაწერენ და სახლიდან აგდებენ).
ბიჭი თვეების განმავლობაში მარტო დადიოდა ქუჩებში. ერთ დღეს ანიას დაურეკეს და მისი ისტორია უამბეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვი "კუდიანობის“ გამო ოჯახმა სახლიდან გამოაგდო. ბიჭი 8 თვის განმავლობაში გამვლელების მიერ გადაგდებული ნარჩენებით იკვებებოდა.
შიმშილისგან ბავშვი დაუძლურებული იყო და სხეული მწერების მიერ ჰქონდა დაკბენილი. ქალმა მაშველებს უთხრა, რომ სასწრაფოდ, ბიჭი მასთან ფონდში მიეყვანათ.
ანია ლოვენმა "აფრიკელი ბავშვების სამედიცინო განათლების და განვითარების ფონდი" დაარსა და მეუღლესთან ერთად აქტიურად ეხმარება იმ ბავშვებს, რომლებიც მშობლებმა ქუჩაში გამოაგდეს.
"ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიომ პატარა ბიჭუნა გაიცნო, რომელსაც დღეს ჰოუფს ვეძახით. ამ კვირაში ჰოუფი სკოლაში წავა."
ის 35 სხვა ბავშვთან ერთად თავშესაფარში წაიყვანეს, რომელსაც ლოვენი და მისი ქმარი დევიდ ემანუელ უმემი ხელმძღვანელობენ ნიგერიის ქალაქ ეკეტში. ცოლ-ქმარი მძიმე ისტორიის მქონე ათეულობით ბავშვს ეხმარება.
ჰოუფის ისტორია ამით არ დასრულებულა. პერიოდულად მედიაში ვრცელდება ანიას მიერ გამოქვეყნებული ამბები, რომელიც ბიჭის შეცვლილ ცხოვრებაზე გვიყვება. 2022 წლის 1 აგვისტოს, ლოვენმა საზოგადოებას უამბო, როგორ იპოვა ექვსი წლის შემდეგ ბიჭუნამ ბიოლოგიური მამა...
"6 წელზე მეტი ხნის ძიების შემდეგ, საბოლოოდ ვიპოვეთ ჰოუფის მამა! რამდენიმე დღის წინ, ნიგერიაში ბავშვთა განვითარების დირექტორი, ნსიდიბე ოროკი და მე ჰოუფთან ერთად ვესტუმრეთ მას სახლში. სოფლის მაცხოვრებლები ბიჭის საოცარი ტრანსფორმაციის მოწმენი გახდნენ.
როდესაც ჰოუფი საკუთარ სოფელს 2018 წელს ესტუმრა,ქალაქის მერიაში მოვაწყვეთ კონფერენცია ცრურწმენების შესახებ, მთელი საზოგადოებისთვის. ამჯერად ჰოუფი აღფრთოვანებული იყო დაბრუნებით, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად და მოულოდნელად, მის ბიძასთან, დედის ძმასთან აღმოვჩნდით პირისპირ!
2016 წელს, როდესაც ჰოუფი გადავარჩინეთ, ბიძა სხვა შტატში მუშაობდა. მან გვითხრა, რომ ბიჭის მამა სოფელში წლების შემდეგ დაბრუნდა. ასე აღმოვჩნდით მამამისის სახლისკენ მიმავალ გზაზე. ძალიან სიურრეალური იყო ეს ყველაფერი. ბიძამ გვითხრა, რომ ბიჭი მამას ძალიან ჰგავდა და ეს მართლაც ასეა. მსგავსება გასაოცარია.
მისი მშობლები განქორწინდნენ. უსაფრთხოებისა და სამართლებრივი მიზეზების გამო, დეტალებს ვერ გავამხელ. მაგრამ გეტყვით, რომ მამას ძალიან გაუკვირდა შვილის ხელახლა ნახვა. ის ისეთი მზრუნველი იყო, ეფერებოდა ბიჭს და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
როდესაც სახლში დავბრუნდით, ჰოუფმა აიღო ჩემი ტელეფონი და აღელვებული აჩვენებდა ბავშვებს მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ბევრი მიზეზის გამო არ აპირებს მამასთან ან დედასთან ცხოვრებას. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ბავშვებმა უნდა იცოდნენ თავიანთი ფესვები, უნდა იცოდნენ, საიდან მოდიან, რადგან ეს ხელს უწყობს მათი იდენტობის ჩამოყალიბებას.
ჰოუფს აქვს უფლება ჰქონდეს იდენტობა. იდენტობის ქონა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მისი კულტურული წარმომავლობის შესახებ მეტი ცოდნა დაეხმარება ჰოუფს იდენტობის განვითარებაში. იმის ცოდნა, თუ საიდან მოვიდა, არ ნიშნავს, რომ ოდესმე დაივიწყებს მომხდარს, პირიქით, გაათავისუფლებს და გახდის უფრო ძლიერს ცხოვრებაში“, - ამბობს ანია.