გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. ირკვევა, რომ ... აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ - რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტია "ახალის“ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განუცხადა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ზოგადად ოპოზიციის განცხადებებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, ბარიერგადალახული პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
"თქვენ გახსოვთ, ოთხი წლის წინ მათ ჰქონდათ იგივე მცდელობა და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ გავხდით იძულებული გარე ჩარევის გამო, რომ შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე. ახლა მათ ამის რესურსიც არ აქვთ, შესაბამისად, ძალიან მარტივად წარიმართება ეს პროცესები. ცესკო-ს მხრიდან უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები, შემდეგ გაიმართება თვის ბოლომდე პარლამენტის პირველი შეკრება და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა. დიდი ალბათობით, შეიძლება თვის ბოლომდეც კი მოესწროს ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდად წარიმართება ეს პროცესები“, -განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს და ოპოზიციის მხარეს არის საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა და მთავარი სწორედ ეს არის.
"მათ სცადეს ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებას და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების რესურსი, რაც მათ არ აქვთ. მთლიანად ოპოზიცია ცდილობს წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, მათ არა აქვთ არავითარი არგუმენტები არჩევნებთან დაკავშირებით. ხედავდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი და საარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, ეს გარემო აბსოლუტურად თავისუფალი იყო. არჩევნების დღეს რაც შეეხება, არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, ამომრჩეველთა 90 %-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ასევე ელექტრონული წესით ხდებოდა ხმის მიცემა და ხმების დათვლა მოხდა ელექტრონული წესით. ასეთ პირობებში დაუბალანსებელი ოქმებიც კი არ არსებობდა, რაც იყო 30- წლიანი პრობლემა. ასეთი ტიპის ხარვეზებიც კი არ ჰქონდა ამ არჩევნებს. რეალურად, საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო "ქართულმა ოცნებამ“, ყველაფერი დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაციები, რასაც არ აქვს არავითარი საფუძველი. ვერავითარი ფაქტი ვერ წარმოადგინეს/ ერთადერთი იყო მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა და იქაც რეაგირება იყო მყისიერი,“ - განაცხადა კობახიძემ.