კახა კალაძე - გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად - რეალურად, არაფერი ხდება, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება
“გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად - რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.
გარდა ამისა, კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საიას, “ძლიერი საქართველოს“, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილ სარჩელებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ამის აღიარება არ სურს.
“უსუსურია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ. მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხია. არანაირი კონკრეტიკა, არგუმენტი არ არსებობს. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, თავიანთი მხარდამჭერები აცხოვრონ ტყუილში. ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდნენ და ამის დაჯერება არ უნდათ. თავს იმაგრებენ მსგავსი ტიპის განცხადებებით, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა. წარმოუდგენელია - ერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ვისმენთ სულელურ განცხადებებს, რომლებიც სიცრუითაა გაჯერებული და არანაირი კონკრეტიკა, ფაქტი არ აქვთ“, - განაცხადა კალაძემ.
იხილეთ ასევე: