ავტორი:

რას შეიძენთ 70 ლარად "თბილისის წიგნის დღეებზე"?

რას შეიძენთ 70 ლარად "თბილისის წიგნის დღეებზე"?

15-17 ნოემბერს „ექსპო-ჯორჯიაში“ სამდღიანი მასშტაბური ღონისძიება „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება. წიგნის დღეები უკვე რამდენიმე წელია ტარდება და კითხვის მოყვარულებისთვის ის გამორჩეულ საშემოდგომო დღესასწაულად იქცა.

მიმდინარე წლის ღონისძიებაში ტრადიციულად განსაკუთრებული შეთავაზებებით მონაწილეობს გამომცემლობა „პალიტრა L”. 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველზე გათვლილი წიგნები დიდი ფასდაკლებით გაიყიდება. შესაბამისად, წიგნის დღეების სტუმრები რჩეული გამოცემების შეძენას მარტივად შეძლებენ.

გაგაცნობთ წიგნებს, რომლეთაც "პალიტრა L-ის" სტენდთან 70 ლარიანი ბიუჯეტით შეიძენთ:

„სიკვდილი ღრუბლებში“, აგათა კრისტი - სააქციო ღირებულება 12 ლარი

ეს გახლავთ ლეგენდარული აგათა კრისტის დეტექტივი, რომელიც ქართულ ენაზე ცოტა ხნის წინ ითარგმნა. სახელგანთქმული მაძებარი ერკიულ პუარო სად არ შესწრებია მკვლელობას: ხმელეთზე, ოკეანეში, ქალაქში თუ სოფლად, მატარებელში თუ გემზე, ამჯერად კი თვითმფრინავის ბორტზე მოკლეს მდიდარი ქალი. მგზავრი სულ თერთმეტი კაცი იყო, მოკლულის ჩათვლით, ორიც – თვითმფრინავის სტიუარდი. ესე იგი, თორმეტიდან ერთ-ერთმა მოკლა მოხუცი ქალი. საქმე ისე ჩაიხლართა, რომ ეჭვმიტანილად თვით პუაროც მიიჩნიეს. როგორ გახსნის საქმეს დიდი ერკიულ პუარო, მგზავრთაგან ვინ გაებმება მის მახეში?! დეტექტივების დედოფლად აღიარებული აგათა კრისტის დეტექტივი „სიკვდილი ღრუბლებში“ 1992 წელს ბრიტანულ ტელესერიალში აგათა კრისტის პუარო ერთ-ერთ ეპიზოდად შეიტანეს. პუაროს როლი ბრწყინვალედ შეასრულა შესანიშნავმა მსახიობმა დევიდ სუშემ.

იაპონური მოთხრობები - სააქციო ღირებულება 8 ლარი

"იაპონური მოთხრობების კრებულში წარმოდგენილია XVII-XX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი სამი იაპონელი ავტორის პროზაული ნაწარმოებები. იჰარა საიკაკუ, კუნიკიდა დოპო და რიუნოსკე აკუტაგავა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან იაპონური კულტურის თავისებურებებზე, რითაც იაპონელები მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოირჩევიან. კრებულში შესულია მოთხრობები: „ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარული თავგადასავლისა“, „ძია გენი“, „სუსანოო-ნო მიკოტო“."

„ქამელეონის ფერი“, მალხაზ ასლამაზაშვილი - სააქციო ღირებულება 10 ლარი

საქართველოს სამხედრო გზაზე, თერგის პირას, დუქანში შეჩერებულ საფოსტო კარეტას საიდუმლო ტვირთი პეტერბურგიდან თბილისში მოაქვს. ასე იწყება წიგნი, რომელიც საუკუნის დასაწყისის თბილისში მომხდარ იდუმალებით მოცულ ამბებს გვიყვება. ""ქამელეონის ფერი"" რეჟისორისა და სცენარისტის, მალხაზ ასლამაზაშვილის სადებიუტო რომანია. ამ წიგნში ყველაფერია, რაც მას გატაცებით საკითხავად აქცევს - სიყვარული, ღალატი, მკვლელობები, მოხდენილი გამომძიებელი და არანაკლებ მოხდენილი დამნაშავეები.

„მე გადმოვცურავ ზღვას“, ბასა ჯანიკაშვილი - სააქციო ღირებულება 10 ლარი

ამბავი ორ განსხვავებულ ეპოქაში – 1980-სა და 1990 წლებში ვითარდება – საბჭოთა საქართველოს ბოლო ათწლეულსა და ახალი საქართველოს დაბადების დროს. შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? როცა ამისთვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები? შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დროს უძლებს? პასუხი ერთია: თუ გიყვარს, ყველაფერი შეიძლება! სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა და ორპირობა, სიმართლე და ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება – ბუისა და მის თანატოლებს ამ წინააღმდეგობების მორევში გაცურვა და მრავალი გამოცდის ჩაბარება უწევთ.

ჯეინ ოსტინის სამზარეულო - სააქციო ღირებულება 25 ლარი

ბოქს-ჰილზე გამართული პიკნიკი, ვახშამი ნეზერფილდის მეჯლისზე, მისის ბენეტის ოჯახური ვახშმები ან თუნდაც დონველის სააბატოს მდელოებზე მარწყვის კრეფა ნათლად მიანიშნებს, რომ ჯეინ ოსტინის შემოქმედებაში საკვებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯეინ ოსტინის სამზარეულო მკითხველს რეცეპტების ფართო არჩევანს სთავაზობს. თანამედროვე ეპოქისთვის გაცოცხლებულ, ადაპტირებული ვერსიით წარმოდგენილ კერძებსა თუ დესერტებს ჯერაც ოსტინისეული სამყაროსა და რეგენტობის ხანის სურნელი დაჰკრავს. წიგნში შესულია ისეთი საუცხოო კერძები, როგორიცაა ნეზერფილდური თეთრი წვნიანი, ბოქს-ჰილის საპიკნიკე ღვეზელები, გენერალ ტილნის ცხელი შოკოლადი და საზაფხულო კენკრის დელიკატესი; 70-ზე მეტი რეცეპტისგან შემდგარი ეს უნიკალური გამოცემა ჯეინ ოსტინის შემოქმედებით აღფრთოვანებულ მკითხველს არა მარტო კულინარიულ გამოცდილებას შესძენს, არამედ სასიამოვნო ემოციებს აღუძრავს და წარუშლელ შთაბეჭდილებებსაც დაუტოვებს. ამ შესანიშნავ წიგნში ჯეინ ოსტინის შემოქმედებითი სამყარო და მისივე ეპოქის გასტრონომიული ტრადიციები მოკლე ესეებისა და რეცეპტების სახით არის წარმოდგენილი, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის საყვარელი ლიტერატურული გმირის შინაგანი სამყარო უფრო სიღრმისეულად შეიმეცნოთ.

„უჩინარი“, თათია ნადარეიშვილი; მართა ურუშაძე; მიხეილ ციხელაშვილი - სააქციო ღირებულება 5 ლარი

14 წლის ნინის ამბავი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველა დაბრკოლების გადალახვა შეიძლება – UNFPA და „პალიტრა L” თანასწორობის თემაზე შექმნილი კომიქსი. ნინი თავგადასავლებზე ოცნებობს, თუმცა ცვლილებების შიში მის ცხოვრებას სრულიად ჩვეულებრივს და ერთფეროვანს ხდის. ყველაფერი იცვლება, როდესაც უცნაურ არსებას დაინახავს. ,,უჩინარი" არის ამბავი გოგოზე, რომელიც სირთულეებს არ უშინდება და თითქოს პატარა, უმნიშვნელო ნაბიჯებით ცდილობს უთანასწორო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას. ეს ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ სამყაროში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც მეგობრობა, სიყვარული და სამართლიანობა ვერ გადალახავს.

R