მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამაკაცს, რომელმაც რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე, სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა და ერთი - საკუთარი ბიძაშვილი დაჭრა, სამუდამოდ ციხეში ყოფნა მიუწევს.
აღნიშნული განაჩენი უპრეცედენტოა, რადგან ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსჯავრდადებული დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდულად შერაცხადი იყო. კანონით მსგავსი მსჯავრის დადება დაშვებულია, თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულის მიმართ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ჯერ არც ერთ მოსამართლეს არ მიუსჯია.
კურიერი • P.S -მა უმძიმესი მკვლელობის ამსახველი კადრები მოიპოვა, რომელშიც ჩანს, როგორ ისვრის ბრალდებული და შემდეგ გარბის.
“ადამიანი, რომელმაც მამა მომიკლა და კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩემი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა, ნამდვილად უნდა დარჩეს სამუდამო პატიმრობაში იმის გარანტიით, რომ იმკურნალებს და გააცნობიერებს, რაც ჩაიდინა", - აცხადებს მოკლულის შვილი.
როგორც მოსამართლე მაია შოშიაშვილი განმარტავს, “გიორგი ორველაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკამ, მათ შორის მსხვერპლთა ოდენობა, მიზანმიმართულობა, თანმიმდევრულობა მოქმედებებში, მიანიშნებს იმას, რომ მიუხედავად მისი ფსიქიკური ნაკლისა, ის აცნობიერებდა ჩადენილის სიმძიმესა და ხასიათს. სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
შეზღუდული შერაცხადობა სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, საქმის სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ არა სავალდებულო წესით. ასევე, სასამართლო არ გამორიცხავს უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებასაც, როდესაც დანაშაულებრივი ქმედების შედეგი უკიდურესად მძიმეა.“
შეგახსენებთ, 2024 წლის 9 თებერვალს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი თავს დაესხა ხორცის სექციაში მომუშავეებს. მან, 7 წამში, დამიზნებული გასროლა 5-ჯერ განახორციელა.
დამნაშავე იქ წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილებთან ერთად ვაჭრობდა. ორველაშვილმა ესროლა ბიძას, ბიძაშვილს, მოპირდაპირე დახლზე მოვაჭრე ძმებს და ბოლოს ტაქსის მძღოლს, რომელმაც მისი შეკავება სცადა.
ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ბრალდებულის ბიძაშვილია.
იხილეთ ასევე: