"კორეელი კი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს საზოგადოების ნაწილი ვარ. აქ ჩამოვყალიბდი და განათლება მივიღე. აქ ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ. თუ ჩემმა მშობლებმა კორეაში დაბრუნება გადაწყვიტეს, მე დავრჩები. მიყვარს საქართველო," - ამბობს 25 წლის სამხრეთ კორეელი ნამჰუნ (გიორგი) ჩანგი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია.
გიორგი ქართულ ენაზე თავისუფლად საუბრობს, რითაც ნამდვილად გვაოცებს. ძალიან უყვარს საქართველო, მისი ისტორია, ლიტერატურა. აქვს ორმაგი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე 2019 წელს გახდა... ვინ დაარქვა გიორგი, სად და როგორ გაიზარდა და როგორ აფასებს რიგ საკითხებს, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი ჩანგი:
- სკოლაში რომ შევედი, ჩემი სახელის წარმოთქმა ყველას გაუჭირდა, ამიტომ გიორგი მასწავლებლებმა დამარქვეს. რა თქმა უნდა, შევიფერე და ეს სახელი ძალიან მომწონს. გიორგი საქართველოში ბევრს ჰქვია, როგორც ვიცი, წმინდა გიორგის პატივსაცემად არქმევენ. წმინდა გიორგი მეომარი იყო, რომის იმპერიაში მსახურობდა, ქრისტიანი იყო და თავის რწმენას შესწირა. ის წმინდანად შერაცხეს.
- როგორ შეგისწავლია... საქართველოში როგორ მოხვდი?
- ჩემი მშობლები საქართველოში 1997 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის დროს ჩამოვიდნენ. მამა მაშინ ბიზნესმენი იყო და აქეთ გადმოსვლა თავისი სამსახურის გამო მოუხდა. მერე ისე მოხდა, რომ დარჩა და კორეაში აღარ წავედით... მშობლებმა საქართველოში მე და ჩემი დაც ჩამოგვიყვანეს. მაშინ 3 წლის ვიყავი. მერე სკოლაში აქ შევედი და ქართული ენა ვისწავლე. დავუმეგობრდი კლასელებს, გავიცანი მასწავლებლები. სკოლის დამთავრების შემდეგ ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და მოვხვდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ისე, პირველი "ჯავახიშვილი", მეორე - ილიას უნივერსიტეტი, მესამე შავი ზღვის უნივერსიტეტი და მერე კავკასიის უნივერსიტეტი მეწერა.
- მშობლებმა შენნაირად იციან ქართული ენა?
- ესმით, მაგრამ საუბარი ცოტა უჭირთ. რაღაცების თარგმნაში ვეხმარები ხოლმე... მე უკვე 20 წელია, განუწყვეტლივ ვსწავლობ ქართულ ენას და ძალიან მომწონს. 6 წლამდე არ ვიცოდი, სკოლის და მასწავლებლების დამსახურებაა, რომ შევისწავლე. ქართული სახელმწიფო ენაა და ყველგან მჭირდება. უნივერსიტეტშიც ქართულად ვსწავლობ და მისი კარგად ცოდნა მით უფრო აუცილებელია. ქართული ენის გრამატიკა რთულია, მაგრამ ყველა ენას აქვს თავისი სირთულე. ძნელია ჩინურის, იაპონურის, კორეულის სწავლაც... ქართული ენა და ლიტერატურაც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.
- ილია ჭავჭავაძეზე რას გვეტყვი?
- დიდი ქართველი მწერალი იყო, ასევე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. მას უნდოდა, საქართველოს დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. „ერის მამას“ ეძახდნენ. ის სწავლობდა პეტერბურგში და ამის გამო „თერგდალეული“ დაარქვეს. ყველა ქართველს, ვინც იქ სწავლობდა, „თერგდალეულები“ დაარქვეს. ისინი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ. პეტერბურგიდან რომ დაბრუნდნენ, დაიწყო მამათა და შვილთა ბრძოლა. პირველი ბროლა 1861 წელს იყო, მეორე - 1871 წელს. მათ იდეებს უფროსი თაობა ეწინააღმდეგებოდა... მაგ პერიოდში ქართული ანბანიდან 5 ასო-ბგერა ამოვარდა და ასე ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული ანბანი და ენა...
- გიორგი, კორეაში ვინ გყავს?
- ნათესავები, ბებია, ბაბუა... როგორც ჩემი მშობლების საუბრებიდან ვიცი, ისინი აქ მძიმე პერიოდში ჩამოვიდნენ. მაშინ აქ არც გაზი იყო, არც შუქი და ხალხს ცხოვრება უჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავად მშობლები მაინც დარჩნენ. მარნეულში დაბინავდნენ, ახლაც მარნეულიდან დავდივარ უნივერსიტეტში... იქ ეზოში სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან ვთამაშობდი. იყვნენ სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, მრავალეთნიკურ გარემოში ვიზრდებოდი. ამიტომ დღეისათვის ვიცი 4 ენა - კორეული, ქართული, ინგლისური და რუსული.
- ბევრი რამ გისწავლია...
- მომწონს ის, რომ საქართველო უძველესი ქვეყანაა, მდიდარი ბუნებით, ისტორიით, კულტურით. კორეაში რომ მივდივარ და საქართველოზე მეკითხებიან, ვეუბნები, რომ საქართველო აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოა, თავისი ისტორიით, უმდიდრესი კულტურით, რომ ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა. საქართველოს შესახებ მსოფლიოში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის. ეს არის ჩვენი რეალობა.
- ორმაგი მოქალაქე ხარ, ხომ?
- დიახ. აქ რომ ჩამოვედი, კორეის მოქალაქე ვიყავი. 2019 წელს კი საქართველოს მოქალაქეც გავხდი... კორეაში დავიბადე, მაგრამ შეგნებული ცხოვრება აქ გავატარე. კორეაში სამ წელიწადში ერთხელ ჩავდივარ. ასე თუ ისე ვიცნობ ქვეყანას. ჩემი აზრით, საქართველო ძალიან განსხვავდება კორეისგან, რადგან ძალიან ტოლერანტული სახელმწიფოა. ქართველები ტოლერანტები არიან, რადგან აქ მხოლოდ ქართველები არ ცხოვრობენ... თბილისში ერთმანეთის გვერდით არის ქრისტიანული ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სომხური ეკლესიაც. ვამაყობ იმით, რომ ტოლერანტულ ქვეყანაში ვცხოვრობ.
- დღეს საქართველოში რა პროცესებიც მიმდინარეობს, როგორ აღიქვამ?
- აქ რომ ჩამოვედი, როგორც ვთქვი, საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე იყო. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი გახდა. მაშინ მგონია, რომ საქართველოს დიდი იმედი გაუჩნდა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ იცვლებოდა, უფრო ევროპული ქვეყანა ხდებოდა და ადამიანებს ამის სურვილი ჰქონდათ. არავის ეწყინოს, მაგრამ ეკონომიკურად დღეს ქვეყანას უჭირს და პოლიტიკურადაც ძალიან პრორუსულია. ეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას პრობლემას უქმნის. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ რომ არჩევნები მოიგო, ვთვლი, რომ გააყალბეს და ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ასეთ შედეგს არ ველოდი, რადგან ჩემი აზრით, საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ასე არ უნდა მომხდარიყო.
- გარდა იმისა, რომ სტუდენტი ხარ, სხვა რით ხარ დაკავებული?
- კორეულს ვასწავლი ბავშვებს, რადგან დაინტერესებულები არიან. ბოლო დროს აზიური ენები პოპულარული გახდა და მიხარია, რომ ჩემს საგანს სწავლობენ. ზოგს ახალი ენა უჭირს, მაგრამ ინტერესს მაინც არ კარგავენ... 2 წელი უნივერსიტეტიდან აკადემიური მქონდა აღებული იმის გამო, რომ კორეაში ვიყავი, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამომიძახეს. სამსახური რომ დასრულდა, ისევ დავბრუნდი. ამიტომაცაა, რომ უნივერსიტეტში სწავლა კიდევ მიწევს. წესით დასრულებული უნდა მქონოდა, მაგრამ ბაკალავრიატს ახლა ვამთავრებ. მერე მაგისტრატურას დავიწყებ. დიპლომატი მინდა, გავხდე, კორეის საელჩოში რომ ვიმუშაო. ჩემი განათლებით, წესით, ელჩი უნდა გავხდე.
- ინტერნეტში არის ვიდეო, სადაც "ვეფხისტყაოსნიდან" სტროფს კითხულობ - "ლეკვი-ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. ამ ტაეპს როგორ ახსნი და ზოგადად "ვეფხისტყაოსანზე“ რა შეგიძლია, გვითხრა?
- "ლეკვი ლომისა სწორია“ იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, კაცი ხარ თუ ქალი, ორივე შემთხვევაში ადამიანი ხარ და თანასწორი უფლებები გაქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას ევროპული მისწრაფებები ჯერ კიდევ XII საუკუნეში ჰქონდა. წამყვანი სახელმწიფო იყო."ვეფხისტყაოსანი“ დაწერილია იმ დროს, როცა ქვეყანას ოქროს ხანა ჰქონდა და ყველაზე განვითარებული პერიოდი იყო. ძლიერი საქართველო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მაშინ გამეფდა თამარი, უძლიერესი მეფე და არა დედოფალი. საქართველო იმდენად შემწყნარებელი იყო, მეფე ქალიც გახდა, რაც სხვა ქვეყნებისთვის შეუძლებელი იყო.
- ქართული ტრადიციებიდან რა მოგწონს?
- მომწონს სტუმარმასპინძლობა. ეს ჩემთვის თვალშისაცემი და პატივსაცემია. სახლში მოსული სტუმარი არის მთავარი ადამიანი - ეს გასაოცარია. სტუმარს რომ დიდ პატივს სცემენ საქართველოში, ამაზე ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“ დაწერა, რომელიც ასევე ნასწავლი მაქვს. ხომ ვამბობ, კარგი მასწავლებლები მყავდა, კარგად შემასწავლეს ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია. ეს არის მასწავლებლების დამსახურება და მადლობას ვუხდი ამისთვის. მადლიერი ვარ ყველასი. ისე, უფრო ლიტერატურა მიყვარდა, ისტორია და ლიტერატურა, მათემატიკა - ნაკლებად. მარნეულის მე-6 სკოლაში 10-იანებზე ვსწავლობდი...
_ თავისუფალ დროს რას უთმობ?
- ხანდახან ვხატავ, ვკითხულობ, პიანინოს ვუკრავ, მუსიკაზეც დავდიოდი. ფეხბურთსაც ვთამაშობ... საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გამოვიდა, ძალიან გამიხარდა. ამდენი წლის შემდეგ მაგარი იყო. კარგი ფეხბურთელები არიან. მამარდაშვილი და კვარაცხელია საოცრები არიან. მარტო აქ კი არა, კვარაცხელიას და მამარდაშვილს კორეაშიც იცნობენ, კვარაცხელიაზე გიჟდებიან. მის გვარს სწორად ვერ გამოთქვამენ, მაგრამ იციან, ვინ არის.
- ქართულ სამზარეულოზეც გექნება შენი აზრი...
- ქართული სამზარეულო მიყვარს, - ჩემთვის გემრიელია ელარჯი, აჯაფსანდალი. სასწაული სამზარეულოა. კორეული ცხარეც არის და ტკბილიც. ქართული კორეულთან შედარებით უფრო ცხიმიანია, ქართველები ხორცს ჭამენ, კორეელები უფრო ბოსტნეული თევზი და ბრინჯს... მოკლედ, ჩემთვის ძალიან საყვარელი ქვეყანაა საქართველო.