ადამიანის ცხოვრება ფასეულობების გარეშე არაფერია. თუმცა რა არის რეალურად ჭეშმარიტი ფასეულობები? როგორ ხდება ან როგორ უნდა ხდებოდეს ფასეულობათა კვლევა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი ნამდვილად არ არის და ეს საკითხი ღრმა ანალიზს მოითხოვს. საქართველოში ფასეულობათა კვლევა „საზოგადოება ივერიისამ“ დაიწყო წლების წინ და დამუშავებულ ინფორმაციას ფართო საზოგადოებას ფასეულობათა კვლევის საზოგადოების ლექციების ფარგლებში აწვდის.
„საზოგადოება ივერიისა“ 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. საქმიანობას ძირითადად სახალხო შემოწირულობის გზით ახორციელებს, როგორც ეს მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა. სწორედ აღნიშნული საზოგადოება ახორციელებს ფასეულობათა კვლევის საზოგადოების ლექციების პროექტს, რომლის ხელმძღვანელი გიორგი გვასალიაც საინტერესო საკითხებზე დეტალურად გვესაუბრება.
რას ნიშნავს ფასეულობითი განათლება?
ფასეულობითი განათლება გულისხმობს კონკრეტული დისციპლინების: ისტორიის, თეოლოგიის თუ ფილოსოფიის ძირითადი საკითხების გადაცემას. ის კონცენტრირებულია იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ტრადიციულად ეფუძნებოდა და ჩვენი აზრით, უნდა ეფუძნებოდეს ხალხის მსოფლმხედველობა, სულიერი და კულტურული მისწრაფებები, ზნეობრივი პრინციპები და ა. შ.
რა კომპონენტებისგან შედგება ფასეულობითი განათლება?
ფასეულობითი განათლების სალექციო კურსების შინაგანი სტრუქტურა ბუნებრივად განსაზღვრა მის წინაშე მდგომმა ამოცანებმა და თავად ფასეულობების ბუნებამ.
მსოფლმხედველობა, სულიერი და კულტურული მისწრაფებები და ზნეობრივი პრინციპები მხოლოდ მაშინ აღასრულებენ თავიანთ ჭეშმარიტ ფუნქციას, როდესაც ისინი ეფუძნებიან არა დროებით, არამედ მარადიულ ფასეულობებს. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ფასეულობითი განათლება მარადიულ ღირებულებებზე უნდა იყოს ორიენტირებული. მარადიული ფასეულობები კი რელიგიური ბუნებისაა. ისინი ღვთაებრივი, გამოცხადებითი ჭეშმარიტებების გამოვლინებაა და მათკენ მიმავალი გზა ქრისტიანულ ღირებულებებზე გადის. აქედან გამომდინარე ფასეულობითი განათლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია გამოცხადებითი ფასეულობები ანუ ფასეულობები, რომელსაც ქრისტიანული გამოცხადება გვაწვდის. მათ ბიბლიურ ფასეულობებს ვუწოდებთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფასეულობითი განათლება ფასეულობითად ორიენტირებულ ცოდნას ეფუძნება. ეს უკანასკნელი ორგვარია: ის ან შენი ხალხის, შენი ქვეყნის ისტორიას, ხელოვნებას, ლიტერატურას და ა. შ. ეხება ან - ყველაფერ სხვას ანუ გარე სამყაროს. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ეროვნულ იდენტობასთან, მეორე შემთხვევაში კი - მსოფლმხედველობასთან. აქედან გამომდინარე, ფასეულობითი განათლება კიდევ ორი კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს, რომელთაგან პირველი ჩვენი ხალხის იდენტობის ისტორიას ეხება, მეორე კი კაცობრიობის აზროვნების ისტორიას, რადგან მსოფლმხედველობის გათავისება და განმტკიცება აზროვნებით ხდება
რატომ და როგორ კარგავს საზოგადოება ფასეულობით განათლებას?
ეს მაშინ ხდება, როდესაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა რწმენას კარგავს, რადგან მარადიული ფასეულობების რელიგიური წარმომავლობისაა. რწმენადაკარგული საზოგადოება ჭეშმარიტი, ცხოვრების საზრისის განმსაზღვრელი ფასეულობებისადმი ინტერეს კარგავს და ღრმა ილუზიაში ეფლობა.
როგორ შეაფასებთ დღეს ქართულ საზოგადოებას? რა გამოწვევების წინაშე დგას ფასეულობითი განათლების მიმართულებით?
ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნის უდიდესი ნაწილი ბოლშევიკური იდეოლოგიის წნეხის ქვეშ გაატარა, მანამდე კი რუსული ცარისტული იმპერიის წიაღში დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოებრიობას და საეკლესიო თვითმყოფადობას იყო მოკლებული. აღნიშნულმა დიდი დაღი დაასვა ჩვენი ხალხის ცნობიერებას. ჩვენს ხალხს ჰაერივით სჭირდება ფასეულობითი განათლება, რომელიც ეკლესიასთან შეთანხმებული საზოგადოებრივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს.
მოგვიყევით თქვენი სალექციო კურსის კომპონენტების, მისი ლექტორების შესახებ
მსოფლმხედველობრივ კომპონენტს თეიმურაზ ბუაძე წარმართავს. მისი კურსი „აზროვნების ისტორია“ განიხილავს ქრისტიანობაზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის მთავარ ელემენტებს და მათთან დაკავშირებული იდეოლოგიური გამოწვევების ჩამოყალიბების ისტორიას.
ეროვნული იდენტობის კომპონენტს წარმართავს ეკა კვაჭანტირაძე. მისი კურსი „ქართული და ევროპული იდენტობის ისტორია“ მსოფლიო ცივილიზაციური ისტორიის ფონზე განიხილავს ქართველი ხალხის ფასეულობითი და პოლიტიკური ორიენტაციისა და მისწრაფებების ისტორიასა და რელიგიურ საფუძვლებს.
ფასეულობით კომპონენტს მე წარვმართავ. ჩემი კურსი ფასეულობით კონტექსტში განიხილავს წმინდა წერილისეულ გამოცხადებით ჭეშმარიტებებს და მათი ინტერპრეტაციის მართლმადიდებლურ წმინდა ტრადიციას.
კურსი უფასოა. როგორ ხდება მასზე რეგისტრაცია? ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა?
დიახ, ზოგადად, კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველას, ვისაც ფასეულობათა სისტემის კვლევის სურვილი აქვს. თუმცა გვაქვს რეგისტრაციის ერთი პრინციპი - მსმენელი, რომელიც კურსს ასრულებს, ფასეულობათა კვლევის საზოგადოებასთან რეკომენდაციას უწევს სამ კანდიდატს, რომლებიც შემდგომ ჯგუფში ირიცხებიან.
როგორია კურსზე დასწრების მოთხოვნა? რამდენმა ადამიანმა გაიარა ის გასული წლების განმავლობაში?
ფასეულობათა კვლევის საზოგადოების მიერ ორგანიზებული სალექციო კურსი 2010 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მუშაობა არ შეუჩერებია. ძალიან მძიმე იყო პანდემიის პერიოდი, მაგრამ ამ დროსაც კი საზოგადოებამ სალექციო კურსი არ შეწყვიტა. დიდი იყო მსმენელთა მონდომება და სურვილი, რომ არ შეეწყვიტათ ფასეულობათა კვლევისათვის განკუთვნილი სალექციო კურსები. ძალიან სასიამოვნო და ჩვენთვის ძლიერ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოთხოვნა მართლაც ძლიერ დიდია. განსაკუთრებულ სიხარულს კი ის ფაქტი იწვევს, რომ ახალგაზრდა თაობა გულგრილი არ არის ფასეულობათა კვლევის საკითხისადმი.
"საზოგადოება ივერიისას" პროექტებისთვის შემოწირულების გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.
გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:
R
პანდემიის პერიოდში გავიარე ლექციათა კურსი და დღემდე ვუსმენ ჩანაწერს.
მადლიერი ვარ ბ- ნი გიორგის, ასევე თემურ ბუაძის და ეკა კვაჭანტირაძის
საზეპირო
1. უფასო არაფერი არ არის ( თუ რამეს გთავაზობებ, თქვენგან რაღაცას მოელიან).
2. ამ არსებას ისეთი ვიზუალი აქვს, კაი გამძღარის რომ ლექცია კი არა სადიმპიტაუროდ იწვევს ხალხს მგონია