ავტორი:

როგორ გახდა 16 წლის ბიჭი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარი რუსეთში - "ოთხი თვის განმავლობაში არსენმა იზოლატორში 17კგ დაიკლო"

როგორ გახდა 16 წლის ბიჭი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარი რუსეთში - "ოთხი თვის განმავლობაში არსენმა იზოლატორში 17კგ დაიკლო"

7 ნოემბერს რუსეთის სამხედრო სააპელაციო სასამართლომ საშუალო სკოლის მოსწავლის არსენი ტურბინის განაჩენი ძალაში დატოვა.

  • ბიჭი 15 წლის იყო, როდესაც სასამართლომ 5 წლით გამოსასწორებელ კოლონიაში გაგზავნა. არსენს ბრალი დასდეს, რომ "ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობდა". ფსიქიატრიულ კლინიკაში მისი ოპოზიციური შეხედულებები "ქცევის დარღვევად" მიიჩნიეს.

სასამართლომ "მედიაზონასთან" განაცხადა, სასჯელი შეიცვალა, მაგრამ ზუსტად არ უთქვამს, როგორ. მოსწავლის დედის, ირინა ტურბინის თქმით კი, მის შვილს სასჯელი 24 დღით შეუმცირდა, რადგან "თავდაპირველად სასჯელი არ ითვალისწინებდა სტაციონარულ გამოკვლევაზე გატარებულ დროს". მისი თქმით, „სხვა ყველაფერი უცვლელი დარჩა“.

დაბადების დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში

არსენი ტურბინმა მეთექვსმეტე დაბადების დღე 2024 წლის აგვისტოში მოსკოვის წინასწარი დაკავების ცენტრში აღნიშნა. მასწავლებელმა მას დაბადების დღე მიულოცა და "პოლიტიკურ საქმიანობაში წარმატებები" უსურვა. არსენი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარია რუსეთში.

ტურბინი დაიბადა დუბაიში, მისი მამა არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოქალაქეა. მაგრამ ბიჭი რუსეთში ქალაქ ლივნიში, დედასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად გაიზარდა. სწავლობდა რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში S. N. Bulgakov-ის სახელობის ლივენის ლიცეუმში.

წინასწარი დაკავების იზოლატორში ცალკე ფლიგელი იყო არასრულწლოვან ბრალდებულთათვის. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგადსაგანმანათლებლო და საკვირაო სკოლაში, არის საკლასო ოთახი და სპორტული დარბაზი. ტურბინმა დედას უთხრა, რომ მისი მასწავლებლები კარგები იყვნენ და კრიმინალივით არ ეპყრობოდნენ.

ვოდნიკში არსენი საკანში ოთხი მოზარდთან ერთად მოათავსეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ოთხი თვის განმავლობაში ტურბინმა 17 კგ დაიკლო და ჩავარდა დეპრესიაში. ოქტომბრის დასაწყისში მან დედას მისწერა, რომ თანასაკნელი სცემდა.

მას შემდეგ, რაც ირინა ტურბინამ წერილის ეს ფრაგმენტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ბიჭის ბედით ჟურნალისტები დაინტერესდნენ და არსენის მეზობელი სხვა საკანში გადაიყვანეს. 15 ოქტომბერს ტურბინმა დედას მისწერა, რომ კარგად იყო და სთხოვა, წინასწარი დაკავების იზოლატორში ხუთი ადამიანისთვის ლანჩი შეეკვეთა - წიწიბურა და ნაგეთსები. ტურბინა ფიქრობს, რომ მის შვილს თანასაკნელების პატივისცემა სურდა.

"მან თქვა, რომ ახლა საკანში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია, რომ მას არავინ ერჩის, ერთი თვის განმავლობაში კი უნდა გაგზავნონ განყოფილების საავადმყოფოში შესამოწმებლად“, - ამბობს ირინა ტურბინა.

წინასწარი დაკავების იზოლატორში არსენს კვირაში ერთხელ უფლება აქვს რომ დედას დაურეკოს მაგრამ ის ოჯახს იშვიათად ეკონტაქტება. მოსამართლე დარეკვის უფლებას აძლევს, მაგრამ არსენმა დედას მხოლოდ ერთხელ დაურეკა - 8 ოქტომბერს. 22 ოქტომბერს ტურბინამ წინასწარი დაკავების იზოლატორში დარეკა საჩივრით, რომ შვილი მას არ ურეკავდა, რის შემდეგაც ტურბინმა ჯერ ბაბუას დაურეკა, ორი დღის შემდეგ კი დედას.

დედასთან ერთად

შვილის გადმოცემით იცის, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში დილის ექვსზე დგება, იბანს თავს, წერილებს წერს, უყურებს ახალ ამბებს, იმ შემთხვევაში თუ პულტი არ წაართვეს.

კითხვა ყოველთვის არ შეუძლია, რადგან მეზობლები ხმამაღლა უსმენენ მუსიკას. "ერთხელ ტუალეტშიც კი წავიდა წასაკითხად", - იხსენებს დედა. ამის შემდეგ, ირინამ შვილს ყურსასმენები გაუგზავნა.

ტურბინმა ასევე სთხოვა დედას გაეგზავნა რამდენიმე წიგნი, მათ შორის მღვდელ პაველ ფლორენსკის ბიოგრაფია, რომელიც საბჭოთა საიდუმლო სამსახურებმა ცრუ ბრალდებით დააკავეს.

„მე ვხედავ, რომ მას ეშინია კოლონიის. როგორ იქნება იქ ამდენი წელი, ჯერ არც კი მინდა ამაზე ფიქრი,“ - წუხს ბიჭის დედა.

წყარო