საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
"შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე.
პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ „X"-ზე დაწერა:
"ჩვენი ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანების, კერძოდ კი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების, როგორც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, მტკიცე მხარდაჭერისთვის".