"მის რუსეთი 2015" და "მის მსოფლიო 2015-ის" პირველი ვიცე-მისი სოფია ნიკიტჩუკი, ვნუკოვოს აეროპორტში ძვირფასეულობის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სოფია ნიცადან სტამბოლის გავლით რუსეთში ბრუნდებოდა. საბაჟოს თანამშრომლების ყურადღება იმ ძვირადღირებულმა სამკაულებმა მიიქცია, რომელსაც მოდელი მგზავრობისას ატარებდა. ნიკიტჩუკს ეკეთა Patek Philippe-ის ოქროს საათი, Cartier-ის ორი ბეჭედი და ყელსაბამი. ნივთების ღირებულება საერთო ჯამში დაახლოებით 120 ათას დოლარს შეადგენდა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამკაულები 750 სინჯის ოქროსგან იყო დამზადებული. მოდელის წინააღმდეგ კი საქმე კონტრაბანდისა და საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით აღიძრა. მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა ამ ეტაპზე ის დაკავებული არ არის.
რუსეთში არსებული კანონით, მგზავრი ვალდებულია თუ საქონლის ღირებულება ქვეყანაში შესვლისას 10,000 ევროს აჭარბებს დაადეკლარიროს.
სოფია ნიკიტჩუკმა „მის რუსეთის“ ტიტული 2015 წელს მოიპოვა. გოგონა 1993 წელს ეკატერინბურგში დაიბადა ექიმების ოჯახში და ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხელოვნებითა და უცხო ენებით. სილამაზის კონკურსებში გამარჯვების შემდეგ მოდელობით დაკავდა და სხვადასხვა ბრენდებთან დაიწყო თანამშრომლობა. მას სოციალურ ქსელებში მილიონამდე გამომწერი ჰყავს.