ავტორი:

დაკრძალვის ქრისტიანული ტრადიციები საქართველოში

დაკრძალვის ქრისტიანული ტრადიციები საქართველოში

ბავშვობაში, პირველად რომ შევხვდი სიკვდილს, მაშინ გავიაზრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს კულტურაში დაკრძალვის ტრადიცია. მახსოვს, როგორ გამაღვიძა დედამ დილაადრიან და მითხრა, რომ ბაბუა გარდაიცვალა. სახლში უცნაური სიჩუმე იდგა, მაგრამ ეზოში უკვე ისმოდა ფეხის ხმები - მეზობლები იკრიბებოდნენ, რათა მწუხარება გაეზიარებინათ და საჭიროებისამებრ დაგვხმარებოდნენ.მალე სახლი შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანებით აივსო. ზოგი ტიროდა, ზოგი ჩურჩულებდა, ზოგიც უბრალოდ ჩუმად იჯდა. მე კი გაოცებული ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა. სახლში ატმოსფერო დღითიდღე იცვლებოდა. ვხედავდი, როგორ ემზადებოდნენ უფროსები დაკრძალვისთვის - როგორ ალაგებდნენ ოთახს, როგორ ამზადებდნენ საჭმელს, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.პირველი დღეების მძიმე სიჩუმეს თანდათან ჩურჩული, საუბრები და ზოგჯერ სიცილიც კი ცვლიდა.იხსენებდნენ ბაბუას, ყვებოდნენ ისტორიებს მის შესახებ. ნათესავები, მეზობლები, მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები- ყველა მოდიოდა, რომ პატივი მიეგო მისი ხსოვნისთვის და მხარში ამოგვდგომოდნენ. მახსოვს, როგორ გაოცებული ვიყავი იმით, თუ რამდენი ადამიანი იცნობდა ბაბუას და რამდენს უყვარდა ის.

დაკრძალვის დღეს სახლი უცნობი და ნაცნობი ხალხით ავისო, კაცები ძირითადად ეზოში იდგნენ, ზოგი სიგარეტს ეწეოდა, ზოგი კი ჩუმად საუბრობდა ერთმანეთში, ქალების უმრავლესობა ეზოსა და სამზარეულოში ფუსფუსებდა.მე ვცდილობდი ყველგან მოვხვედრილიყავი, ყველაფერი დამენახა და გამეგო.შუადღისას დაიწყო პროცესია სასაფლაოსკენ, სასახლეში ჩასვენებული ბაბუა ჯერ ეზოში გამოაბრძანეს, შუაში დაასვენეს და მოსაგონარი ტექსტებით აცილებდნენ, შემდეგ კუბო ჰაერში აიტაცეს და სასაფლაომდე გზას ფეხით გავუყევით.მე საპატიო მისიით მივყვებოდი ცერემონიას, ხელში ჩარჩოში ჩასმული ბაბუაჩემის ახალგაზრდობის ფოტო მქონდა ჩაბღაუჭებული, ჩემს წინ ყვავილებით სავსე მანქანა მიდიოდა, რომლიდანაც სათითაოდ გზაზე ისროდნენ ყვავილებს.სასაფლაოზე მისვლისას, კუბო უზარმაზარი ორმოს გვერდით დაასვენეს, ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ გამოვემშვიდობეთ ბაბუას, მე ახლოს მისვლა ვერ გავბედე, გამოსამშვიდობებელი სიტყვები გულში ვთქვი და თვალცრემლიანი გამოვეცალე პროცესიას, რადგან ბავშვებსა და ქალებს გვთხოვეს დაგვეტოვებინა ადგილი. სურათი ჩავიხუტე, მოვტრიალდი და შორიდან მესმოდა ყრუ ტირილის, კუბოს ჩაშვების და მასზე მიწის მიყრის ხმა.სახლში დაბრუნებულებს ეზოში ქელეხისთვის გაშლილი სუფრა დაგვხვდა, გრძელი მაგიდები თეთრი გადასაფარებლით, ხოლო სკამები მწკრივად ჩამწკრივებული. ეზოს უკანა მხარეს დიდი ქვაბები იდგა, საიდანაც საჭმლის სურნელი იფრქვეოდა. ქალები დარბოდნენ, კერძებს ამზადებდნენ და სუფრაზე ალაგებდნენ.მე, ჯერ კიდევ ხელში ჩაბღაუჭებული ბაბუას სურათით, გაოგნებული ვუყურებდი ამ სცენას. ვერ ამომეხსნა, რა კავშირში იყო ეს ყოველივე დაკრძალვასთან და ცოტას ვბრაზობდი კიდეც, როგორ შეუძლიათ ახლა დასხდნენ და ისე მიირთვან, თითქოს არაფერი მომხდარათქო.

თანდათან კი მივხვდი, რომ ეს სუფრა არ იყო მხოლოდ მწუხარების გამოხატვის ადგილი - ეს იყო ადგილი, სადაც ხალხი იხსენებდა და აფასებდა იმ ადამიანს, ვინც ასე ძვირფასი იყო მათთვის.იმ დღეს ბევრი რამ ვისწავლე სიცოცხლის, სიკვდილის და ხსოვნის შესახებ. მივხვდი, რომ დაკრძალვა არ არის მხოლოდ გამოთხოვება - ეს არის რიტუალი, რომელიც გვეხმარება გავუმკლავდეთ დანაკარგს, გავიხსენოთ საყვარელი ადამიანი და ვიპოვოთ ნუგეში ერთმანეთში.ამ გამოცდილებამ მაფიქრებინა, თუ საიდან მოდის ეს ტრადიციები. რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის დაკრძალვის რიტუალი?ისტორიის წიგნებში ამოვიკითხე, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გარდაცვლილთა დაკრძალვის რიტუალებს. არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ უძველესი დროიდანვე არსებობდა რწმენა სიცოცხლის გაგრძელების შესახებ სიკვდილის შემდეგ, რაც აისახებოდა სამარხებში აღმოჩენილ ნივთებსა და საფლავის მოწყობის წესებში.ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, დაკრძალვის წესები კიდევ უფრო დაიხვეწა და გამდიდრდა რელიგიური ელემენტებით. ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესში, დანერგა ახალი რიტუალები და ლოცვები. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილს კრძალავდნენ ეკლესიის ეზოში ან მის მახლობლად, ასევე ამ პერიოდიდან იწყება წესის აგების, პანაშვიდისა და სხვა ქრისტიანული რიტუალების დამკვიდრება.საინტერესოა, რომ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხევსურეთში, დიდხანს შემორჩა დაკრძალვის უნიკალური წესი - მიცვალებულის დასვენება აკლდამებში. ეს აკლდამები, რომლებიც ქვისგან იყო ნაგები, წარმოადგენდა თავისებურ საოჯახო სამარხებს, სადაც ერთი გვარის წევრებს კრძალავდნენ.

XIX საუკუნიდან დამკვიდრდა კუბოს გამოყენების პრაქტიკა, რაც მანამდე არ იყო გავრცელებული, მომდევნო საუკუნეებში , ურბანიზაციის პარალელურად, გაჩნდა პირველი დამკრძალავი ბიურო, რომელმაც თავის თავზე აიღო დაკრძალვის ორგანიზების მთელი რიგი საკითხები.

დღევანდელ საქართველოში დაკრძალვის წესები წარმოადგენს ტრადიციული ქართული და მართლმადიდებლური ქრისტიანული რიტუალების ნაზავს.ეს პროცესი რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს, რომელთაგან თითოეულს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, პირველი ნაბიჯი არის ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმირება. ეს ხშირად ტელეფონით ან პირადად ხდება, რადგან ითვლება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გადაიცეს პირდაპირი კონტაქტით.ამის შემდეგ, სახლზე, გარედან კიდებენ შავი ნაჭერს, ეს ერთგვარი ვიზუალური შეტყობინებაა გარეშე პირებისთვის, რომ ამ სახლში გლოვაა.

შემდეგ იწყება მიცვალებულის გაპატიოსნების პროცესი.გაპატიოსნება არის რიტუალი, რომლის დროსაც გარდაცვლილის სხეულს ამზადებენ დაკრძალვისთვის.ეს პროცესი იწყება განბანვით. გარდაცვლილის სხეულს რეცხავენ თბილი წყლით, საპნით და რბილი ნაჭრით. განბანვა სიმბოლურად განასახიერებს სულიერ განწმენდას და გარდაცვლილის მომზადებას საიქიოში გასამგზავრებლად.განბანვის შემდეგ იწყება შემოსვის პროცესი. გარდაცვლილს აცმევენ სპეციალურად შერჩეულ სამოსს, რაც შესაძლოა შეირჩეს ოჯახის წევრების ან თავად გარდაცვლილის დატოვებული სურვილის მიხედვით.

ქალს ხშირად აფარებენ თავსაფარსაც, რომელიც მთლიანად ფარავს თმებს. შემოსვის შემდეგ გარდაცვლილს ასვენებენ სპეციალურად მომზადებულ ადგილას. ეს შეიძლება იყოს სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, ან სპეციალური სამგლოვიარო დარბაზში.განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიცვალებულის პოზას და იმას, თუ როგორ უნდა განთავსდეს ცხედარი ოთახში.წესის მიხედვით, გარდაცვლილი აღმოსავლეთით უნდა იყურებოდეს.ეს უკავშირდება ქრისტიანულ რწმენას მაცხოვრის მეორედ მოსვლის შესახებ, რაც აღმოსავლეთიდან უნდა მოხდეს. მიცვალებულის ხელები მკერდზეა გადაჯვარედინებული, მარჯვენა ხელი მარცხენაზე, რაც ლოცვის პოზას განასახიერებს.

მიცვალებულის თავთან ინთება სანთელი და კანდელი, ასევე დგამენ დგამენ ნაკურთხ მარილს, ღვინოს, ზეთს, ხორბალს, წყალს და საფლავისთვის ნაკურთხ მიწას.ეს ელემენტები სიმბოლურად განასახიერებს სულიერ საზრდოს გარდაცვლილისთვის და ასევე უკავშირდება ქრისტიანულ საიდუმლოებებს.იწყება პანაშვიდისთვის მომზადება.

პანაშვიდი არის პერიოდი გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე, რომელიც ჩვეულებრივ 2-3 დღე გრძელდება (თუმცა რიგ შემთხვევაში, შესაძლოა 1 კვირამდეც გაგრძელდეს)ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები, მოდიან პატივის მისაგებად და სამძიმრის სათქმელად.

პანაშვიდის პერიოდში ან უშუალოდ დაკრძალვის წინ სრულდება წესის აგების რიტუალი[1] . ეს არის რელიგიური ცერემონია, რომელსაც ასრულებს მღვდელი. წესის აგების დროს ის კითხულობს სპეციალურ ლოცვებს გარდაცვლილის სულის სიმშვიდისა და ცოდვათა მიტევებისთვის.დაკრძალვის დღეები არის სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა.

მიცვალებული იკრძალება გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში.დაკრძალვის დღეს კუბო გადააქვთ სახლიდან ან სამგლოვიარო დარბაზიდან სასაფლაომდე.სასაფლაოზე მღვდელი კითხულობს უკანასკნელ ლოცვებს, ხოლო ოჯახის წევრები და ახლობლები კიდევ ერთხელ ემშვიდობებიან გარდაცვლილს.იწყება კუბოს ჩაშვების პროცესი. გარდაცვლილს სამარეში ასვენებენ პირით აღმოსავლეთისაკენ, აყრიან მიწას ჯვრის ფორმით, რაც სიმბოლურად გამოხატავს დაბრუნებას მიწასთან.

დაკრძალვის შემდეგ ხშირად იმართება სამგლოვიარო სუფრა, რომელსაც ქელეხს უწოდებენ. ქელეხი ერთგვარად სოციალური რიტუალია, სადაც იკრიბებიან ოჯახის წევრები და ახლობლები გარდაცვლილის მოსახსენიებლად.რელიგიური რიტუალები გარდაცვლილის დაკრძავლის შემდგომაც გრძელდება, კერძოდ, მართლმადიდებლურ ტრადიციაში გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს გარდაცვლილის სულის მოგზაურობაში და ასახავს ღრმა რწმენას სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების შესახებ.მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ რთულ გზას გადის:

● გარდაცვალებიდან მესამე დღეს სული გადის საზვერეებს, ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან. ეს არის გამოცდის პერიოდი, როდესაც სული უნდა გაუმკლავდეს სხვადასხვა გამოწვევას.შემდეგი ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს.

● მეცხრე დღეს კი სული მეორედ წარსდგება ღმერთის წინაშე. ანგელოზებს სული მიყჰავთ ჯოჯოხეთში და აჩვენებენ თუ რა ხდება იქ.მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად, არ უნდა მივიჩნიოთ მეცხრე დღე მხოლოდ იმქვეყნიურ საქმედ – თითქოს გარდაცვლილის ახლობლებს ეს სულაც არ ეხება, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ლოცვა და უფალთან გარდაცვლილის სულის შევედრება.

მეცხრე დღეს სრულდება რამდენიმე მნიშვნელოვანი რიტუალი, რომელთანაგ ერთ-ერთი მოსახსენიებელი ტრაპეზია, რაც მაგალითად ქელეხისგან განსხვავდება იმით, რომ ამ დღეს არავის პატიჟებენ სპეციალურად.შეხსენების გარეშე უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებთაც გარდაცვლილი ადამიანის სულის ბედი აღელვებთ. მნიშვნელოვანი თარიღია ორმოცი დღე გარდაცვალებიდან.რწმენის თანახმად, სწორედ ამ დღეს ხდება მიცვალებულის პირად სამსჯავროზე წარდგენა.

ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია,დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრება უფალი კი განსჯის ამ ყოველივეს და სულს მიუჩენს დროებით სამყოფელს. ორმოცი დღის თავზე ოჯახი და ახლობლები კვლავ იკრიბებიან, აწყობენ სუფრას და იხსენებენ გარდაცვლილს. ეს დღე ხშირად უფრო მასშტაბურია, ვიდრე მეცხრე დღის აღნიშვნა. ბევრი ოჯახი ამ დღეს სტუმრობს სასაფლაოს, ასუფთავებს საფლავს, ანთებს სანთლებს და აღავლენს ლოცვებს. ზოგიერთ რეგიონში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ორმოცი დღის თავზე ხდება საფლავის ქვის დადგმა. გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე აღინიშნება წლისთავი.

მართმადიდებელი ქრისტიანები საქართველოშო, მისდევენ ზემოთ აღწერილ წესებს. თუმცა, საქართველოში მცხოვრები მუსლიმები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები და სხვა რელიგიური უმცირესობები ხშირად ატარებენ დაკრძალვის ცერემონიებს თავიანთი რელიგიური ტრადიციების შესაბამისად.

მიუხედავად განსხვავებებისა, ყველა ტრადიცია ასახავს ადამიანის ფუნდამენტურ საჭიროებას - პატივი მიაგოს გარდაცვლილს, გამოხატოს მწუხარება და იპოვოს ნუგეში საზოგადოებაში.დაკრძალვის რიტუალები, მიუხედავად მათი კონკრეტული ფორმისა, ასრულებს მნიშვნელოვან სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფუნქციას, ეხმარებიან ადამიანებს გაუმკლავდნენ დანაკარგს და გააგრძელონ ცხოვრება.

https://www.orthodoxy.ge/skhva/suli.htm

NS