Fox News-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ტრამპმა მხარდამჭერებს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვებით, აშშ-ში “ოქროს ხანა“ დაიწყო.
"ჩვენ დავეხმარებით აშშ-ს გამოჯანმრთელებაში. ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, - აცხადებს ტრამპი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს “ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნებაა“.
“ისტორიაში ყველაზე დიდ დაბრუნებას გილოცავთ! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული დაბრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისია და ისრაელისა და ამერიკის დიდებული ალიანსის ხელახალი დადასტურებაა. ეს დიდი გამარჯვებაა“, - წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს მისი და მისი მეუღლის, სარას სახელით მიულოცა.
საზეიმო განწყობას შეუერთდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
“დონალდ ტრამპს გულთბილად ვულოცავ. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე მოკავშირეები. ჩვენ ჩვენს ხალხებს შორის ჭეშმარიტი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისთვის, რომელსაც მათთვის სარგებელი მოაქვს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ შარლ მიშელი და რობერტა მეცოლა.
“არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვულოცავ! ევროკავშირსა და აშშ-ს მტკიცე და ისტორიული ალიანსი აკავშირებს. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად თავის კურსს გააგრძელებს, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას დაიცავს“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
რობერტა მეცოლას თქმით, “ევროპა მზადაა უპრეცედენტო გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ტრამპთან ითანამშრომლოს“.
“შევინარჩუნოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირები, რომლებიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და ღია ბაზრებზე“, - წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
“დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში “მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ამას რეალობად ვაქცევთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მან სექტემბერში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და რუსული აგრესიის დასრულების გზები დეტალურად განიხილეს.
“ჩვენ მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. აშშ-ში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ელის შესაძლებლობას, რომ დონალდ ტრამპს პირადად მიულოცოს და აშშ- თან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილოს.
ამასთანავე, ტრამპს პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
იხილეთ ასევე: