“სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში - ყველას უნდა ენახა, რაზე დგას ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან სწრაფად გასკდება კვახივით“, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ “ინტერპრესნიუსთან“ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მალე ბევრისთვის მოულოდნელად ეს ხელისუფლება ჩამოიშლება.
“ჯობია ახლა, მომდევნო დღეები და კვირები ყველანი ვიყოთ ქუჩებში, იმისთვის, რომ მომდევნო თაობებმა უდრტვინველად იცხოვრონ მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში. აი, ამ მიზანს ემსახურება დღეს კონკრეტულად ჩვენი თავყრილობა, რომელიც სპონტანურია და შეიცვალა. ამ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, მაგრამ დღეს აუცილებლად აქ უნდა ვყოფილიყავით. ყველას უნდა ენახა, რაზე დგას ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან სწრაფად გასკდება კვახივით.
მჯერა, რომ მსგავსი რეჟიმები სანთელივით არ დნება. მჯერა, რომ ძლიერი და მუდმივი წინააღმდეგობის პირობებში ხელისუფლება ბევრისთვის მოულოდნელად სწრაფად ვარდება, როგორც რაიმე მძიმე ნივთი. როგორც მძიმე კარადა, ისე დაენარცხება ეს ხელისუფლება ძირის. არავის არ ჰქონდეს იმისი მოლოდინი, რომ ხელისუფლება სანთელივით დადნება. ძალიან მალე ბევრისთვის მოულოდნელად ეს ხელისუფლება უბრალოდ ჩამოიშლება, მხოლოდ ხალხის აქტიურობით. აქტიურობას კი ვხედავთ რომ მზარდია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.