29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დანიის კლუბ "კოპენჰაგენის" 23 წლის ქართველმა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა უეფას საკონფერენციო ლიგის მატჩში "რეალ ბეტისთან“ შვილის ჯანმრთელობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილი ავადაა. კლუბი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის შვილი მკურნალობის კურსს წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით გადის.
"კოპენჰაგენი" ორიენტირებულია ამ მძიმე პერიოდში გიორგის და მის ოჯახს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს. რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიორგის, რომელიც შესაძლოა არ იყოს ვარჯიშზე ან თამაშების დროს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს გიორგისთან და ვუსურვებთ მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს. ახლა გოჩოლეიშვილების ოჯახს, დრო და სივრცე სჭირდება", - განაცხადეს კლუბში.
მედიაში წერენ, რომ მის გამხნევებას თანაგუნდელები ცდილობენ. "ძალიან რთულია როდესაც საქმე ბავშვს შეეხება. იგი მგრძნობიარე ბიჭია, ძალიან მხიარული. ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია, ვცდილობ, დავეხმარო".
მიუხედავად ოჯახში არსებული მძიმე ვითარებისა, 23 წლის გოჩოლეიშვილმა საკუთარ თავში გამონახა ძალა და 4 ნოემბერს, "კოპენჰაგენისთვის" თავდაუზოგავად იბრძოლა - "სილკებორგის" წინააღმდეგ გამართული მატჩი 2:2 დასრულდა, რომელშიც გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მის მხარდასაჭერად, "კოპენჰაგენის ფანებმა ტრიბუნებზე სპეციალური ბანერი გამოფინეს, რომლითაც გიორგი გოჩოლეიშვილსა და მის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს. "გამაგრდი, გიორგი, შენს ოჯახთან ერთად!“ - ეწერა პლაკატზე..
საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი ანა ოქრუაშვილზეა დაქორწინებული. წყვილს ა.წ. მარტში პირველი შვილი, ვაჟი შეეძინა.
იხილეთ ასევე: