“საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ბრიფინგის მიმდინარეობისას წარმოდგენილ, საქართველოს რუკას, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები მკვეთრად აღქმადი არ არის.
“როგორც იცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, მის გარშემო, არა საქართველოს ტერიტორიები, არის თეთრი ფერითაა გამოსახული. ესეც ხომ აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საერთოდ საქმე - ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით.“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ხატია დეკანოიძის რეაქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “იმ ადამიანისგან, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი სხვა ქვეყნის სამსახურში ყოფნის გამო თქვა, შენიშვნას ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით ვერ მიიღებს“.
“ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე აქვს უარი ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, იმისთვის, რომ პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებ. როგორც პასპორტი მოგვიგდო ქართველს ხალხს და წავიდა, რომ უკრაინის პოლიციელის ფორმა ჩაეცვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს და ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების აღქმაში, სისულელეა, რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა “სქრინი“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან, სადაც ეკრანზე გამოტანილ ფოტოზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ჩანს. როგორც აღმოჩნდა, კამერებმა ღია ნაცრისფერში წარმოდგენილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ისტორიული რეგიონები ვერ აღიქვეს.
იხილეთ ასევე: