ავტორი:

"ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერეკლე მეორის ჰეროიზაცია, რადგან თვითონ აქვს დაგეგმილი მისი გზის გამეორება” - გია ხუხაშვილი

"ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერეკლე მეორის ჰეროიზაცია, რადგან თვითონ აქვს დაგეგმილი მისი გზის გამეორება” - გია ხუხაშვილი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერჯერობით მისი შედეგებისა თუ ლეგიტიმაციის გარშემო კვლავ სრული ბუნდოვანებაა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვები, რამდენად თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა არჩევნები, შესაბამისად მისი შედეგების ლეგიტიმურობაც ჰაერშია გამოკიდული. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა და 4 ნოემბრიდან ანონსდება საპროტესტო აქციები. „გადავდივართ ბრძოლის მთავარ ელემენტზე, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და მწვავე”, - აცხადებენ ოპოზიციაში. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაყალბებას უარყოფს. არ შეესაბამება. 30 ოქტომბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს "უმნიშვნელო" პროგრესი აქვს იმ ცხრა დათქმის თვალსაზრისით, რომელთა შესრულებაც გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებელი წინაპირობაა. გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. უკრაინამ და მოლდოვამ ბრიუსელთან ივნისში დაიწყეს მოლაპარაკებები. ევროკავშირის არაერთი წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ. "საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპიდან „ვარდისფერი სათვალის“ მოხსნას ურჩევენ. "ევროკავშირი ვერ განიხილავს საქართველოსთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას კარგად ცნობილი დემოკრატიის უკუსვლის გამო. სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ. ამ საკითხებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” ინტერვიუში საუბრობს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

“ახლა ჩვენ ვართ ამ საჭადრაკო პარტიის სადღაც მიტელშპილში ანუ დებიუტი უკვე გავლილია და მიდის მანევრები, დაწყებულია პოზიციური ბრძოლა. ენდშპილამდე კი დიდი დროა და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ როგორი დასასრული ექნება ამ ყველაფერს. დღეს რაიმე კონკრეტულის თქმა რთულია, თან ვიცით, რომ აშშ-შიც იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, მაინცდამაინც ჩვენთვის არ სცალიათ, რომ საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ. ამერიკის არჩევნებს მარტო ჩვენ კი არ ვუყურებთ, ევროპაც. ჩვენი არჩევნები დიდი გლობალური თამაშის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის განვითარებაც დიდწილად დამოკიდებულია, თუ როგორ დალაგდება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის ფორმირების პროცესში ამერიკის არჩევნებს ძალიან დიდი როლი ექნება. ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, ვიდრე დასავლეთი დალაგდება, აქ ვითარება არ გაცივდეს, ჩვენმა თემამ აქტუალურობა არ დაკარგოს. ეს დიდწილად პოლიტიკური ოპოზიციის ამოცანაა. ძალიან რთული ერთი კვირა გვექნება, ამ კვირის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, თუ საით წავა ეს ყველაფერი...

“ოცნება” ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. გვარწმუნებენ, რომ დაპირისპირება დასავლეთთან თურმე დროებითი პროცესია, მოილაპარაკებენ, გადატვირთავენ და ა.შ. მაგათი თამაში გასაგებია, ახლა საჭიროა დასავლეთისგან იმ ტიპის განცხადებები, გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომ “ქართულ ოცნებას” მანიპულაციის საშუალება მოესპოს. ასეთი გადაწყვეტილება იქნება სანქციების დაწესება პირდაპირ პოლიტიკური ელიტისთვის. მაგალითად, კობახიძეს თუ დაასანქცირებენ, ხომ ვეღარ დაიწყებს მტკიცებას ევროპაში მივდივართო? დღეს ვიღაცებს ტვინს ურეცხავენ, მაგრამ არსებობს ზღვარი, რის მერეც ეს ტყუილები ვეღარ გაჭრის. აი, ასეთი გადაწყვეტილებებია დასავლეთისგან საჭირო. იმ კრიტიკულ წერტილამდე უნდა მივიდეთ, როდესაც ყველა გააცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რათა გარდამტეხი პროცესები დაიწყოს. საფრთხე კი ძალიან რეალურია... როდესაც რაღაც მესამე არჩევანზე გველაპარაკებიან, ტყუილია. ჩვენ არა გვაქვს არანაირი მესამე არჩევანი ანუ ე.წ. ნეიტრალიტეტი. უნდა გვესმოდეს, თუ არ მივდივართ დასავლეთისკენ, ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში. სხვა არჩევანი არა გვაქვს...

ან შუალედურად შეიძლება გამოყენებულ იქნეს “3+3” ფორმატი, ეს კი იგივეა, რაც რუსეთის იმპერიაში დაბრუნება. ყოველ შემთხვევაში, უკეთესი არაფრით არ არის. ჩვენ მოგვიწევს შესვლა კვაზიდემოკრატიის სივრცეში. მე თუ მკითხავთ, ეს ფორმატი მოგვცემს გეორგიევსკის ტრაქტატის წინ არსებულ მოცემულობას. ზუსტად იმავე მოთამაშეებზე გვაქვს ლაპარაკი - თურქეთი, ირანი, რუსეთი... სამივეს იმპერიული ამბიციები აქვს და ალტერნატივა რაღაც მომენტში, ალბათ, იქნება ისეთი, როგორიც 1783 წელს იყო - ტრაქტატზე ხელის მოწერა ერთმორწმუნეობაზე აპელირებით. ამ ყველაფერში ჩინეთის ინტერესებიც შემოდის. დააკვირდით, სწორედ ამ სახელმწიფოებმა მიულოცეს “ქართულ ოცნებას” გამარჯვება. როგორც ვაკვირდები, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს გახდეს ერეკლე მეორე, რომელსაც შეიძლება ძალიანაც არ სურდა ტრაქტატის დადება, მაგრამ, როგორც დღეს ჩვენში ამბობენ, აბა, სხვა რა გზა ჰქონდა? მას ასე ამართლებენ, აბა, ირანის და თურქეთის საჯიჯგნად ხომ არ გახდიდა ქვეყანასო. მან გააფორმა ტრაქტატი, რასაც სახელმწიფოებრიობის გაუქმება მოჰყვა. ახლაც იგივე არ ხდება? ჩემი შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს ქვეყანა, როდესაც საუკეთესო არჩევანი რუსეთი იქნება.

შესაბამისად, ივანიშვილი შესაძლოა ერეკლე მეორედ კი არა, რეალურად მეორე სერგო ორჯონიკიძედ იქცეს. უბრალოდ, ეცდება ამოეფაროს ერეკლე მეორის ავტორიტეტს. შემთხვევითი კი არ არის, ასე მწვავედ რომ აღიქვამენ ერეკლეს ნებისმიერ კრიტიკას. მთელი ტროლების არმია ერთვება ხოლმე, თუ ვინმე გადაბრუნებულ სიტყვას იტყვის. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ერეკლე უყვართ, ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერეკლე მეორის ჰეროიზაცია, რადგან თვითონ აქვს დაგეგმილი მისი გზის გამეორება”. წაიკითხეთ სრულად