ადამიანებმა ბოლო დროს ბუნებრივად სუფთა და ჯანსაღი საკვების ძებნისას აღმოაჩინეს, რომ მიკრომწვანილი ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია.
წლების წინ ინტერნეტსივრცე იმაზე მსჯელობამ მოიცვა, თუ როგორი ჯანსაღი და სასარგებლოა მიკრომწვანილი და რომ მას უცხოეთშიც აქტიურად იყენებენ... ის ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან წმენდს და სასარგებლო ვიტამინებით და მინერალებით ავსებს.
- რას წარმოადგენს მიკრომწვანილი, რომელიც ბოლო დროს კვების რაციონში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება?
- მიკრომწვანილი არის 2 ფოთლის დონეზე გაზრდილი მცენარე. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიკრომწვანილი მოყვანილია ორგანულ ნიადაგზე და აუცილებლად მზეზე (და არა ხელოვნური განათების ქვეშ). პროდუქტი მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით, ვიტამინებით, მშრალი ორგანული ნივთიერებებით, ქლოროფილით და ა.შ.
ორგანულ ნიადაგზე, ბიოლოგიურად სუფთა თესლებით მოყვანილი მიკრომწვანილი სავსეა ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესი ბიოენერგიით. ეს იმას ნიშნავს, რომ ასათვისებლად ორგანიზმი ენერგიას არათუ ხარჯავს, არამედ, პირიქით, მიკრომწვანილი ორგანიზმს იმ ბიოენერგიით, რაც მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე, მასში განვითარებისათვისაა ჩადებული, თვითონ ამარაგებს. იმის გამო, რომ მიკრომწვანილი მხოლოდ 2 ფოთლის დონეზეა აღმოცენებული, მასში ჯერ კიდევ თითქმის სრულადაა შენარჩუნებული მოცემული ბიოენერგია. მიკრომწვანილში ყველა სასარგებლო ნივთიერება წარმოდგენილია კოლოიდური ფორმით, ანუ მათ ორგანიზმი სრულად შეითვისებს. მიკრომწვანილში დაახლოებით 40-ჯერ მეტია ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც დასრულებულ პროდუქტში.
ორგანულ ნიადაგზე მოყვანილ მიკრომწვანილში მეტად არის გამოხატული გემოვნური თვისებები, რაც კულინარიის კუთხით მნიშვნელოვანია.
- როგორ მიიღება მიკრომწვანილი?
- მის მისაღებად აუცილებელია გამოვიყენოთ ბიოლოგიურად სუფთა თესლები, რაც დასტურდება ბიოსერტიფიცირებით. სხვა შემთხვევაში, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე, რაც შხამ-ქიმიკატებით დაბინძურებულ პროდუქტს თან სდევს. ბიოლოგიურად სუფთა თესლები უნდა დაითესოს ასევე სუფთა, ორგანულ ნიადაგზე, რათა პროდუქტში სრულად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრირება, მშრალი ორგანული ნივთიერებების დაგროვება.
ასევე, აუცილებელია, მოვიყვანოთ მზეზე, რათა მასში ქლოროფილის შემცველობა მაღალი იყოს და ამავე დროს სრულყოფილი პროდუქტი მივიღოთ მზის ენერგიის შთანთქმით. ამრიგად, მის მოსაყვანად აუცილებელია შემდეგი: ბიოლოგიურად სუფთა თესლები, ორგანული ნიადაგი, მზის სხივები.
- რა ეტაპებს გადის, ვიდრე მიკრომწვანილად იქცევა, რა დრო სჭირდება?
- დათესვიდან 10-14 დღეში მზად არის. როგორც აღვნიშნე, აუცილებელია მზის სხივები და ორგანული ნიადაგი, ამ პირობებში მიკრომწვანილი გაზრდას 2 ფოთლის დონეზე ასწრებს - ეს კი უკვე მზა პროდუქტის ფაზაა. დეტალურად, თესვა-მოყვანის პროცესი ასეთია: მზადდება ორგანული ნიადაგი, განაწილდება დასათეს ყუთებში, განთავსდება სათბურის სივრცეში; დაახლოებით 30 გრ-ის ოდენობით თესლი ითესება საშუალო ზომის ყუთში; მოირწყვება კარგად და ყუთს დაეფარება თავსახური. აღნიშნული ფაქტი განაპირობებს თესლის გაღივებას ორგანულ ნიადაგში, რამდენიმე დღეში კი მის აღმოცენებას. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს თავსახურის ახსნის პერიოდი. კერძოდ, თავსახურს ვხსნით ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც აღმონაცენი უკვე მზად არის მზის სხივების მისაღებად. დაგვიანებული ახდა განაპირობებს მიკრომწვანილის ხარისხის ვარდნას, ისევე, როგორც არ შეიძლება ადრე ახსნა, რადგან სუსტი აღმონაცენი ვერ უძლებს ღია გარემო პირობებს. აღნიშნული პროცესის სიზუსტე განაპირობებს მიკრომწვანილის ღეროს სიძლიერეს, ფოთლის სიჯანსაღეს და მთლიან სტრუქტურას. ასევე, ყურადსაღებია მორწყვის პროცედურა, ზედმეტი მორწყვით ავადდება და იწყება ლპობის პროცესი. ასევე, არასწორი მორწყვით შეიძლება ფიზიკურად დაზიანდეს თესლი და აღმონაცენი.
- საკვებად მისი გამოყენება როდის არის შესაძლებელი?
- საკვებად გამოყენება შესაძლებელია დათესვიდან 10-14 დღეში, მისი მოჭრისთანავე. პროდუქტი უნდა მივირთვათ უმად, ნებისმიერ, ცხელ თუ ცივ კერძთან ერთად, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება სმუზებში, კოქტეილებში, ტკბილეულშიც კი (მაგალითად, ამარანტის მიკრომწვანილი).
- რა არის ღივი?
- ღივი - ეს არის გაღივებული პროდუქტი, რომელიც უაღრესად მდიდარია ბიოენერგიით. როგორც აღვნიშნე, მიკრომწვანილიც მდიდარია ბიოენერგიით, თუმცა მას უკვე გახარჯული აქვს სულ მცირე, აღმოცენებისთვის საჭირო ბიოენერგია. ღივში კი ბიოენერგია სრულად შენარჩუნებულია და მეტიც, ყველა სასარგებლო თვისება, რაც ჩადებულია კონკრეტულ მცენარეში, გაღივების დროს მეტად კონცენტრირებულია, "აფეთქებულია,“ გაძლიერებულია და ზრდის მათ ათვისების უნარს. ღივებშიც, ისევე როგორც მიკრომწვანილებში, ყველა სასარგებლო ნივთიერება კოლოიდური ფორმითაა წარმოდგენილი. ღივები მზადდება პარკოსნებისგან, მარცვლეულისგან და სხვ. ალფალფას, ბროკოლის, სამყურას ღივები შესაძლებელია მოვამზადოთ შეფოთლილი სახითაც, რაც ვიზუალურადაც ულამაზესია და კულინარიული ღირებულებებითაც გამორჩეულია.
- ორგანულ ნიადაგზე მოყვანილი მიკრომწვანილი წყალზე მოყვანილისგან რა მახასიათებლებით განსხვავდება?
_- 1. შენახვა (ნიადაგზე მოყვანილი - 1-12 დღე) 2. გემოვნური თვისებები (მეტად კონცენტრირებული ნივთიერებები) 3. ტრანსპორტირება 4. სტრუქტურა (ნიადაგზე მოყვანილი არის ხრაშუნა, ძლიერი, მსხვილი ღეროთი და ჯანსაღი, მკვრივი ფოთლებით) 5. სარგებლიანობა (მიწიდან იღებს მცენარე სასარგებლო თვისებებს, გარდა იმისა, რაც თესლშია ჩადებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მშრალი ორგანული ნივთიერებების დაგროვება და ა.შ.)
- ე.ი. მიკრომწვანილი მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით...
- რა თქმა უნდა. ყველა პროდუქტი, რომელსაც მივირთმევთ ადამიანები, გვაძლევს გარკვეულ სარგებელს, ვიტამინებისა და მიკრო-მაკროელემენტების სახით. მაგალითად, ცნობილია, რომ C ვიტამინის შემცველობა 100 გრ ბროკოლში 89,2 მგ-ია, ბროკოლის მიკრომწვანილში კი, თუ ის მოყვანილია ორგანულ ნიადაგზე და მზეზე, 40-ჯერ მეტია.
- ზრდასრულ პროდუქტში რატომ არაა ეს ენერგია?
- ბიოენერგია მცენარეს იმისთვის ეძლევა, რომ თესლი გაღივდეს, აღმოცენდეს, ებრძოლოს გარემო პირობებს, გამოიმუშაოს ძლიერი იმუნიტეტი, ებრძოლოს დაავადებებს, მავნებლებს, განივითაროს ფესვები, ღერო, ფოთლები და ბოლოს, მოგვცეს სრულყოფილი ნაყოფი, მის სრულ დამწიფებამდე, როდესაც ის ენერგია უკვე ამ ყველაფერში გაიხარჯა.
- ბროკოლის მიკრომწვანილი მართლაც კიბოს უჯრედების საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა?
- არამხოლოდ მიკრომწვანილი, უამრავი კვლევა არსებობს თავად ბროკოლის შესახებ, ამ მიმართულებით. ბროკოლის მიკრომწვანილში კი (ისევე, როგორც ყველა სხვა მიკრომწვანილში), როგორც აღვნიშნეთ, ყველა - მისთვის დამახასიათებელი თვისება მინიმუმ 40-ჯერ არის გაძლიერებული.
\
- ნებისმიერი მწვანილია ასეთ მიკრო მდგომარეობაში სასარგებლო?
- დიახ, ყველა სასარგებლოა, იმდენადაც, რამდენადაც სასარგებლოა თავად მისივე დასრულებული პროდუქტი. მაგალითად: მზესუმზირას, მდოგვის, ბოლოკის, ბარდას, წითელი კომბოსტოს, კოლრაბის და სხვ. მიკრომწვანილი, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, რადგან მათივე დასრულებული პროდუქტის სარგებლიანობა დიდი ხანია ცნობილია საზოგადოებისთვის, მათ მიკრომწვანილებში კი კიდევ უფრო ძლიერად არის გამოხატული (40-ჯერ მეტად) ყველა სასარგებლო თვისება.
- როგორია მისი შენახვის ვადები?
- ნიადაგზე მოყვანილი მიკრომწვანილი მაცივარში ინახება უპრობლემოდ 10-12 და მეტი დღის მანძილზე, ისე, რომ არ იცვლება მისი სტრუქტურა (იგივე ქორფა და ხრაშუნაა).
- ხორბლის ჯეჯილის წვენზე რას გვეტყვით? რა სახით უნდა მივიღოთ ის?
- ხორბალი რომ განსაკუთრებულად სასარგებლოა, მით უფრო, ქართველისთვის, ქართული, ენდემური ხორბლის ღივი, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია. გაღივებული ხორბალი ითესება ორგანულ ნიადაგზე, აღმოცენების შემდეგ აუცილებლად მზის სხივებით იკვებება. ამოდის ჯეჯილი, რომელიც 7-10 სმ-ის სიმაღლეზე იჭრება. ამ დროს ყველაზე მეტად არის მასში გამოხატული სასარგებლო თვისებები. ჯეჯილის სარგებლიანობაზე უამრავი საერთაშორისო კვლევა არსებობს. მასში განსაკუთრებით დიდი ქლოროფილის შემცველობა (რა თქმა უნდა, აუცილებლად მზეზე უნდა მოვიყვანოთ), კერძოდ, მისი შემადგენლობის 80% ქლოროფილია, რომელიც გაჯერებულია ჟანგბადით. ის არის აქტიური რკინის წყარო, შეიცავს 17 სახის ამინომჟავას, 80 სახის ფერმენტს, 100 მდე მნიშვნელოვან მიკროელემენტს და თითქმის ყველა ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, მათ შორის, შეიცავს B 12-ს და ცილების სრულ კომპლექტს.
- თუ ასეთი სასარგებლოა ქართველი ფერმერები მის მოყვანაში აქტიურად რატომ არ არიან ჩართულები?
- სავარაუდოდ, ამის მიზეზი არის ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობა. პირადად მე, 2014 წლიდან, ჩემს გუნდთან ერთად, საქართველოში მიკრომწვანილების, ჯეჯილის წვენისა და ღივების პირველი მწარმოებელი გახლავართ. სახელიც კი ჩემი ნათარგმნია "მიკრომწვანილი“... ალბათ უკეთესადაც შეიძლებლოდა, თუმცა პრაქტიკაში ეს სახელწოდება დაინერგა, თავიდან ზოგიერთი შეფ-მზარეული გვიკეთავდა ასე: "200 გრ. გრინი“, "200 გრ. მიკრო ფოთოლი“ და ა.შ.
ჩემი სტრატეგია მიკრომწვანილების ცნობადობის გაზრდა იყო საზოგადოებაში. ამიტომ გავხსენით კაფე - ღივების სახლი, სადაც ძირითადად გაიცნო კიდეც მოსახლეობამ და დაინერგა სარესტორნო სივრცეში. სამწუხაროდ, რესტორნები იყენებენ წყალზე მოყვანილ მიკრომწვანილებსაც, რადგან მათთვის ვიზუალია პრიორიტეტი. თუმცა რესტორნის მომარაგების სამსახური მუდმივად პრობლემის წინაშე დგას, რადგან წყალზე მოყვანილი პროდუქტი მალევე ჭკნება და ახალი პარტიის მიღებაზე იწყება ზრუნვა ყოველ 2 დღეში. ბიოფერმერებისთვის, განსაკუთრებით მესათბურე ფერმერებისთვის, უნიკალური შესაძლებლობაა, მოიყვანონ ორგანულ ნიადაგზე, მზეზე, შენახვადი, ტრანსპორტირებადი, სასარგებლო მიკრომწვანილები, რომელზეც მეტი მოთხოვნა ექნება რესატორნებსაც (მათი გამძლეობიდან და მეტად კონცენტრირებული გემოებიდან გამომდინარე), ასევე მოთხოვნა უკვე არსებობს მოსახლეობაშიც, როგორც სასარგებლო პროდუქტზე. ჩვენი გუნდი კვლავ მზად არის, გავუწიოთ კონსულტაციები, დაინტერესებულ ფერმერებს, დავეხმაროთ მათ, მივაწოდოთ ორგანული ნიადაგი, ბიოლოგიურად სუფთა თესლები, ვასწავლოთ მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და დავეხმაროთ რეალიზაციაში.