მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში უმძიმესი დანაშაული მოხდა, მეზობელმა მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მოკლულია 60 წლის თამაზ დევდარიანი, მის მკვლელობაში ბრალდებული მისი კარის მეზობელი და მოგვარე კობა დევდარიანი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, კობა დევდარიანმა დანაშაული უკვე აღიარა. ამოღებულია მკვლელობის იარაღი, ავტომატი.
სოფელში ძალიან განიცდიან ამ ამბავს და მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. როგორც ადგილობრივების მონათხრობით ირკვევა, მოკლულსა და ბრალდებულს შორის ადრე კონფლიქტი ყოფილა და ისინი თურმე ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ, თუმცა საქმე აქამდე რატომ მივიდა და რა იყო მკვლელობის მოტივი, ეს ალბათ გამოძიებით გაირკვევა.
მესტიის სოფელ ფარში მერის წარმომადგენელი ჯეირან რეზესიძე:
- ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი და ძალიან განვიცდი. როგორც ვიცი, დამნაშავემ უკვე აღიარა დანაშაული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ისინი ბიძაშვილები არიან, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ისინი არიან მოგვარეები და შეიძლება მათი წინაპრები იყვნენ ბიძაშვილები. მოკლულია თამაზ დევდარიანი და მკვლელობაში ბრალდებულია კობა დევდარიანი. ერთი საძმოს შვილები არიან, ერთ სოფელში ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად. კარის მეზობლები არიან. ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომატით ჰყავს მოკლული. თვითონ აღიარა დანაშაული, თორემ ამას ეს ადამიანი რომ ჩაიდენდა რას წარმოვიდგენდით. იქ მთელი დღე ჩვენთან ერთად იყო, მოკლული თამაზი სახლიდან დაახლოებით 400 მეტრში ნახეს.
- ფაქტს თვითმხილველი ჰყავს?
- არა, რომ არ ეღიარებინა დამნაშავეს, ალბათ გაჭირდებოდა ამის დადგენა. თამაზ დევდარიანს ჰყავს მეუღლე და ის კახეთში, თავის სოფელში ყოფილა წასული. მეუღლე, თამაზ დევდარიანი პატარა სოფელ ლამხელში ცხოვრობს, სადაც სულ ოთხი კომლი ცხოვრობს და ეს სოფელი ფარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. სახლიდან 400-500 მეტრში მოხდა ეს საშინელი ამბავი. სავარაუდოდ მკვლელი ჩასაფრებული იყო და ელოდებოდა თამაზის გამოჩენას. მინდორია, სათიბებია, იქვე არის ბუჩქნარი და სავარაუდოდ იქ იყო მკვლელი დამალული.
მანამდე მათ კამათი ჰქონდათ თურმე და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, თუმცა ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ისეთი არაფერი იყო, რომ საქმე აქამდე მისულიყო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიწაზე ჰქონდათ მათ დავა, ეს არ არის სიმართლე, მიწასთან დაკავშირებით სხვასთან იყო დავა და ამიტომ სხვაზე იყო ეჭვი, თუმცა ის გამოირიცხა. აღიარებითი ჩვენება უკვე მიუცია კობა დევდარიანს. არადა გუშინ მთელი დღე ჩვენთან ერთად იყო. წარმოუდგენელია, ვერც კი წარმოვიდგენდით რომ ეს დანაშაული კობა დევდარიანის ჩადენილი იყო....წაიკითხეთ სრულად