ავტორი:

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდათ - რა ხდებოდა პროცესზე?

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდათ - რა ხდებოდა პროცესზე?

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა დააკმაყოფილა.

ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს პროცედურის დარღვევებს, თუმცა არა გაყალბებას.

"ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმე გვაქვს არა გაყალბების ფაქტთან, არამედ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს პროცედურის დარღვევებთან და არამც და არამც გაყალბებასთან. არცერთი ყალბი ბიულეტენი არაა საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებმა ეს ბიულეტენები ჩაყარეს საარჩევნო ყუთში“,- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის განცხადებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერები ადასტურებს, რომ ორივე ბრალდებულმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბოლნისის სასამართლოში ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) გუშინ წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.