ავტორი:

"გვაქვს 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა, თუ როგორ მოჰპარეს "ქართული ოცნებას" ხმები" - მდინარაძე

"გვაქვს 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა, თუ როგორ მოჰპარეს "ქართული ოცნებას" ხმები" - მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მათ ხმები დააკლეს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი 81 შემთხვევაა იდენტიფიცირებული.

„აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ, ანუ მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, იმ მოქალაქეებთან, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს, ისარგებლეს იმით, რომ იმის შესახებ, რომ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო შესაბამის ფურცელზე ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მეთოდით მოჰპარეს „ნაცმოძრაობის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები.

„მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობას“ და „ლელოს“ - ხელმოწერები არ იყო, გადასატანი ყუთი როდესაც დაბრუნდა უბანზე, იმიტომ, რომ მათ იეჭვეს, რომ ძირითადად გადასატან ყუთში ვინც ათავსებდა თავის არჩევანს გაფერადებულს, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები. ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც ხელი შეუშალეს შეგნებულად იმით, რომ არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში გაბათილდებოდა მონაცემები. ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები, იმ შემთხვევაში თუ წილისყრის საფუძველზე ისინი მოხვდებოდნენ გადასატან ყუთთან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, როგორ ცდილობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში.

„ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში, როგორ ცდილობდნენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ ანუ. მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები ამაზე არ ვისაუბრებ ამის იქით რასაც მე ვამბობ. ისინი ხომ ყველაფერზე საუბრობენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ამის იქით მე არაფერს ვიტყვი, სანამ კონკრეტული ფაქტები არ გვექნება. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოჰპარეს კონკრეტულ ადამიანებს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს თავისი არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევაა. ზოგ შემთხვევაში მათ ვერ მოახერხეს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეძლო, რომ წასულიყო საარჩევნო უბანზე და მიეცა ხმა, აქ უკვე მცდელობაა ხმის მოპარვის. ზოგ შემთხვევებში, იმ შემთხვევებში, რომელიც მე დღეს წარმოგიდგინეთ ვერ შეძლო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.