გიორგუნა სხირტლაძე თავის კუთხეზე, რაჭაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა კაცია. როგორც გვეუბნება, ამბროლაურის სერვის ცენტრში მუშაობს და სახალხო რაიონული ანსამბლის "საგალობელი" მომღერალია.ღირსეული ადამიანების შთამომავალია და რაც მთავარია, ცნობილი რაჭული სიმღერის ("ტაში ბიჭო, გიორგუნა") მთავარი გმირი.
34 წლის წინ ეს ლექსი მას გიგა ბაბუამ დაუწერა, რომელიც შემდეგ საქართველოში ყველამ აიტაცა. ვინ არის დღესდღეობით გიორგუნა სხირტლაძე, როგორ ცხოვრობს და როგორ იხსენებს თავის ბაბუას, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგუნა სხირტლაძე:
- დავიბადე რაჭაში, აქვე ვსწავლობდი. მერე სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წავედი. სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და საოფისე პროგრამების განხრით მაქვს დამთავრებული. უნივერსიტეტის შემდეგ ცოტა ხანს თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ მერე, როცა ჩემი შვილი 3 წლის გახდა, რაჭაში წამოვედით. მინდოდა, აქეთ, სუფთა ჰაერზე გამეზარდა, ბაღში აქ შესულიყო. ჩვენებურ ტრადიციებსა და კულტურას პატარაობიდანვე ზიარებოდა. ამასთან დიდი ოჯახი გვაქვს და სოფელში ხელია საჭირო, მეურნეობას მოვლა, ახალგაზრდული ხედვაც უნდა, მშობლებს გვერდში დგომა. ამიტომ აქეთ წამოსვლა ამანაც გადამწყვეტია. საოჯახო მეურნეობაში, მევენახეობაში მინდოდა, ჩემი წვლილი შეეტანა. ამიტომაც ამბროლაურის რაიონის სოფელი ხიმშში ბევრ რამეს მივხედე.
- ე.ი. ვენახსაც უვლით...
- სახვანჭკარე მიკროზონაში ვართ. ჩვენი ვენახების დიდი ნაწილი ეზოს გარშემოა, 2 ნაკვეთი ეზოს წინაა, რასაც ჩვენი ძალებით ვამუშავებთ. მუშა ხელი არ გვჭირდება, ყველაფერს მე და მამა ავუდივართ. ყურძენს ქართული ტრადიციული მეთოდით ვწურავთ. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვქმნით. ვენახები კირით და შაბიამნით იწამლება, შხამ-ქიმიკატები არასდროს შეგვიტანია. ეს იმისთვის, რომ თვითონაც სუფთა პროდუქტი მივირთვათ და სტუმარსაც ხარისხიანი შევთავაზოთ. ვაყენებთ ცოლიკაურს, ხვანჭკარას, არის ცალკე ხიმშური, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ნაზავია, ლალისფერი, წითელი ღვინო დგება. ჩვენი სოფლის ხიმშური ნამდვილად განთქმულია. ეს რაჭამაც კარგად იცის, იმანაც, ვინც რაჭასთან და ღვინოსთანაც ახლოსაა. ადრეც ასე იყო ხიმშურისგან განსაკუთრებული ღვინო დგებოდა.
გარდა ამისა, ყველანაირი კულტურული მცენარე მოგვყავს და ყველაფერი ოჯახს ჰყოფნის. მასობრივ მეურნეობას არ ვეწევით. ღორსაც ხან ვზრდით, ხანაც ვყიდულობთ. მთავარია, რასაც მოვიყვანთ და შევქმნით, ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალური იყოს... ვიღებთ უცხოელ სტუმრებისაც, გვაქვს მარანი, რომელიც მამაჩემის და დედაჩემის ხელით არის შექმნილი. მარანი დაახლოებით ჩემი ასაკისაა. ამ სახლში საცხოვრებლად მაშინ გადავიდნენ, როცა მე დავიბადე. ასე რომ, ჩვენთან ყველა დეტალი ოჯახის შემოქმედებაა - მამაჩემის და დედაჩემის ხედვა და დიზაინი. დედას ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი უნარები აქვს.
ჩვენს მარანში უკვე ბევრი სტუმარია ნამყოფი. საერთოდ ოჯახის ტრადიცია ასეთი იყო - წლების განმავლობაში ვინც კი რაჭაში პატივსაცემი დელეგაცია ჩამოდიოდა, საჩვენებლად უმეტესად ჩვენს მარანში მოჰყავდათ. მას მერე კი, რაც ხალხმა საქართველოში ტურისტულად აქტიურად დაიწყო შემოდინება, მარნებით და ღვინით დაინტერესდნენ, ამ გამოწვევას ჩვენც ავყევით. ხანდახან ზაფხულში იმდენი ხალხი მოდის, გადარბენა გვაქვს ხოლმე. გვიხარია, ჩვენი პატარა მარნით საოჯახო კულტურით ტურისტი აქედან კმაყოფილი და საინტერესოდ დატვირთული რომ მიდის. ტურისტული განვითარება ქვეყნის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
- როგორც შევიტყვეთ, ბაბუა გიგა სხირტლაძე რაჭაში ცნობილი კაცი ყოფილა...
- ბაბუა პოეტი იყო, ამბროლაურის კულტურის სახლის დირექტორი, ასევე რეჟისორი, საკმაოდ განათლებული კაცი. ბევრი ლექსი აქვს შექმნილი თავის კუთხეზე, ქვეყანაზე. მოკრძალებული ადამიანი გახლდათ და საერთოდ არ უყვარდა დიდად თავის გამოჩენა. იტყოდა ხოლმე - საზოგადოება სათქმელს თავის დროზე იტყვისო და ასეც მოხდა... ყველაფერთან ერთად, საკმაოდ ძლიერი მევენახე იყო. მაღალ დონეზე იცოდა ვაზი და ღვინო, მისი მოვლის კულტურა. მამაჩემსაც ბაბუაჩემისგან ბევრი რამ გამოჰყვა... სტვირსაც დიდებულად ფლობდა და თან თავისივე ლექსებით ამღერებდა. მისი ბევრი ლექსია შემორჩენილი, დღეს მესტვირეები გიგას ლექსებს თავიანთ გუდასტვირზე ამღერებენ.
- მისი სამი შვილიდან დათუნიკა სხირტლაძეს საზოგადოება თავისი ხელოვნებით მასობრივად იცნობდა. დათუნიკა თქვენი ბიძა იყო...
- კი, ასეა. ნამდვილი შემოქმედი იყო არა მარტო ცეკვით, ლექსს საოცრად კითხულობდა. სცენაზე რომ დადგებოდა, მის ყურებას არაფერი სჯობდა - თავისებური ხიბლი ჰქონდა. სცენა საოცრად უყვარდა და ვერ წარმოიდგენთ, იქ გასვლას ყოველ ჯერზე როგორ განიცდიდა და ღელავდა. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა ჰქონდა... დათო სამწუხაროდ 2016 წლის 30 დეკემბერს სცენაზე გარდაიცვალა... ამბროლაურის რაიონს, რაჭას გამორჩეულად უყვარდა. მისი ასეთი გარდაცვალება კი მართლაც საოცარი იყო. ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა. თბილისში "არტოს ბაღში" მოსწავლეები ჰყავდა, ცეკვას ასწავლიდა, მასთან დადიოდა ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი და დათოს დამსახურებაც იყო, რომ მან ცეკვას დიდი დრო დაუთმო. მე და დათუნიკას იმდენი ნასაუბრები გვაქვს, ხანაც ჭიქა ღვინოსთან, ხან - ისე - პოეზიაზე, ხელოვნებაზე. საერთოდ სხირტლაძეებს თავის გამოჩენა დიდად არ გვიყვარს. უკან დგომით გამოვირჩევით. დათო სულ მეუბნებოდა, ბიძია, 100 კაცი რომ იდგეს, წინ ნუ წახვალ, 101-ე დადექი. თავმდაბლობით, კულტურით და ზნეობით მიაღწიე წარმატებას. წინ არასოდეს გამოხტე, ხალხი კი ყველაფერს თავად შეაფასებს, რადგან იციან, ვინ ვინააო.
- თურმე თქვენ ყოფილხართ ის გიორგუნა, ვისაც სიმღერაში უმღერიან...
- კი, ასეა. ამ ლექსის ისტორია კი ასე იწყება - ერთ საღამოს ყველანი სახლში ვიყავით შეკრებილი, უფროსები ვახშმობდნენ. მაშინ 3 წლის ვიყავი, ჩემი მამიდაშვილი - ქრისტინა კობახიძე 6-ის. რაღაც ბაბუამ წაიმღერა, დოლს შემოჰკრეს და ბავშვებმა წავიცეკვეთ. რადგან ქრისტინა ჩემზე უფროსია, ჩემზე გამართულად ცეკვავდა. მე კარგად ვერ მივდევდი და ბაბუამ შემომძახა - "ტაში ბიჭო, გიორგუნა, არ გაგექცეს ეგ გოგუნა" და ეს ლექსი ასე დაიწერა. მერე დათუნიკამ ამ ლექსის 2 კუპლეტი რაჭულ ცეკვაში გამოიყენა. ისე 45-კუპლეტიანი ლექსია.
- მოკლედ, რაჭულ ცეკვას გიგა სხირტლაძის კუპლეტები მოერგო, ხომ?
- თავიდან რაჭულ ცეკვასთან ერთად რომ დაიდგა, ეს ლექსიც ხალხური ეგონათ. ბაბუამ არც მაგაზე გაამახვილა ყურადღება, პირიქით, გაუხარდა. მერე მოიძიეს, გაარკვიეს და დაადგინეს, რომ ლექსში ნახსენები გიორგუნა, მე ვარ, რომ ბაბუამ ლექსი შვილიშვილს დაუწერა.
- გამოდის, ეს სიმღერა უკვე 34 წლისაა, ხომ?
- ასეა… ბაბუაჩემს ჩვენს სოფელში სავენახე ადგილები ჰქონდა, სადაც ზემო რაჭის რამდენიმე სოფლიდან მოდიოდნენ, ვენახებს ამუშავებდნენ, შემოდგომით კი ყურძენს წურავდნენ. შრომის შემდეგ სავახშო იმართებოდა. საღამოს ცეცხლი ინთებოდა და გოგო-ბიჭები ცეცხლის გარშემო ცეკვავდნენ, მღეროდნენ. ეს იმ ყოფის აუცილებელი ელემენტი იყო. ბაბუა მაგ შეკრებებს რომ იხსენებდა, ერთ ამბავს ჰყვებოდა ხოლმე - მის პატარაობაში ერთ-ერთი ისეთი ცეკვა-თამაშისას, და-ძმას საოცრად უცეკვია. გოგო ძალიან ლამაზი ყოფილა, ქეთო რქმევია - მოკლედ, მათ ცეკვას ვერაფრით ივიწყებდა. იმის მერე სულ რაღაც სჭირდებოდა, რომ იმაზე ლექსი დაეწერა. წარმოგიდგენიათ, წლების შემდეგ ქრისტინას და ჩემმა ცეკვამ ის ძველი ემოცია გაუღვიძა და ლექსიც ასე დაწერა.
- საკუთარ ოჯახზეც გვიამბეთ?
- მყავს მეუღლე და 2 შვილი - დაჩი 9 წლისაა და ლილე - 5 წლის. როგორც გითხარით, ბავშვებს რაჭაში ვზრდი. მეუღლე ხიდიკრის ბაღის მასწავლებელია. იქ, სადაც ჩემმა მეუღლემ და მე სკოლა და ბაღი გამოვიარეთ, ბავშვებიც ამ პერიოდს აქ გადიან. რაჭა ჩემთვის ყველაფერია. ბაბუაჩემს ასეთი სტრიქონები აქვს - „რაჭა ეს დიდი ჯალაბი,/ ეს ჩემთვის დიდი სახლია,/ მე მტკიცედ ვიტყვი სხვა ვერა,/ ვისთვისაც ნამოსახლია... /შემინდვე, თუ რამ გაწყინე,/ დედაო, ჩემზე ფიქრებით,/ სხვა მხოლოდ, მე კი ყოველთვის/ შენი მებაღე ვიქნები.
რაჭა დიდი სახლია, დიდი ოჯახია, ჩემი სულია და ყველაფერია. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ გარკვეული ქვეყნები მეც მინახავს, მოგზაურობა ჩემი ხელოვნებიდან და ანსამბლიდან გამომდინარე მიწევს ხოლმე, ბევრჯერ მიფიქრია, რომ რაჭის გარდა ალბათ ვერსად შევძლებდი ცხოვრებას. ასე ვფიქრობ და ალბათ სულ ასე იქნება.