ავტორი:

"ქალბატონი, რომელიც ფინანსებს თავის თავზე იღებდა, მეუბნებოდა, თბილისიდან ბავშვები სომხეთის გავლით წამოიყვანეო, მაგრამ მკაცრი უარი ვთქვი"- რას იხსენებს ირაკლი კავსაძე 2008 წლის ომზე?

"ქალბატონი, რომელიც ფინანსებს თავის თავზე იღებდა, მეუბნებოდა, თბილისიდან ბავშვები სომხეთის გავლით წამოიყვანეო, მაგრამ მკაცრი უარი ვთქვი"- რას იხსენებს ირაკლი კავსაძე 2008 წლის ომზე?

"თითქოს გიორგი სააკაძესავით გამომივიდა, მაგრამ შიში არ მქონდა. არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვქონია განცდა, ვაიმე ჩვენს შვილებს იქ რა ეშველებათო" - იხსენებს მსახიობი, რეჟისორი ირაკლი კავსაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე... იგი ამერიკიდან გვესაუბრა და ამ ამბავსაც საზოგადოებას პირველად გაანდობს...

- ბატონო ირაკლი, ამერიკაში გადასვლა, შემოქმედებითად თავიდან აწყობა, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა, საქართველოში თავის წილი ყურადღება... ეს ყველაფერი ერთად რთული არ იყო?

- საინტერესო კითხვაა... თუ შენი ქვეყნის მიმართ ისეთი დამოკიდებულება გაქვს, შენი საქმე შენს ქვეყანაზე ლაპარაკობდეს, მაშინ ღირს უძილო ღამეები... ამერიკაში ახლად ჩამოსულს რომ მეკითხებოდნენ საიდან ხარო, ჯორჯიას გაგონებაზე მაშინვე "რაშას" იძახდნენ. ამაზე რამდენიმე კონტრშეკითხვა მქონდა: ჯერ ვეკითხებოდი, რატომ ამბობ "რაშას"-მეთქი და რა ვიციო, ვინც იტყოდა, მერე ვეუბნებოდი, რომ მეთქვა უკრაინელი ვარ, "რაშას" მეტყოდი-მეთქი?- ამ დროს საბჭოთა კავშირს ახსენებდნენ და ვუხსნიდი, რომ საბჭოთა კავშირის დაბადების დროს შეიქმნა ქვეყანა - უკრაინა, როგორც გეოგრაფიული ერთეული, სახელმწიფო... ჰოდა მორჩით რა ბაზარს, რუსეთთან არც ენა, არც კულტურა გვაქვს საერთო, იმპერიის ორასწლიანი გავლენა არსებობს კულტურის რასაკვირველია, ისევე როგორც სხვა დიდი იმპერიების, მაგრამ ქართული ეს უძველესი კულტურაა -მეთქი! ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ძალიან, ძალიან იშვიათია ვინმე ასეთი გამოჩნდეს და გითხრას, ჯორჯია "რაშა" არისო...

- ყველაზე დიდხანს, რამდენი წელი არ ყოფილხართ საქართველოში?

- შვიდი წელი თბილისში ვერ ჩამოვედი. ეს შვიდი წელი ჩემთვის ძალიან ბევრი იყო, მაგრამ კახი ავსებდა თავის ჩამოსვლებით... ამერიკაში ჩამოსვლიდან ფაქტობრივად ორ წელიწადში სპექტაკლზე - "სტუმარ-მასპინძელი" დავიწყეთ მუშაობა, მოგეხსენებათ კახიმ ამ სპექტაკლში მუსას როლი ინგლისურ ენაზე შეასრულა... გარდა სპექტაკლისა, კახი ისედაც ხშირად ჩამოდიოდა, რადგან ხვდებოდა მე თბილისში ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი. შვილიშვილებს მოინახულებდა, ზაფხული თუ იყო, აქვე არაჩვეულებრივი აუზი გვაქვს, ძალიან მოსწონდა...

- შვიდი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება როგორ გახსენდებათ?

- შვიდი წლის შემდეგ, დიდი პაუზის შემდეგ თბილისში 2008 წელს, ზაფხულში ჩამოვედი, 29 ივლისს ამერიკაში დავბრუნდი, ბავშვები კი თბილისში დავტოვე. შემდეგ, 8 აგვისტოს საქართველოში რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს.

- ომის დროს თქვენ ამერიკაში იყავით და ბავშვები საქართველოში?

- დიახ და ამას პატარა ისტორიაც ახლავს... საქართველოში რაც ხდებოდა, აქ "ვაშინგტონ პოსტი", მთელი ამერიკული პრესა იუწყებოდა... თეატრში იმ პერიოდში სხვა სპექტაკლს ვდგამდით, მაგრამ ამ ომმა გადაგვაწყვეტინა, რომ სპექტაკლი "სტუმარ-მასპინძელი" შემოგვებრუნებინა. "სტუმარ- მასპინძელი" 2003 წელს დაიდგა, შემდეგ საგასტროლოდ ფილადელფიაში, ნიუ-იორკში ვიყავით და რადგან აქ მაყურებელი სულ ახალ სპექტაკლებს ითხოვს, პრემიერებს ვთავაზობდით... რუსეთ-საქართველოს ომის დროს "სტუმარ-მასპინძელი" გამოვიტანეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კახი ვეღარ ჩამოვიდა და მუსას როლი მე ვითამაშე...

კავსაძეები

რაც ომი დაიწყო, მთელი ამ დღეების განმავლობაში, მირეკავდა ერთი ფანტასტიკური ქალბატონი, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენი თეატრის პატრონი. ის აფინანსებდა თეატრს, სულს და გულს იღებდა... ეს ადამიანი მექაჩებოდა, თბილისიდან ბავშვები სომხეთის გავლით წამოიყვანეო. ამერიკის საელჩოს თავიანთი მოქალაქეები ასე გამოჰყავდათ საქართველოდან.. ეს ქალბატონი ყველანაირ ფინანსურ უზრუნველყოფას თავის თავზე იღებდა, მაგრამ მკაცრი უარი განვაცხადე და ასე რომ ჩემი შვილები საქართველოში დარჩნენ.

- შინაგანად არ გქონდათ შიში რომ ბავშვებს აქ საფრთხე შეექმნებოდათ?

- თითქოს გიორგი სააკაძესავით გამომივიდა, მაგრამ შიში არ მქონდა. არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვქონია განცდა, ვაიმე ჩვენს შვილებს იქ რა ეშველებათო... ასე მივუდექი: კარგი, ჩემი შვილები - შვილებია, მაგრამ მამაჩემი - მამაჩემი არ არის? ჩემი და - ჩემი და არ არის? ჩემი დისშვილი - ჩემი დისშვილი არ არის? ჩემი დეიდაშვილი, ბიძაშვილი ჩემები არ არიან?

მთელი საქართველო ჩემიანია და ჩემი დამოკიდებულება ასეთი მასშტაბური იყო, არა ის, რომ ჩემს შვილებზე მეზრუნა და სხვაზე აღარაფერზე მეფიქრა... თუ ასეთ დროს ბავშვები გამოვიყვანე და წყნარად ვარ, მაშინ ნაძირალა ვყოფილვარ!

- საქართველოში სად იმყოფებოდნენ?

- საქართველოში უფრო სანდო ადგილას იყვნენ, ვიდრე სადღაც აბარგებულიყვნენ, რომელიღაც თვითმფრინავში ჩამსხდარიყვნენ და გადამსხდარიყვნენ.. ბავშვები მამაჩემთან, ჩემს დასთან იყვნენ, მე მათი მჯეროდა... ჩემს დისშვილს, რომელიც იმ პერიოდში პატარა აღარ იყო, ახალგაზრდა, ჯანმრთელ ბიჭს შვილებს მიანდობდი. ეს ბიჭიც ჩემს ხელშია გაზრდილი, მამამისი ჯარში რომ იყო, ბავშვს „პილიონკებში“ მე ვახვევდი, ისიც ჩემი შვილია და წარმოიდგინეთ, მამა, ჩემი და, დისშვილი დამეტოვებინა და მარტო შვილები გამომეყვანა უსაფრთხო ადგილას...

- როგორც ვიცი, აფხაზეთზე ბევრი მოგონებები გაქვთ?

- დიახ, ძალიან ხშირად ვიყავი ბავშვობაში აფხაზეთში, რომელიც იმდენად ულამაზესია, მართლაც მარგალიტია!... ბევრი წლები გავიდა, აფხაზეთის ომში უამრავი მეგობარი დავკარგე, მთელი ისტორიები გავიარეთ აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც მაქვს განცდა, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება! აფხაზეთი იმდენად ორგანული ნაწილია საქართველოსი... საქართველოს ბევრი ტერიტორიები წაართვეს, მოაჭრეს, დაჩაგრეს, მერე ისევ აღადგინეს, ისევ შემოესივნენ, საქართველოს ისტორია ტრაგიზმით სავსეა. თანამედროვე დროს როცა ასეთი რამ ხდება, უკვე წესები ცოტა შეცვლილია...

კახი და ირაკლი

აფხაზეთი მართლაც ერთ-ერთი გასაოცარი ადგილი, არაკაცებმა ასე აქციეს, მაგრამ იქ ისეთი ბუნებაა, რაც არ უნდა მოინდომონ, ვერაფერს დააკლებენ! თუმცა მოუვლელი და მიგდებული რომ არის, აფხაზეთიდანა არის უკვე სიგნალები, ვიღაც მარიონეტი კი არა, თვითონ ხალხი იძახის, შეცდომა იყო, რაც ცხელ გულზე მოხდაო... მართლაც პროვოცირება მოხდა, თან ამ ომის პროვოცირების ნაღმი დიდი ხნით ადრე იყო ჩადებული. ყველაფერი ისე მიტრიალდა, ვერავინ შეირგო და დარწმუნებული ვარ ხვალ ან ზეგ რომ მოხდეს შერიგება, დასხდომა, ადეკვატური საუბარი, ყველაფერს ახალი ფურცლიდან ვიწყებთო, ამ ახალ ფურცელს თავისი კონსტიტუცია, მთელი რიგი საკითხები მოჰყვება, რომელიც დალაგდება! უბრალოდ ადამიანებმა ადამიანურად უნდა ილაპარაკონ! თვალწინ სულ ასეთი კარიკატურა მიდგას, რომ რუსეთს აფხაზეთი ძვალივით აქვს კისერში გაჩხერილი, ვერც ყლაპავს და ამოღებაც არ უნდა, ეზარება, თან ჯორზე ზის... რაღაც ხდება ძალიან საინტერესო და მოკლედ მე მჯერა, რომ აფხაზეთი დაბრუნდება!