დედაქალაქ ალბანეთის ტირანაში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და 5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ჰყავს.
კენჭაძემ ფინალამდე იბრაჰიმ იაპრაკი (თურქეთი) 11:0, კოტა ტაკაჰაში (იაპონია) 12:1, დაულეტ ერგეში (ყაზახეთი) 10:0 და მოჰამად ნოხოდილარიმი (ირანი) 14:5 დაამარცხა.
გადამწყვეტ ბრძოლაში კენჭაძის მეტოქე რუსი მაგომედ მაგომაევი იყო, რომელსაც დიდი უპირატესობით, 13:4 მოუგო და ჩვენს ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არ არის დღევანდელი ფინალი, ეს არის 18 წელი ჩემი ცხოვრების, რომელიც დავუთმე ჭიდაობას და ამ მომენტს ველოდებოდი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ სიხარულს, ძალიან ბედნიერი ვარ" - თქვა გამარჯვების შემდეგ კენჭაძემ.
მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა მიაღწია წარმატებას. ოქროს მედლისთვის იბრძოლა მირიან მაისურაძემაც, რომლის მეტოქე ლეგენდარული აბდულრაშიდ სადულაევი იყო, რომელთანაც სამწუხაროდ დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საბოლოოდ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში, 21-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.