ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს რომ 26 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, პროკურატურა მისგან ითხოვს მტკიცებულებებს, როდესაც ეს სწორედ საგამოძიებო უწყების მოვალეობაა.
“ეს არის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ვრცელდება ყველა მხრიდან. ეს არის ის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება და არც განმარტება, პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
მტკიცებულებებს თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება. მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია სხვა მსგავსი პრეცედენტი.
პროკურატურა კიდევ უფრო უცნაურია. ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს, თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, თურმე მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. დისკრედიტაცია რატომ, არ ვიცი, ეს არის ფაქტები, რომელიც ყველგან გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა და ყველამ შეამჩნია. ფაქტობრივად, ყველა მოქალაქე ჩართულია მტკიცებულებების მოგროვებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები, სადამკვირვებლო მისიები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემურ დარღვევისა და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ან პროკურატურას ევალება ან საერთაშორისო გამოძიებას.
ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს რომ 26 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა და ეს ჩამოთვალა სწორედ ჟოზეფ ბორელმა - ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობების ჩამორთმევა, კარუსელი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც საიამ გამოაჩინა - ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზედაც საიას წინასწარ ჰქონდა საჩივარი შეტანილი და ცესკოს უნდა შეეცვალა ისინი.
არის ძალიან სერიოზული დარღვევები - დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება, როცა ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნების გახსნაზე და ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 ადამიანს მიეცა უფლება, არჩევანი გამოხატოს და ეს არის პირდაპირ მათი უფლებების შეზღუდვა და ჩვენი მოქალაქეების დისკრიმინაცია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ მისი გამოკითხვაზე დაბარება „უცნაურად ემთხვევა“ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ „საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა“.
„მე ახლა პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს. არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ არა.
წაიკითხეთ ასევე: