"ევროკავშირი მოელის, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამისი ორგანოები შეასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, რათა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა.
"შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში შაბათს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიამ გამოაქვეყნეს პირველადი რეაქცია, რომელშიც ნათლად განვაცხადეთ, რომ ევროკავშირი მოელის, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამისი ორგანოები შეასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, რათა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ამ დარღვევების დაზუსტება და განხილვა უნდა მოხდეს“, - განაცხადა ნაბილა მასრალიმ.
ნაბილა მასრალიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს ელის, რომელთა განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
"რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მიიღოს დემოკრატიული, ინკლუზიური და მდგრადი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, გაწვეული უნდა იყოს. ჩვენ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არჩევნების მნიშვნელობას ნოემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ საბჭოზე განიხილავს და ასევე, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერთა არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანს“, - აღნიშნა ნაბილა მასრალიმ.
კითხვაზე, სცადა თუ არა რუსეთმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდება მასრალიმ განაცხადა, რომ "სამართლიანია იმის თქმა, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა“.