ავტორი:

"ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები, მაგრამ ეს მათი საქმეა" - პესკოვი

"ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები, მაგრამ ეს მათი საქმეა" - პესკოვი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კრემლი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ.

მისი თქმით, ასეთი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. იცით, ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება - მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კატეგორიულად უარვყოფთ ამ ბრალდებებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს ამ არჩევნების შედეგებში.

„ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს ამ არჩევნების შედეგებში. სხვათაშორის, იგივე ქალბატონმა (ზურაბიშვილმა) განაცხადა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღიაროს თუ არ აღიაროს არჩევნები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი შიდა ქართული საქმეა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა ხდება.

„ჩვენ ამას შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ. ეს, ფაქტობრივად, საჯაროდ არის გაცხადებული - რომ რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა ხდება. შეუიარაღებელი თვალით ჩანს ჩარევის მცდელობებიც, მაგრამ არა რუსეთის მხრიდან. კენჭისყრის შედეგზე გავლენის მოხდენა ცდილობდნენ ძალები ევროპის ქვეყნებიდან, სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტებიდან. ეს არც კი დაუმალავთ და საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. მოსკოვისგან განსხვავებით. ჩვენ არ ვერევით შიდა საქმეებში და არც ვაპირებთ ჩარევას“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

წაიკითხეთ ასევე: