„ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ - ახალი ქართული დეტექტივი „პალიტრა L-ის“ კონკურსის გამარჯვებულისგან

„ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ - ახალი ქართული დეტექტივი „პალიტრა L-ის“  კონკურსის გამარჯვებულისგან

„პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდის ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ გამარჯვებულთა წიგნები უკვე გამოიცა და მთელი საქართველოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი. გამარჯვებულებს შორის მოხვდა ნათია საგინაშვილის დეტექტივი - „ფრთხილად, ცირკში მკვლელია!“, რომელიც ჟანრის მოყვარულთა აღმოჩენა გახდება.

წიგნის სიუჟეტი ასეთია: 9 ოქტომბრის ღამეს ცირკში ჯამბაზს კლავენ. მკვლელობის გამოძიებას თეიმურაზი და მისი სტაჟიორი, ტატო, იწყებენ. ტატოს თავის კარიერაში დებიუტი აქვს. თეიმურაზი კი დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობის დატოვებას აპირებს და წასვლამდე უკანასკნელი საქმის აღებას თანხმდება.

უდანაშაულო ჯამბაზის მოკვლის მიზეზის გარკვევას მოხუცი დეტექტივი და ახალგაზრდა სტაჟიორი ფართომასშტაბიან დანაშაულთან მიჰყავს. გამოძიების მსვლელობა სახიფათო თავგადასავლის სახეს იღებს, რაც მკვლელობათა ახალი სერიითა და მოულოდნელი აღმოჩენებით სრულდება.

როგორც კონკურსის გამარჯვებული ნათია საგინაშვილი გვიამბობს, დიდი სიფრთხილით შეარჩია ჟანრი და წიგნის სიუჟეტი, რადგან სურდა, ეს შანსი გამოეყენებინა და წარმატებისთვის მიეღწია:

„გადავწყვიტე მეცადა და დამეწერა დეტექტიური სიუჟეტის მქონე ამბავი, რომელშიც მოქმედება საქართველოში ხდება და ყველა მთავარი პერსონაჟი ქართველია“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, დეტექტიურ ჟანრში საყვარელი ავტორი და პერსონაჟი არტურ კონან დოილი და მის მიერ შექმნილი გენიალური ლიტერატურული პერსონაჟი - შერლოკ ჰოლმსია.

„გავლენას რაც შეეხება, ნაწილობრივ გავითვალისწინე ის ნიშან-თვისებები, რაც მკითხველს ასე ძალიან იზიდავს დეტექტიურ რომანებში, თუმცა მაინც ვეცადე დიდად არ მიმებაძა სხვა ავტორებისთვის და განსხვავებული წერის სტილი შემექმნა. აქვე, ვიტყვი იმას, რომ ჩემი წიგნი მხოლოდ დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები არ არის, ძალიან დიდი დოზით არის მასში სათავგადასავლო ეპიზოდები და მცირედით სომარიც“, - განმარტა ნათია საგინაშვილმა.

ის კონკურსში გამარჯვების ემოციებსაც უზიარებს მკითხველს:

„ყოველთვის მინდოდა საკუთარი ხელმოწერა ავტოგრაფად მექცია. პალიტრა L- ის პროექტში გამარჯვებამ ამის შესაძლებლობა მომცა. ის ფაქტი, რომ წიგნი კონკურსის ფარგლებში გამოვეცი და თან ჟიურის რჩეული გავხდი, უდიდეს მოტივაციად მექცა. ჩემი ლიტერატურული მოგზაურობა საინტერესოდ დაიწყო. „გახდი ბესტსელერის ავტორში“ გამარჯვება ცხოვრების სრულიად ახალი, ცვლილებებითა და გამოწვევებით აღსავსე ეტაპი გახდა.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩემს მენტორთან, ნინო ბექიშვილთან, ერთად მუშაობა იყო. მისი წყალობით, რედაქტირების პროცესი ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა და „ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ ნამდვილ წიგნად იქცა. პირვანდელმა ტექსტმა განსხვავებული ელფერი შეიძინა და მკითხველამდე საუკეთესო ვარიანტი მივიდა. მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები მივიღე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება. საბოლოო ჯამში, მენტორთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება და გამოცდილება იყო. ძალიან მიხარია, რომ პროექტის ფარგლებში ასეთი საოცარი ადამიანი გავიცანი. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის“, - აღნიშნა ავტორმა.

გამარჯვებულის, ნათია საგინაშვილის მენტორმა წიგნზე მუშაობის პროცესსა და კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ძალიან საინტერესო ავტორია, ახლა იწყებს ყველაფერს და მგონი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კონკურსში გამარჯვება, რადგან ეს მისცემს მოტივაციას, გააგრძელოს წერა. მუშაობის პროცესი საინტერესო იყო და წარმატებებს ვუსურვებ ავტორს.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დამწყები ავტორებისთვის, რადგან საშუალებას აძლევს, თავი მოუყარონ უკვე შექმნილ ნამუშევრებს და წარადგინონ ის ან დაინახონ საკუთარ თავში პოტენციალი და საკონკურსოდ შექმნან რაიმე ახალი. ასევე, კონკურსი მათ აძლევს რედაქტორთან და ასევე ტექსტზე მუშაობის გამოცდილებას. მგონია, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ახლა იწყებს წერას“, - განმარტა ნინო ბექიშვილმა.

ნათია საგინაშვილის დეტექტივის შესაძენად მიჰყევით ბმულს ან ეწვიეთ წიგნის მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

R