ავტორი:

"დღეს კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის" - რას აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

"დღეს კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის" - რას აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია "ახალის“, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და "ძლიერი საქართველოს“ წევრები. მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს.

  • ვნახოთ, რა თქვეს ლიდერებმა ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

თინა ბოკუჩავა:

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე", - ამბობს “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.

ამასთან, თინა ბოკუჩავას განმარტებით, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს.

"ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა. ხალხმა ნდობის მანდატი რეალურად მისცა კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას და არა ივანიშვილის რუსულ ერთპარტიულ მმართველობას. ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი, მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები. როგორც გუშინ განვაცხადეთ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ნიკა გვარამია:

"თუ განაცხადი იქნება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არაა გამოხატული, მაშინ გუშინდელ არჩევნებს ქვეყანაში დელეგიტიმაცია გამოუცხადდება, ხოლო ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე", - აცხადებს კოალიცია"ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

გვარამიას თქმითვე, "გამორიცხულია, რომ კოალიციას პარლამენტში შესვლაზე ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს“.

"ხალხის ხმა იძლევა ლეგიტიმაციას და არა უცხოეთი, არა რომელიმე სხვა. ლეგიტიმაციის თუ დელეგიტიმაციის საკითხები წყდება შიგნით, ქვეყანაში. [ერთი ვარიანტია,] თუ ქართველი ხალხი განაცხადებს, რომ ამ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მათ ნებას, ან მეორე - რომ გამოვაცხადოთ, რომ გვჯერა, ამ ქვეყანაში ყოველი მეორე და კიდევ უფრო მეტი „ქოცია“. თუ განაცხადი იქნება პირველი, მაშინ ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით დელეგიტიმაცია გამოუცხადდება და ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო სარბიელზე. გამორიცხულია, რომ კოალიციას პარლამენტში შესვლაზე ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს და არავის ვურჩევ, რომ ინდივიდუალური პოზიციები ამგვარად გამოხატოს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი ვაშაძე:

"[პრეზიდენტთან ] აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე - დღეს, კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ", - აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნების შედეგები არის დაწერილი და ის რეალობას არ ასახავს.

"ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული, არამედ დაწერილი შედეგები. ამ არჩევნებში ხალხმა გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის მყარი. აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე, დღეს აუცილებლად, უკვე კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცხადა ვაშაძემ.