მთაწმინდის მე-16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მწყობრიდან გამოვიდა სამივე ხმის მთვლელი აპარატი - ვაკის მე-14 საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის აპარატები და ხმის მთვლელი აპარატები პერიოდულად გამოდიოდა მწყობრიდან, რის გამოც ფერხდებოდა კენჭისყრის პროცესი, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცა.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე "სამართლიან არჩევნებს" საარჩევნო უბნებზე 34, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიაში 13 საჩივარი აქვს შეტანილი. ამასთან, ჩანაწერთა წიგნში გაკეთებულია 22 შენიშვნა.
"სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კენჭისყრის პროცესში შეიმჩნევა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევები სიმრავლე. მათ შორის, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლების უფლების შეზღუდვის და მათზე ფიზიკური ძალადობის, ამომრჩეველთა მობილიზების, ელექტრონული აპარატების ხარვეზების არა ერთი შემთხვევა.
მარნეულის საარჩევნო ოლქში, 69-ზე უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა, ამბროლაურის მე-18 უბანზე კი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ორჯერ მისცა ხმა. საარჩევნო უბნის მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში შეინიშნებოდა არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის, პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც,“ - განაცხადა დოლიძემ.
"მარნეულის საარჩევნო უბნებზე კი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საარჩევნო კაბინაში შესული ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ფაქტები, როდესაც არაუფლებამოსილი პირები შედიოდნენ მასთან კაბინაში და კარნახობდნენ, რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის გამო, დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა გადასატან ყუთში არსებული ბიულეტენების ბათილობა.
მთავარ ტენდენციად, წინა არჩევნების მსგავსად, შეიძლება დასახელდეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის მანძილზე პარტიების კოორდინატორების და აგიტატორების შეკრება და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის ხელშეშლა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობენ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები" - ნათქვამია ინფორმაციაში.
რა განცხადებას ავრცელებს ომბუდსმენის აპარატი?
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანი თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბანზე თავად იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა და უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების პროცესს დააკვირდა.
„უშუალოდ უსინათლო პირთან მიმართებით გამოიკვეთა, რომ საუბნო კომისიის წევრები არ ფლობენ უსინათლო პირთან კომუნიკაციის წესებს, ვერ განუმარტეს მას ხმის მიცემის პროცედურა და ვერ უპასუხეს ამომრჩევლის მიერ დასმულ კითხვებს.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უსინათლო პირებისთვის მომზადებული ჩარჩო/ფორმა არ იძლევა მისი დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობას. რთულია ბიულეტენის ჩარჩოში მოთავსებაც, რადგან უსინათლოსთვის გაურკვეველია ფურცლის რომელ მხარეს ათავსებს. და საბოლოოდ, შესაძლოა, რიგი პრობლემების გამო, უსინათლო პირის არჩევანი არ დაემთხვეს მისთვის სასურველ კანდიდატს”, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორია ცესკოს პასუხი?
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება. მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები.
"საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს. ამიტომ კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და ხელი შევუწყოთ მათი ნების გამოვლენას მშვიდ გარემოში.
გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ამიტომ გვინდა მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომელიც დაფიქსირდა ამ დრომდე. სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი. თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება“, - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის ინფორმაციით, 13:00 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 50 განცხადება/საჩივარი. რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა; უბნის გარეთ მომხდარი ფაქტი; აგიტაცია; უბნიდან გაძევება და დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა.
გარდა ამისა, როგორც პრესსპიკერმა ბრიფინგის ბოლოს განაცხადა, ფოთის №15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე ცუდად გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა.
„გვინდა გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია. ფოთის №15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
წაიკითხეთ ასევე: