ავტორი:

"14 ბავშვი დაობლდა... წალკის კოლორიტი ახალგაზრდობა დავკარგეთ" - რას წერენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებზე?

"14 ბავშვი დაობლდა... წალკის კოლორიტი ახალგაზრდობა დავკარგეთ" - რას წერენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებზე?

უმძიმესი ავარია მოხდა 23 ოქტომბერს წალკაში. ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი “ფორდის“ მარკის ავტომობილი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.

  • გარდაცვლილები არიან ლაშა ქალდანი, გოჩა ვიბლიანი, ამირან გურჩიანი და გია ფირცხელიანი.

"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, საშინელი დღე გათენდა, 4 ახალგაზრდა კაცი აღარ არის ცოცხალი. ბიჭებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ამბობენ, ერთი მრავალშვილიანი მამა იყო და 5 შვილი ჰყავდაო. გლოვაა წალკაში, ყველა განიცდის ამ საშინელ ამბავს. გარდაცვლილებიდან ორს ვიცნობდი, გია ფირცხელიანს და ამირან გურჩიანს. ძალიან მეცოდება ყველა და მათი ოჯახები. აქციაზე იყვნენ გუშინ წასულები და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს ფაქტი მოხდა. ძალიან ვწუხვართ ყველანი და დიდი დანაკლისია ასეთი ახალგაზრდების დაღუპვა“, - ამბობს ადგილობრივი.

გუშინ გარდაცვლილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ისინი ოჯახებში უკვე გადაასვენეს. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, წალკაში გლოვაა, რადგან მათ საუკეთესო ადამიანები დაკარგეს.

გარდაცვლილების ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამი მათგანი დაოჯახებული იყო და ისინი მრავალშვილიანი მამები იყვნენ.

"ვიზიარებ მთელი წალკის საშინელ ტრაგედიას - 4 ახალგაზრდის გარდაცვალებას. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა. გამძლეობას ვუსურვებ ოჯახებს. სიტყვები უძლურია მათ სანუგეშებლად... დავმუნჯდი.

წალკის კოლორიტი ახალგაზრდობა. მრავალშვილიანი მამები. 14 ბავშვი დაობლდა. სამ მეუღლეს გაუტყდა უღელი. 1 კი თითქმის უწვერული- ვერც კი მოესწრო დაოჯახებას.დიად სულში ჩატეული რამდენი დაუსრულებელი საქმე გაიყოლეს იმ ქვეყანაში... რამდენ ღირებულ, საქებარ და ღირსეულ საქმის აღასრულებდნენ ამ ქვეყანაში დღეთა გრძელებით" - წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.