ავტორი:

"სპექტაკლისთვის ვემზადები, უნდა "გავქაჩო"... თურქმა ექიმებმა მითხრეს, ნუ გგონია, საბოლოოდ განიკურნებიო, თუმცა..." - 2 წელი მძიმე დიაგნოზიდან: როგორია გია ბურჯანაძის მდგომარეობა?

"სპექტაკლისთვის ვემზადები, უნდა "გავქაჩო"... თურქმა ექიმებმა მითხრეს, ნუ გგონია, საბოლოოდ განიკურნებიო, თუმცა..." - 2 წელი მძიმე დიაგნოზიდან: როგორია გია ბურჯანაძის მდგომარეობა?

მსახიობი გია ბურჯანაძე დაახლოებით 2 წლის წინ მძიმე დიაგნოზის წინაშე აღმოჩნდა. მისი თქმით, ერთ დღესაც ვარჯიშიდან დაბრუნებულს, უთხრეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა...

გია ბურჯანაძე მას მერე მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადის. სამი დღეა, რაც თურქეთიდან დაბრუნდა. ოპერაცია 8 ოქტომბერს ჩაუტარდა.

მსახიობი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე. თუმცა ოპერაციის შემდგომი პრობლემები მაინც იქნება, შეიძლება ამას რამდენიმე თვე დასჭირდესო.

- ზოგადად როგორი განწყობა გაქვთ?

- საერთოდ, ყველაფერზე ვნერვიულობ - ჩემს თავზე, ქვეყანაზე... ცხოვრებაში წნევა არ მქონია და ახლა ამ ყველაფერს ესეც დაემატა. ექიმებმა მითხრეს, ესეც დროებითიაო.

- როგორ ფიქრობთ, ამ გამოიწვია ეს მძიმე დიაგნოზი?

- არ ვიცი, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი, სპორტულად ვცხოვრობდი, ჯანზე ვიყავი, მაგრამ ეს ხომ ვერაგი დაავადებაა?!. რადგან არაფერი მაწუხებდა, ექიმთან კვლევაზე ჩემი ფეხით არასდროს მივსულვარ. თურმე შეცდომა ყოფილა. ადამიანი 50 წელს რომ გადააბიჯებ, გამოკვლევები პერიოდულად სულ უნდა ჩაიტარო, რომ რამე არ გაიპაროს. ეს არ ვიცოდი და ყურადღება ამაზე არც გამიმახვილებია. ხომ ვამბობ, ჯანზე ვიყავი, სპორტულად ვცხოვრობდი. სერიოზულად ვვარჯიშობდი, ჰანტელებს, პრესის "დაკაჩავებას" არ ვიკლებდი, ენერგიაზე ვიყავი, მეგონა, კედელს გავანგრევდი.

- ამიტომ არანაირ კვლევას საჭიროდ არ თვლიდით?

- კი და ეს ჩემი შეცდომა იყო. შეცდომა ისიც იყო, რომ ამ კუთხით ცოდნაც არ მქონდა, არ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო.

გია ბურჯანაძე მარტში ქიმიოთერაპიის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში გამოჩნდა

- არანაირი სიმპტომი არ გქონდათ?

- არანაირი, იმ დღესაც ნავარჯიშევი მივედი კლინიკაში, მძიმე დიაგნოზი რომ დამისვეს. გამეცინა, ალბათ გეშლებათ, სხვის დიაგნოზს კითხულობთ-მეთქი... ამიტომ ახლა ყველა მოვუწოდებ, რომ 50 წლის მერე წელიწადში ერთხელ, ან 2 წელიწადში ერთხელ მაინც ყველანაირი გამოკვლევა ჩაიტარონ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაში რაიმე არ გაეპაროთ.

- როდესაც ამ უსიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოჩნდით, რეალობას თვალი როგორ გაუსწორეთ?

- საშინელი სტრესია. პირველი დღეები ამისგან გაოგნებული ვიყავი. მერე მეგობრები, ნაცნობები, უცნობები გვერდით დამიდგნენ. მანამდე ერთი ის ვიცოდი, ვისაც ეს დაავადება ემართებოდა, მკურნალობა საშინელ თანხები უჯდებოდათ, სახლს ყიდდნენ, ვალებს იღებდნენ... პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ 5 წელი ზედმეტი რომ მეცხოვრა, ოჯახს უბინაოდ ვერ დავტოვებ-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ ონკოპაციენტებს მკურნალობისას ბევრ რაღაცას სახელმწიფო უფინანსებს. ქიმიოთერაპია ძალიან ძვირი ჯდება და ამას სახელმწიფო მიფინანსებს და კიდევ რაღაც პროცედურებს. ონკოპაციენტებისთვის სპეციალური პროგრამა არსებობს. ამ მხრივ მოკლედ, დამამშვიდეს. ამას მეგობრების თანადგომაც დაემატა...

  • ექიმებმა კი მითხრეს, უნდა გამოგვყვე, მოთმინება გამოიჩინოო. როგორც ადრე, ისე ვეღარ იცხოვრებ, მაგრამ საქმეს გააკეთებ და ცოცხალი იქნებიო. კი, საქმეს გავაკეთებ და ახლა 2 ნოემბერს სპექტაკლი მაქვს სათამაშო "მარჯანიშვილში". ამისთვის ვემზადები, რომ "გავქაჩო"...

მერე ისევ ქიმია და ასე, როგორც არის ონკოპაციენტების ცხოვრება. გადამოწმება, მკურნალობა, რომ სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნო. თურქეთში ექიმებმაც მითხრეს, რომ ნუ გგონია, საბოლოოდ განიკურნებიო. ასეთი რამ არ ხდება. შეგიძლია დაავადება რემისიაში გადაიყვანო, მაგრამ მაინც სულ მკურნალობის, გამოკვლევა-დაკვირვების ქვეშ უნდა იყოო. მაშინ როცა ცხოვრების მანძილზე ექიმებთან ჩემი ფეხით არასდროს მივსულვარ, ახლა მივყვები მათ რეკომენდაციებს.

მირჩევენ მშვიდად ვიყო, მაგრამ ნერვიულობის გარეშე ცხოვრება არ გამოდის - 63 წელი სხვანაირად ვიცხოვრე. პირველ ადგილზე იყო ჩემი ქვეყანა, ჩემი ოჯახი და ჩემი საქმე. ახლა როცა ქვეყანაში პრობლემებია, ამას განვიცდი, ამის გულთან არ მიიტანა შეუძლებელია. მაშინ ნაჭუჭში უნდა ვიცხოვრო, ლოკოკინა კიდევ ჯერჯერობით არ ვარ, კაცი ვარ და ქართველი ვარ! მტკივა ჩემი ქვეყანა და მის მომავალზე ვფიქრობ. ჩემზე კი არ ვფიქრობ, მე დღეს ვარ ხვალ შეიძლება არ ვიყო.

- რას ეტყოდით სხვებს?

- დეკემბერში 2 წელი ხდება, რაც ეს დიაგნოზი დამისვეს. როდესაც რაღაცას კარგავ ადამიანი, იმას მერე გრძნობ და განიცდი, მის ფასსაც მერე იგებ. სულ ასეთი განცდა მაქვს... ამიტომ სანამ გვაქვს ის, რაც გვაქვს, დავაფასოთ. მადლობა ვუთხრათ ყოველდღე უფალს იმისთვის, რომ გვაქვს 2 ხელი, თავი და საღი აზროვნება. ეს დიდი ბედნიერებაა. ბედნიერებაა, ყოველდღე მზე რომ ამოდის და ამ სილამაზეს ვუყურებთ. ზოგადად ღვთისგან ბოძებულ ბედნიერებას დაფასება უნდა. თუ გეუბნებიან, რომ ცოტა შენც აკონტროლე შენი თავი, უნდა აკონტროლო. კი, ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, რომ არც ჩვენი თავი ჩავიგდოთ ცუდ მდგომარეობაში და არც ახლობლები გავაწვალოთ. დიდი მადლობელი ვარ ჩემ გარშემო ყველასი, - ოჯახის, ჩემი საძმაკაცოსი, უცხო ადამიანების, - ჩემი მდგომარეობით გამო შევაწუხე. ეს რომ არ მოხდეს, თურმე შესაძლებელია პრობლემის დროულად აღმოფხვრა. ამიტომ ყურადღებით ვიყოთ საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ.