ავტორი:

"ბევრს უთქვამს, "ოცნების" მომხრე ვარ, მაგრამ იმდენად კარგად მოგაქვს შენი როლი, ტექსტს არც ვუსმენ, ისე გიყურებო" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა: ლადო კუჭუხიძე ოჯახსა და როლებზე

"ბევრს უთქვამს, "ოცნების" მომხრე ვარ, მაგრამ იმდენად კარგად მოგაქვს შენი როლი, ტექსტს არც ვუსმენ, ისე გიყურებო" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა: ლადო კუჭუხიძე ოჯახსა და როლებზე

მისი პერსონაჟები უკვე კარგა ხანია მაყურებლის ყურადღებას იქცევს. ინტერნეტში მილიონობით ნახვა აქვს მის ვიდეოებს... საოცრად ემსგავსება იმ ადამიანებს, ვის პაროდიასაც აკეთებს... იუმორისტი, პაროდისტი, მომღერალი ლადო კუჭუხიძე AMBEBI.GE-ს უყვება როგორ ქმნის ცნობილი ადამიანების პერსონაჟებს, პაროდიებს, როგორ დაკარგა მისი სახით მსუბუქმა მრეწველობამ ინჟინერი და როგორ იპოვა თავი თვითონ ამ ახალ ამპლუაში.

- წყალტუბოს რაიონის ფარცხანაყანევში სკოლაში 2 წელიწადი ვისწავლე, შემდეგ წყალტუბოს მე-2 საშუალო სკოლაში შევედი და სკოლა იქ დავამთავრე. მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩვენთან ლოტბარი მოვიდა, სხვა ბავშვებთან ერთად, მეც ამირჩია და სადღაც 5 წელიწადი ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი. მერე ის ლოტბარი სამუშაოდ სხვა სკოლაში გადავიდა, სადაც მეც გადავყევი. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ სოლისტი გახლდით და ეს საქმე ურიგოდ არ გამომდიოდა. მიხაროდა რეპეტიციები და იქ სიარული. მერე ჩემი სკოლის დირექტორმა რომ გაიგო, სხვა სკოლის სახელით გამოვდიოდი, ეს ამიკრძალა. გული დამწყდა, რომ სიმღერას ჩამომაშორეს, თან ბავშვებსაც შეჩვეული და 4-5 სიმღერის სოლისტი ვიყავი... წყალტუბოში მაშინ სანატორიუმები აქტიურად მუშაობდა და ჩვენი ლოტბარი დამსვენებლებისთვის კონცერტებს ატარებდა, სადაც გუნდები მიჰყავდა. მამიდასთან ვცხოვრობდი, ლოტბარი მომაკითხავდა, კონცერტებზე მივყავდი და უკან მაბრუნებდა. ამას ისე აკეთებდა, რომ ჩემი სკოლის დირექტორს არ გაეგო. ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ სხვა არ გამოჩნდა და ის სოლოები არ ისწავლა. მერე ნელ-ნელა მოვწყდი იმ საქმეს, რაც მიყვარდა.

- მერე სწავლა ქუთაისში გააგრძელეთ?

- კი, ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და იქ ისევ გაცოცხლდა ჩემი მუსიკალური მიმართულება. მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი გავხდი. ვიყავი იქ, სადაც მსახიობობაც მჭირდებოდა, სიმღერაც, სცენარისტობაც და ბევრი რამ. ის ყველაფერი მომეწონა და იმ კლუბის აქტიური წევრი აღმოვჩნდი. გუნდს „შარახვეტიები“ ერქვა. მე და ნიკა არაბიძე საქართველოს ნაკრებშიც ვთამაშობდით და თბილისში ჩამოვდიოდით, სადაც საქართველოს ჩემპიონატში ვერთვებოდით. ყველა უმაღლეს სასწავლებელი მონაწილეობდა. ეს იყო 1995-1996 წლები. კონცერტები ანშლაგებით მიდიოდა, ფილარმონია გულშემატკივრებით ივსებოდა. „შარახვეტიებს“ ყვითელი ჟილეტები გვეცვა და ისეთივე ყვითელი ჟილეტი ჩვენს 200 გულშემატკივარსაც ეცვა ხოლმე, რომლებიც ქუთაისიდან მოგვყვებოდნენ. აზარტული და საინტერესო თამაში იყო. კარგად მახსენდება ის პერიოდი. შემდეგ ბათუმშიც გაკეთდა ნაკრები და იქაც ჩავდიოდით.

- ტექნიკურ უნივერსიტეტში რას ეუფლებოდით?

- მსუბუქ მრეწველობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, - ფაკულტეტს ასე ერქვა - გამომყვანი წარმოების ქიმური ტექნოლოგია და მოწყობილობა. ქსოვილი უნდა გამომეყვანა. ქუთაისში აბრეშუმკომბინატი იყო, მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, იმ წელს ის კომბინატი დაიწვა. გამოვიდა, რომ იმ ფაკულტეტს ფაქტობრივად ტყუილად ვამთავრებდი. ალბათ ამიტომაც შემიყოლია მხიარულთა და საზრიანთა კლუბმა.

- როგორი ბავშვი იყავით?

- ბავშვობაში ცელქი ვიყავი, მაგრამ ცელქის გამომეტყველება არ მქონდა. სულ ვმოძრაობდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი, ვჩხირკედელაობდი და ხელმარჯვე ოსტატი გახლდით. ხის ინსტრუმენტებს ვქმნიდი, - გიტარას, კლავიშებს, ეს უნარი დღესაც გამომყვა. ჩემი ხელით უამრავი რაღაც მაქვს გაკეთებული და შექმნილი. მაგრამ იმის სურვილი, რასაც დღეს ვაკეთებ, ეს ჩემში ალბათ იყო - მომღერლობაც მინდოდა და მსახიობობა. გადმოვიდა, რომ იმ სურვილს ახლა ვიკლავ.

- თუკი ეს სურვილი გქონდათ, "თეატრალურში" უნდა გესწავლათ.

- მაშინ თბილისში უნდა წამოვსულიყავი, იქაც კი იყო რაღაც, მაგრამ მენტალობამ მაშინაც ხელი შემიშალა. მუსიკალურ სკოლაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ მუსიკალური სკოლაში რა გინდა, რესტორანში უნდა იმღერო? ოჯახი რით გინდა, არჩინო? თუ დიპლომი არ გაქვს, გოგო დაგიწუნებს, არ შეგიყვარებსო - ასეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ... დრო იყო ასეთი და ადამიანების შეხედულებაც. ინჟინერი თუ ვიქნებოდი, მათი წარმოდგენით, ხელფასი უეჭველად 300 მანეთი მექნებოდა. მიხარია, რომ დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, - შვილებს შევყურებთ, აბა, რომელ მხარეს წავლენ, რომ იქით გავყვეთ, მხარში დავუდგეთ და გავუნათოთ...

- მოგვიანებით იუმორისტულ შოუებში აღმოჩნდით, ხომ?

- 2006 წელს „შაბათის შოუ“ ახალი დაწყებული იყო, რომ თბილისში ჩამოვედით. "იუმორისტული კლუბი" - ასეთი გადაცემა გააკეთეს. მაშინ უკვე „პიკასოს ბიჭები“ ვიყავით და ქუთაისში ნომრებს ვაკეთებდით. მოკლედ იმ იუმორისტული პროექტების სათავეში დათო გოგიჩაიშვილი იყო, დაგველაპარაკა და სცენარისტებად აგვიყვანა. იმ წელს ასევე „ვანო შოუც“ დაიწყო. მერე იმ ყველაფერს არაერთ პროექტი დაემატა. ასე რომ, ჩემს ხელში ბევრმა პროექტმა გამოიარა...

- და ამდენწლიანი კადრს მიღმა მუშაობის შემდეგ საბოლოოდ კადრშიც გამოჩნდით. თქვენმა მუსიკალურმა პაროდიებმა მაყურებლის ყურადღება თავიდანვე მიიქცია...

- კი, ასე მოხდა. ჯგუფი როცა გავიყავით, "ვანოს შოუ" "მთავარზე" რომ წამოვიდა, ჩვენ და ჩვენ "რუსთავი 2"-ზე დავრჩით, "ნიკა არაბიძის შოუ" გავაკეთეთ. მაგ პერიოდში დაიწყო ჩემი საშემსრულებლო ოსტატობის პერიოდი. პირველი დონ კორლეონე განვასახიერე, გაამართლა, მერე ისეთ რაღაცებს შევეჭიდე, მიკვირდა, ამას ხელი როგორ მოვკიდე-მეთქი. მაგრამ ნებისმიერ პერსონაჟს რომ მოვკიდებდი ხელს, მასში მთლიანად ვერთვებოდი. ბევრი სახე შევქმენი - გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ჯარისკაცის მამა, ასევე სერგო ზაქარიაძის გმირი ფილმიდან „დღე პირველი დღე უკანასკნელი“, ავლიპ ზურაბაშვილი, გიორგი სააკაძე, გიჟუა ფილმიდან "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", სტალინი, ვაჟა-ფშაველა, ზურაბ ქაფიანიძე, ჰამლეტ გონაშვილი, დავით აღმაშენებელი, რეი ჩარლზი, პარუნ ოპსეფა - სპექტაკლიდან „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს,“ სულხან-საბა, გუჯა ბურდულის გმირი „უძინართა მზიდან“, ივანე ჯავახიშვილი, დავით აღმაშენებელი, თემურ წიკლაური, რობერტ ბარძიმაშვილი, „ბაში-აჩუკი“ როლის შემსრულებელი ოთარ კობერიძე, ფიროსმანი, კოსტაია, ჯანსუღ კახიძე, ბიძია-ბაბუა „შერეკილებიდან“...

ნომრებისთვის ტექსტებს სცენარისტები ვწერდით. როცა ერთ პერსონაჟზე ვმუშაობ, იქვე სხვა პერსონაჟის შექმნის იდეაც იბადებოდა. როცა გმირი არჩეულია, შემდეგ მის ხმაზე ვიწყებ მუშაობას - ამაში ხელს მიწყობს ჩემი მუსიკალური ნიჭი. შეიძლება ერთი-ერთში არ მივამსგავსო, მაგრამ მთავარს რომ დავიჭერ, მერე გრიმთან, კოსტიუმებთან ერთად მთლიანობაში უკვე კარგი გამოდის. თან ყველაფერი მცირე დროშია გასაკეთებელი, ღამეები არ მძინავს, ვარ ემოციებში. როცა უკვე ჩავწერ და კარგი გამოვა, მერე ის გაწეული შრომა საეროდ მავიწყდება და უკვე ახლის შესაქმნელად მორიგი ნერვიულობა იწყება. ნომრის მომზადების პროცესში სახლში ხანდახან წამოყვირებები მაქვს, პერსონაჟის ხმას რომ მივაგნებ, მაშინვე უნდა გავაკეთო და მაგ წამოყვირებისას ჩემს შვილებს შეეშინდებათ ხოლმე. გზაზე მანქანით თუ მივდივარ და როლზე ვფიქრობ, შეიძლება იმ ადგილს გავცდე, სადაც მივდივარ. საერთოდ როდესაც რაღაცას გულით ცდილობ, ის აუცილებლად გამოდის.

- ლუკაშენკოს როგორ ჰგავდით?

- ლუკაშენკო რომ გავაკეთე, ერთი სტუდიიდან მეორეში მანქანით მომიწია გადაადგილებამ, რადგან ჩაწერა სხვაგან გვქონდა. გზაში ხალხი გაოცებული მიყურებდა... ვაჟა-ფშაველაზე ლუკაშენკო მოძრაობსო - ყვიროდნენ. მოკლედ, ლუკაშენკო ვიყავი და პუტინს ვუმღეროდი, კარგი ნომერი გამოვიდა... რაც მთავარია, მართლა მაგრად ვგავდი.

- ასეთი დამსგავსება როგორ ხდება?

- ჯერ ერთი, რომ კარგი გრიმიორი გვყავს, ვერა შელესტი, მერე როცა როლზე 4 დღე ფიქრობ, ალბათ სხეულიც გეცვლება. ყველა მეუბნება, როგორ შეიძლება შენმა სახემ ყველაფერი ასე მოირგოსო? ნიკა წულუკიძე ქუჩაში შემხვდა, შენს გამოჩენას სულ ველოდები, ისე სასწაულად აკეთებ ნომერსო. გია ბაღაშვილმა მითხრა, ჰამლეტ გონაშვილი გამორჩეულად მომეწონაო. ზოგიერთ ვიდეოს მილიონები აქვს ნახვა. გრიმს სამ-სამი საათი უნდა. ჩემს თმაში პარიკს ვიწებებ. მერე მისი მოხსნა საშინელებაა...

- სიმღერების ავტორიც ხართ, როგორც ვიცი...

- ბოლო დროს სიმღერების წერაც დავიწყე. „ჩუგლი ჩუგლი პატარა გოგო“ - ამ სიმღერას 16 მილიონი ნახვა აქვს. შემდეგ მოქეიფე კაცი გავაკეთე, დოლ-გარმონზე მღერის - „მოდი, ვიცეკვოთ“ აჭარულ მოტივებზეა. „ჩემი კოხტა ქუთაისიც“ უკვე ჰიტია.

- ოჯახი როგორ გაფასებთ?

- მთლიანად ჩაფლული ვარ ამ საქმეში, მაგას ვხდები, რომ ხანდახან ყურადღება ამის გამო რაღაც დოზით ოჯახის წევრებს აკლდებათ, მაგრამ ყველანაირად ხელს მიწყობენ, მოსწონთ, რასაც ვაკეთებ... მეუღლე თამარ ჟორჟოლიანი სააფთიაქო ქსელების სათავო ოფისში მუშაობს, უფროსი გოგო ქეთო - 14 წლისაა და საბა - 8 წლის. ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება. ქუჩაში თუ ვინმე მიცნობს, არ გამორჩებათ ხოლმე.

მეუღლესთან ერთად

- ქუჩაში ხალხის რეაქციები როგორია?

- მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ იუმორს ვაკეთებ, არ მახსოვს, ვინმეს ამის გამო ქუჩაში საყვედური ეთქვას. "ოცნების" მომხრეს ეს ხომ არ მოსწონს, კომენტარებში რაღაცებს კი წერენ, ზოგი ბოტია, ზოგი - ტროლი, ზოგი - ნამდვილიც არის და წყენას გამოხატავს მის საყვარელ პარტიაზე რაღაცას რომ ვამბობ. ქუჩაში, სუფრაზე, ან უცხო ხალხში არასდროს ყოფილა, ვინმეს რამე ეთქვას, ვისი მომხრეც არ უნდა იყოს, მეუბნება, ამ პერსონაჟებს როგორ აკეთებო. ასეც უთქვამთ - ოცნების მომხრე ვარ, მაგრამ იმდენად კარგად მოგაქვს შენი როლი, ტექსტს არც ვუსმენ, ისე გიყურებო.

- იმ ადამიანებს, ვისაც ასრულებთ, თქვენი როლები რომ ენახათ, მოეწონებოდათ?

- გააჩნია, რომელ პოლიტიკურ მხარეს იქნებოდნენ... ჩემთვის ემოციურად ეს ყველაფერი ბევრს ნიშნავს... თითქოს დავმშვიდდი, მანამდე რაღაც შიგნიდან მღრღნიდა, ლადო, რაღაცები შეგიძლია და იმას ვერ აკეთებო. ის ყველაფერი რომ გავაკეთე, თითქოს ადამიანს დავემსგავსე... ცნობილი ადამიანების პაროდიების გარდა რაღაც განყენებულ პერსონაჟებიც მყავს შექმნილი, მე და ქეთა ხუციშვილიც კარგი წყვილი გამოვედით. მოკლედ, ვწერ სიმღერებს, ვიღებ კლიპებს, ემიგრანტებთან ევროპაში დავდივართ. სხვანაირად გვხვდებიან, ეტყობა, საქართველოდან გამორჩეული სუნი ჩაგვაქვს... ჩვენი ჯგუფთან ერთად სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობთ. მალე ჩვენი ჯგუფის კარგი კომედიური ფილმიც გამოვა. ასეთია ჩემი ცხოვრება.