პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი 23 ოქტომბერს მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.
როგორც გოგიჩაიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ინტერვიუთი კიდევ უფრო აგრესიული გახადა “ქართული ოცნების” აქტივისტები.
“როდესაც შევედი მეტროს ვაგონში, ჯგუფი შევნიშნე, “ქართული ოცნების” დროშა ეჭირა ერთ ადამიანს, საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი იყო, არ იყვნენ ცოტანი. ჩემთვის ვუსმენდი რაღაცას, როდესაც გვირაბში შევედით და ინტერნეტი გაითიშა, მესმოდა რაღაც ხმები - რატომ არ მესალმები, ვერ მიცანი და ა.შ. მივტრიალდი და აბსოლუტურად უცნობი ადამიანი გაურკვეველი სახით რაღაცებს მეუბნებოდა. ცოტა ახლოს მივიწიე, ვუთხარი, საერთოდ არ გიცნობ-მეთქი. ყველა ჩაერთო, დაიწყეს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, რამდენიმე მათგანს ალკოჰოლის სუნიც ასდიოდა, იყვნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები. ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი ოჯახის წევრის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი. იმაზე მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე მეგონა, თუმცა, არც მე დამიკლია. ვაგონი იყო და, როგორც ჩანს, ვერ გამოიყენეს თავისი უპირატესობა.
მატარებელი რომ გაჩერდა და გამოვედი, გამომყვნენ. იყო ორივე მხრიდან გადაძახებები და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. პოლიცია რომ მოვიდა, ის ადამიანები გაიქცნენ.
დღეს გამოაჩინეს ტროლები, მე მაბრალებენ ადამიანებზე თავდასხმას. სიგიჟეებსაც ვიხილავთ ცოტა ხანში ამ თემის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა თავის აგრესიულ, ზიზღით სავსე ინტერვიუში ისეთი სიტყვები გამოიყენა, “შპანასავით” ლაპარაკობდა. აღიარა კიდეც, რომ ჩემი შარა ბიჭები ცოტა გავამხნევეო. როგორც ჩანს, ეს გამხნევება ქვედა დონეზეც ჩავიდა და აგრესიული გახადა თავისი “ინფრასტრუქტურა”, თავისი აქტივისტები, თუმცა ეს არაფრის მომტანია. ის ადამიანები, ვინც გუშინ ამ კონფლიქტში მონაწილეობას იღებდნენ, ყველანი იდენტიფიცირებულები მყავს. ერთ-ერთმა მომწერა, ჩემი უბნელები არიანო, “ვინტავშიკები”, ზოგი მეტადონზე ზის. ამას ხაზს კი არ ვუსვამ და კი არ ვაკნინებ, უბრალოდ ასეთი ადამიანები არიან უმრავლესობა მათგანი.
ნაწილობრივ, მძიმე შესახედიც იყო - ეს არ არის ის ხალხი, რომელსაც ულხინს, ნამდვილად მძიმე სოციალურ ფონზე უწევთ ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი გონება და ცნობიერება ამ პროპაგანდაზეა მორგებული. რაღაც შიშის გამო ხდება, რაღაც - სარგებლის მიღების გამო. იცით როგორი კატეგორიაა? თან თითქოს ქუჩის ბიჭები არიან, თან, რამე რომ იყოს, ჩვენებებსაც დაწერენ ან ინფორმაციას მიიტანენ პოლიციაში, თან პარტიული აქტივისტები არიან, თან რაღაც პროგრამაში იღებენ მონაწილეობას. ერთი სიტყვით, გაუბედურებული, სოციალურად არშემდგარი ხალხია და, როგორც ჩანს, ამ პროპაგანდამ ცოტა პოლიციის გამოყენებით, ცოტა ფულის, ცოტა ძალის, ცოტა მოსყიდვის გამოყენებით ამ ადამიანების ცნობიერებაში შეაღწია და აგრესიულ მასად აქცია. საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამ ადამიანებზე, მაგრამ ვისზეც ვარ გაბრაზებული, ეს არის ივანიშვილი იმიტომ, რომ სწორედ ის არის პრობლემა, თორემ ეს ადამიანები გუშინაც ასე იყვნენ, დღესაც ასე არიან და ხვალაც შეიძლება ასე იყვნენ”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
წაიკითხეთ ასევე: