ავტორი:

"დამნაშავე პუტინის მიწვევა მიიღო და..." - გაერო-ს გენმდივანი რუსეთში BRICS-ის სამიტს ესწრება: გუტერეშისა და პუტინის განცხადებები და კრიტიკა უკრაინიდან

"დამნაშავე პუტინის მიწვევა მიიღო და..." - გაერო-ს გენმდივანი რუსეთში BRICS-ის სამიტს ესწრება: გუტერეშისა და პუტინის განცხადებები და კრიტიკა უკრაინიდან

მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, მაგრამ ოჯახებშიც ხშირად ხდება უთანხმოება, სკანდალები და ჩხუბიც კი, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელმაც BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ერთი ოჯახივით უნდა იცხოვროს.

"ბატონმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩვენ ყველამ ერთი დიდი ოჯახივით უნდა ვიცხოვროთ. ასეც ვცხოვრობთ. ოჯახებში, სამწუხაროდ, ხშირად ხდება უთანხმოება, სკანდალები, ქონების გაყოფა. ხანდახან საქმე ჩხუბამდეც მიდის“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, BRICS თავის ერთ-ერთ მიზნად სწორედ „საერთო სახლში ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას“ განიხილავს.

  • ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა BRICS-ის სამიტზე განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში საჭიროა მშვიდობა და ქვეყნებს მოუწოდა, ერთი დიდი ოჯახივით იცხოვრონ.

"მთელ მსოფლიოში მშვიდობა გვჭირდება. ჩვენ უკრაინაში მშვიდობა გვჭირდება. სამართლიანი მშვიდობა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად მსოფლიოს მშვიდობა ღაზაში, ლიბანსა და სუდანშიც სჭირდება.

„ყველა კონფლიქტი გაერო-ს წესდების ღირებულებების, კანონის უზენაესობის პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობისა და ყველა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ ერთგულების დაცვით უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რუსეთში, BRICS-ის სამიტში გაერო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში ომის დამნაშავე პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ.

22 ოქტომბერს რუსეთში, ყაზანში სტარტი BRICS-ის მე-16 სამიტმა აიღო, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს. აღნიშნული სამიტი ამ მომენტამდე 5 ქვეყნის გაერთიანებას წარმოადგენდა და მასში მონაწილეობას ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა იღებდა. ყაზანში კი სამიტში მონაწილეობას პირველად მიიღებენ ორგანიზაციის ახალი წევრები: ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.