არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე პირის, მათ შორის პოლიტიკოს გიორგი ნონიაშვილის და მისი მეუღლის სოფო გელავას სახლში ჩხრეკას ატარებს, რომელიც Atlantic Council-ის თანამშრომელია.
"ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა - ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა "დივაისი“. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა [მეუღლე]”, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ნონიაშვილი.
ჩხრეკა მიმდინარეობს Atlantic Council-ის კიდევ ერთ თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლში. მის ბინაშიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული.
ჩხრეკის შესახებ ასევე "ფეიბუქზე“ წერს "სტენდაფერი“ ონისე ცხადაძე. მისი თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი და მისი ძმის მიერ ნაქირავებ ფართში.
"ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. "გარაჟის“ დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა. ოქმი იყო ძალიან სასაცილო. ყველაფერზე ეწერა ამოღებულია ლეპტოპი ყავისფერი ჩანთიდან, რომელიც იდო იატაკზე, ამოღებულია ტელეფონი რომელიც იდო იატაკზე... ყველაფერი იატაკზე იდო. მაგიდა და კარადა არ გვაქვს სახლში და ფინანსური პოლიცია დაგვადგა, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, ჩვენ თვითონ ძლივს ვაგნებთ და ამათ საიდან გაიგეს, სად ვცხოვრობთ არ ვიცი, თანდათან გავიხსენებ კიდევ“, - წერს ონისე ცხადაძე.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში . „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.
მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.
იხილეთ ასევე: