"გახარია საქართველოსთვის" წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის "პალიტრანიუსის" გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.
როგორც მისმა თანაპარტიელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს თავდასხმა იმის გამოძახილია, რაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა.
"ლევანი თავს კარგად გრძნობს, ნორმალურად არის, არც ისე ადვილია მისი შეშინება. ცოტა ხნის წინ მქონდა მასთან კომუნიკაცია, ახლა პოლიციის განყოფილებაშია გამოკითხვაზე. ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ცალსახად იმის გამოძახილია, რაც რამდენიმე დღის წინ დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა და, ბუნებრივია, ამას შედეგიც მოჰყვა" - თქვა ცქიტიშვილმა.
მომხდარზე წერს ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეც, ჟურნალისტი ვიკა ბუკია.
"20 კაცი დაესხა თავს ერთს. და მაინც, ვერაფერიც ვერ ქნეს. ლევანი კარგადაა, მეგობრებო, მადლობა ძალიან დიდი. ვინც ფიქრობს, რომ მას ძალადობით დააშინებს, ლევანს საერთოდ არ იცნობს. ამ ბიჭის მომრევი მე ჯერ თვალად არავინ მინახავს და ის ტიტუშკები კი მყავს მოსაკითხი, ოცივე" - წერს ვიკა ბუკია.