ავტორი:

კადრები "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებიდან - რა განცხადებები გაკეთდა სცენიდან

კადრები "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებიდან - რა განცხადებები გაკეთდა სცენიდან

"თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

  • მანამდე რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართა ბარათაშვილის ხიდიდან.

ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე, სადაც სცენაა დამონტაჟებული, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავენ.ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია.

  • სცენიდან მოქალაქეებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:

"ჩვენი, ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად ევროპული გუნდის ალტერნატივაა სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია, რომლებიც არა მხოლოდ უცხოელი აგენტები, არამედ ქართული კულტურისა და ღირსებისთვის სრულიად შეუფერებელი უსამშობლო ადამიანები არიან.

საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. აქ სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი.

26 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ყველა ერთად და ყველას ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ჩვენი ულამაზესი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს. სიძულვილითა და მტრობით დანგრეულს ჩვენ სიყვარულით ავაშენებთ, ჩვენ სიყვარულით გავამთლიანებთ საქართველოს და სიყვარულით შევქმნით ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ნათელ მომავალს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ".

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე:

"მეგობრებო, ამ ქალაქს სამშობლოს ერთგულება არასდროს შეშლია, ყოველთვის იდგა იქ, სადაც წყდებოდა ქვეყნის და დედა ეკლესიის ბედი. სამშობლო და სარწმუნოება განუყოფელია ქართველი კაცისთვის. თქვენ ხართ საქართველო და თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ უნდა გაიყვანოთ სამშობლო სამშვიდობოს!

გიყურებთ და მახსენდება ის დრო, როდესაც 12 წლის წინ, იმედით აღსავსეები შევიკრიბეთ ზუსტად ამ ადგილას და ერთმანეთს ვუთხარით, რომ აუცილებლად დავასრულებდით სისხლიან რეჟიმს, უსამართლობას და ბოროტებას, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ ეს შევძელით და რაც მთავარია, შევძელით უსისხლოდ და მშვიდობიანად. მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, გათავისუფლდა მედია, გათავისუფლდა ბიზნესი, აღარავინ აწამებს და ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე სახელმწიფოს სახელით. შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, თავისუფლება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა და სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კი არ ჩაგრავს და შეურაცხყოფას აყენებს, არამედ ზრუნავს და მხარს უჭერს მათ!

ჩვენ, ყველამ ერთად, ამ 12 წლის მანძილზე დიდი გზა გავიარეთ, უამრავი რეფორმა გავატარეთ და დღეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველა ობიექტური პარამეტრით იმსახურებს ევროპულ მომავალს. ვისაც ამის დანახვა სურს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია დაინახოს. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი, ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, არ დაითმობა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები და მეგობრები".

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი:

"კრიმინალ სააკაშვილსა და ძველ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დროს აღარ დავხარჯავ. მეორე პარტია, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ ეკუთვნის რეჟიმის ჯალათ პროკურორს, მედია-ტერორის ავტორ, კრიმინალ გვარამიას და მეორე კრიმინალს, „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე მელიას. მესამე პატარა პარტია, ამ ორის დანამატია და ის ეკუთვნის სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ფინანსურ ჯალათად წოდებულ ბიზნესის რეკეტიორს და მოროდიორს, ასევე კრიმინალს და თაღლითობაში ოფიციალურად მხილებულ ხაზარაძეს. ხოლო, მეოთხე პარტია, წინა სამის დანამატია და ეკუთვნის საკუთარი გუნდისა და სამშობლოს მოღალატეს, გიორგი გახარიას. სწორედ ხაზარაძის და გახარიას მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბარიერის გადალახვა და აგენტურის კოალიციაში შესვლა და დღეს, ყველაზე მეტად, სწორედ ისინი ეხმარებიან მთავარ კრიმინალ სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს, შენიღბული ფორმით, აგენტურის კოალიციის სახით ხელისუფლებაში დაბრუნებაში; ხოლო, აგენტურის კოალიციის მთავარი მიზანი, ჩვენთვის ცნობილია: უცხო ძალების დავალების შესრულება, სანქციებზე მიერთება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს. მათი მიზანია, საქართველოს ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევა, რაც ნიშნავს საქართველოს ავღანეთიზაციას, უკრაინიზაციას, ეს ნიშნავს ქვეყნის სრულ დანგრევას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ჩვენი ახალგაზრდების ომში წაყვანას და ჩვენი ხალხის განადგურებას. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე, უნდა გადავდოთ ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ!".

განვლილი 12 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. და დღეს, დღესავით ნათელია, იმხელა განსხვავებაა 2012 წლის საქართველოსა და 2024 წლის საქართველოს შორის, როგორც შავი და თეთრი, ისეთი განსხვავებაა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავათავისუფლეთ მედია და ბიზნესი, სამჯერ გაიზარდა ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და 12 წელში, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თანაც, ამ ყველაფერს, მივაღწიეთ ურთულესი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში, მტკიცედ და ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით, მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით და რაც მთავარია, ომის გარეშე - ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების გარეშე, რითაც ჩვენ ღირსეულად შევასრულეთ საპატიო მოვალეობა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა".

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი:

"ჩვენ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, მისი დიდებული კუთხეები, ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით, შევხვდით უამრავ გულანთებულ პატრიოტ ქართველს, რომლებსაც ყოველგვარი დათქმების გარეშე უყვართ თავისი ქვეყანა, ალალად, გულწრფელად, თავდადებით. და დღეს, ჩვენი ერთობა დაგვირგვინდა საქართველოს გულში, ჩვენს მრავლისმნახველ, მრავალჭირგადახდილ, ამაყ, ქედმოუხრელ და უდრეკ დედაქალაქში.

აქ ყველაზე ძლიერად ისმის ქვეყნის გულისცემა. აქ ერთიანდება ჩვენი წარსული და აწმყო. აქ იწერება ჩვენი ისტორია. ქართველების ისტორია, რომელიც გოლიათთან მებრძოლი დავითის ისტორიაა. ასე გვარგუნა ბედმა და განგებამ. ასე იყო უწინ და ასეა დღესაც".

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ფოტოები: ინტერპრესნიუსი