ავტორი:

"არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ..." - ცნობილი ხდება ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები: რას ამბობენ ბრალდებული და საქმის პროკურორი

"არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ..." - ცნობილი ხდება ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები: რას ამბობენ ბრალდებული და საქმის პროკურორი

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის საქმის პროკურორი მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

  • როგორც გრიგოლ ბიბილაშვილმა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის წარდგენისას განაცხადა, მომხდარის მოტივი გასული წლის სექტემბერში მომხდარი ფაქტია.

პროკურორის თქმითვე, შემთხვევის დღეს, იოსებ ბალარჯიშვილის გარდა, თანმხლები პირები მოკლულ ტატო ფირცხალაიშვილსაც ჰყავდა. შესაბამისად, მათ დასადგენად და დასაკავებლად, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“შემთხვევა 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ბრალდებული მეგობრებთან ერთად, “ლენდ როვერის“ ავტომანქანით ტატო ფირცხალაიშვილთან შესახვედრად მივიდა. ბალარჯიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფირცხალაიშვილს გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. დაპირისპირებას წინარე პირობები უძღოდა, ფირცხალაიშვილს მოლოდინი ჰქონდა, რომ საფრთხე არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, ერთი ტყვია გულ-მკერდის და მეორე წელის არეში მოხვდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

სროლის შედეგად ავტომანქანებიც დაზიანდა. ბრალდებულებმა ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე დატოვეს, ავტომანქანიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

“არაფერი ხდება მოტივისა და მიზეზის გარეშე. ვარაუდის დონეზე მონაცემებია, რომ გასული წლის სექტემბერში, იოსებ ბალარჯოშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. არის ინფორმაცია, რომ ბალარჯიშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გარდაცვლილს ინფორმაცია გააჩნდა. ეს გამოძიების მიერ მოწმდება და აღნიშნული გარემოების სრულყოფილი გადამოწმება მოხდება.

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბალარჯიშვილმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, რაც განზრახ უქმნიდა სხვათა სიცოცხლეს საფრთხეს. არსებობს ვარაუდი, რომ მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იარაღი და ატარებდა.

ორმხრივი სროლა იყო, დაიჭრა თავად ბალარჯიშვილიც მარცხენა ფეხის მხარეს. გამოძიების მონაცემებით, მეორე მხარეს სხვა პირებიც იყვნენ, რომელთა დადგენისა თუ დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ბიბილეიშვილმა.

  • მისივე განმარტებით, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა დანაშაულის შესახებ იცოდნენ. პროკურორის თქმითვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები შემთხვევის ადგილზე ყოფნას უარყოფენ, თუმცა ეს მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება.

სახელმწიფო ბრალდება ოთხივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობიდან გაირკვა, დაკავებული პირებიდან ყველა მათგანი ნასამართლევია.

მათ შორის, დავით მაჭარაშვილი განზრახ მკვლელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ცივი იარაღის ტარებისთვისაა ნასამართლევი. ჯემალ ფირანიშვილი ძარცვისა და ნარკოტიკული დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. გიორგი ბუბუტეიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის საქმეზეა ნასამართლევი.

  • ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებული იოსებ ბალარჯიშვილი ბრალს არ აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ განაცხადა.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ უდანაშაულოა. პაჭკორიას თქმითვე, ბალარჯიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომ დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას არ დაეთანხმა. სასამართლოში პოზიცია კლინიკა "ჰელსიკორიდან“ დააფიქსირა მკვლელობაში ბრალდებულმა ბალარჯიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი წარსულში ნასამართლეობა საქმესთან კავშირში არაა.

  • "ნაღიარები არ მაქვს დანაშაული. წარსულში ნასამართლევი რომ ვარ, ახლა რა შუაშია?!“- განაცხადა ბალარჯიშვილმა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა განმარტება, რომ იოსებ ბალარჯიშვილი ხულიგნობის, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეა ნასამართლევი.

პროკურორის შუამდგომლობას პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დანარჩენი დაკავებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ.

მათი განმარტებით, ბრალდებულებმა დანაშაულის შესახებ არ იცოდნენ და მათ არც მიმალვა უცდიათ.

  • ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ 37 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, იოსებ ბალარჯიშვილი კი დაიჭრა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ბალარჯიშვილი მკვლელობის ბრალდებით, მისი თანმხლები პირები კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მკვლელობა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევის დღეს ჩხუბში მონაწილე მხარეები ერთმანეთს თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდნენ. პროკურატურა დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიებას აგრძელებს.

იოსებ ბალარჯიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სამ ბრალდებულს -

დავით მაჭარაშვილს, ჯემალ ფირანიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: