"თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმრობა რუსული მოვლენაა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი და ცოლ-ქმრობა არის რუსული მოვლენა. სასაცილოა უბრალოდ, აბსოლუტურად სასაცილო", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც "ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის შინაარსის, რუსეთში 2018 წელს გამოყენებულ საარჩევნო კლიპთან დამთხვევას ეხებოდა.
"მიხარია, რომ ამ საკითხით დაინტერესდით და მიხარია, რომ ბევრი აზიარებს - ჩვენს კლიპს ნახავს ბევრი ადამიანი და განსაკუთრებით თქვენმა მაყურებელმა [ტელეკომპანია "ფორმულას“] უნდა ნახოს ეს კლიპი ბევრჯერ. უნდა ნახოს, ვინ დგას მეორე მხარეს. მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებმაც წამების სისტემა შექმნეს, მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ხონჩით ართმევენ უცხო ძალებს. ეს ხალხი დგას მეორე მხარეს და დიახ, 26 ოქტომბერს ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე. სხვა დანარჩენ სასაცილო კითხვებზე ვერ გიპასუხებთ.
სასაცილოა ცოლ-ქმრობის გამოცხადება რუსულ მოვლენად, თუკი ეს არის თქვენი იდეოლოგია, მაშინ რაღა უნდა თქვა. კიდევ ერთხელ, მადლობა! გაავრცელეთ ეს კლიპი - რაც შეიძლება ბევრმა უნდა ნახოს, იმიტომ, რომ მიხვდნენ, საერთო ჯამში, რა ჭაობს და რა ბოროტებას აძლევენ ხმას ისინი, რომლებიც შეიძლება თქვენი მაყურებლები თუ მომხრეები არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.